საქველმოქმედო პროექტების გამოცდილება საქართველოში

საქართველოში მცირემასშტაბიანი საქველმოქმედო ინტერნეტფონდი პირველად 2012 წელს დაარსდა და მას „ბორანი“ ერქვა. საქველმოქმედო ფონდი ორი ადამიანის – ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და განათლების მკვლევარის, სიმონ ჯანაშიას ინიციატივით შეიქმნა.
ფონდი ითვალისწინებდა მხოლოდ მცირე დაფინანსებას, 500-800 ლარის ფარგლებში და საყოფაცხოვრებო ნივთების შესყიდვას ემსახურებოდა. მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივი იყო: ერთი მხრივ, ადამიანები ვებგვერდზე წერდნენ თავისი საჭიროების შესახებ, თავსდებოდა კონკრეტული პირის ფოტო და ნივთის შესასყიდად საჭირო თანხის რაოდენობა. მეორე მხრივ, ადამიანი, რომელსაც ქველმოქმედების სურვილი ჰქონდა, შედიოდა გვერდზე და ირჩევდა იმ ადამიანს, ვისი დახმარების სურვილიც გაუჩნდებოდა.
იდეა ემსახურებოდა საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებასა და უბრალოდ, სიკეთის კეთებას.
“ბორანი”

„ბორანი“ 2012 წელს დაფუძნდა და ორი წელი მუშაობდა აქტიურად. ამ დროის განმავლობაში დაფინანსდა ოთხმოცზე მეტი პროექტი და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივამ გაამართლა.
ლევან ღამბაშიძე, პროექტ “ბორანის” დამფუძნებელი:
“პროექტმა რეალურად გვაჩვენა, რომ „ხალხი რა დღეშია“-ს ლაპარაკის ნაცვლად, შესაძლებელია, თუნდაც მცირედი ფინანსური შენატანით, სახლიდან გაუსვლელად ადამიანების დახმარება.
პროექტი “ბორანი” შეჩერდა ძალიან მარტივი და სამწუხარო მიზეზით, დროის უქონლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამართული იყო და შედარებით მცირე მენეჯმენტს მოითხოვდა, მისი ეფექტიანი და გამართული მუშაობა ჩვენი მხრიდან თითქმის მუდმივ ჩართულობას საჭიროებდა.
როდესაც პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, გვქონდა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით, სრულიად უსასყიდლოდ დაგვეთმო საკუთარი დრო ამ საქმისთვის. თუმცა მოგვიანებით ეს ვეღარ შევძელით, რის გამოც პროექტი შეჩერდა. ინტერნეტგვერდი ახლაც არსებობს. გვაქვს სურვილი ის კვლავ ავამოქმედოთ და ველოდებით შესაბამის დროსა და პირობებს.
Wehelp.ge

wehelp.ge – საქველმოქმედო ვებგვერდი, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს.
ბორის კიკნაძე, დამფუძნებელი და დირექტორი:
ფონდის იდეა გახლდათ ქველმოქმედების ალტერნატიული გზების დანერგვა და რაც მთავარია, იმ ადამიანთა დახმარება, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ფონდი, ძირითადად ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობს და, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივამ გაამართლა, რადგან 100-ამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა ფონდის დახმარებით.
საქველმოქმედო ფონდის შექმნის საწყის ეტაპზე სირთულეს წარმოადგენდა ნდობის მოპოვება, რადგან ტრადიციული ფონდების საქმიანობა საკმაოდ ბუნდოვანია. ყველაზე დიდი აქტივობა 2014 – 2015 წლებში შეინიშნებოდა, რადგან ამ დროისათვის უკვე ჩვენი ცნობადობაც გაიზარდა და ისე მოხდა, რომ ხანგრძლივი მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად, კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომელიც ათავისუფლებდა ჩვენს ბენეფიციარებს 20%-იანი ბეგარისაგან.
იმისათვის, რომ ამ ტიპის ფონდებმა ეფექტიანად იმუშაონ, აუცილებელია დაუღალავი გუნდური მუშაობა. მოხალისეები სათითაოდ დადიან ბენეფიციარებთან, იღებენ ვიდეორგოლებს, აქტიურად მართავენ სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდს. ასევე ვთანამშრომლობთ მედიასაშუალებებთან, ვაწყობთ საქველმოქმედო აქციებსა და კონცერტებს.
პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ხშირად ბენეფიციარები და მათი ახლობლები მთლიანად ეთიშებიან პროცესებს. რადგან ჩვენ თავზე ვიღებთ მკურნალობის თანხის შეგროვებას, თვლიან, რომ მათი მხრიდან აღარავითარი აქტივობა არ არის საჭირო.
საზოგადოების ჩართულობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მეტად აქტიური იყოს. იმედია, მოვა დრო, როდესაც ასეთი ინიციატივები საერთოდ აღარ იქნება საჭირო, თუმცა ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა.
პროექტი “განჯინა”

2015 წელს გრიბოედოვის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის გარე კედლის ნიში „განჯინას“ დაეთმო. „გაიღე და მიიღე“ – ეს იყო ამ სივრცის მთავარი პრინციპი და მისი ავტორები „ბორანის“ დამფუძნებლები – ლევან ღამბაშიძე და სიკო ჯანაშია არიან.
ლევან ღამბაშიძე, პროექტის დამფუძნებელი:
განჯინას რაც შეეხება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო, რაც კი გაგვიკეთებია. პრინციპი ძალიან მარტივია: გრიბოედოვის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის შენობის ერთ-ერთ ნიშში დავამონტაჟეთ საჯარო თარო, სადაც ადამიანები ნივთებს ტოვებდნენ და პირიქით, მათთვის საჭირო ნივთს იღებდნენ.
თავიდან ვეჭვობდით, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა საგნების გაცვლის ეს მეთოდი ქართული რეალობისათვის, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, მსგავსი რამ ისედაც ხდება, როდესაც ადამიანები სხვადასხვა საგანს ნაგვის ბუნკერში კი არ ყრიან, არამედ მასთან ახლოს ათავსებენ, რათა ვინმე მსურველმა შეძლოს მისი გამოყენება.
ახლა, აკადემიის შენობას რესტავრაცია უტარდება, რის გამოც განჯინა აღარ ფუნქციონირებს. თუმცა, სამხატვრო აკადემიის რექტორთან სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რომ რესტავრაციის შემდეგ, კვლავ მოინახება ადგილი ახალი „განჯინასათვის“.
„განჯინამ“ უდავოდ გაამართლა, თუმცა გამოიკვეთა ერთი, არცთუ სასიამოვნო, გარემოება: ჩვენმა მოქალაქეებმა ვერ გაიაზრეს კარგად განჯინის იდეა და ხშირად გვწერდნენ, “მოდით და ჩვენს ქუჩაზეც გაგვიკეთეთ განჯინა…” ამის პასუხად ვთავაზობდით ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას, თუმცა საკუთარ ფიზიკურ ჩართულობაზე უარს ვამბობდით, რადგან ვთვლით, რომ ხალხმა თავად უნდა მიხედოს და იზრუნოს საკუთარ სასიცოცხლო გარემოზე და ინიციატივებს სხვებისგან არ უნდა ელოდებოდეს.
სოციალური მაცივარი

პირველი სოციალური მაცივარი 2015 წელს გორში დაიდგა. „იყავი სოლიდარული და შენთვის უკვე ზედმეტი საკვები, ხილი, ტკბილეული ან პური გაუზიარე მათ, ვისაც უფრო სჭირდება. ასე ერთად შევძლებთ, რომ ჩვენს ქალაქში არც ერთი ადამიანი არ იყოს მშიერი!“ – ასეთი იყო გორის ახალგაზრდული მოძრაობის, „დროას“ მთავარი მოწოდება. გორის სოციალური მაცივრების მაგალითი გადაიღეს სხვა ქალაქებმაც და ისინი რუსთავში, ოზურგეთსა და თბილისშიც გაჩნდა. გარდა თბილისისა, სადაც ეს მაცივარი ერთ-ერთი ღვინის კომპანიის ინიციატივით დაიდგა, დანარჩენ ორ ქალაქშიც აქციის ინიციატორები ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები არიან.
ისევე როგორც „ბორანი“ ან „განჯინა,“ სოციალური მაცივარი, გარდა მშივრების დაპურებისა, მოსახლეობის სოციალურ ჩართულობასა და პასუხისმგებლობის განვითარებას გულისხმობს.
რამდენად გაამართლა ამ პროექტებმა ორი წლისთავზე?
რუსთავსა და გორში ეს მაცივრები დღემდე დგას. თუმცა, ორივე ქალაქში მოსახლეობის ჩართულობა საწყის ეტაპზე უფრო იგრძნობოდა. ახლაც არის დღეები, როდესაც მაცივარში საკვებს დებენ, თუმცა ხანდახან ისინი ცარიელიცაა.
კატო ქოთოლაშვილი, ახალგაზრდული მოძრაობის, „დროას“ წევრი:
“გათვლა გვქონდა მოსახლეობის ჩართულობაზე. გვინდოდა, შედარებით უზრუნველყოფილი საზოგადოება მეტად სოლიდარული გამხდარიყო მათ მიმართ, ვისაც უკიდურესად უჭირს.
ილუზია, რომ ეს მაცივრები ყოველდღიურად სავსე იქნებოდა, ცხადია, არ გვქონია, თუმცა ამაზე მეტ აქტიურობას ნამდვილად ველოდით”.
ეთუნა ცოტნიაშვილი – რუსთავი:
რუსთავში, გორის მაგალითზე, სოციალური მაცივარი ქალაქის ყველაზე დიდი სუპარმარკეტის წინ დგას. ელექტროენერგიის ხარჯებს მაღაზია იღებს თავის თავზე, ხოლო საკვების რაოდენობა უკვე ადამიანების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
რომ ვფიქრობდეთ, რამდენი საკვები იყრება რესტორნებიდან, ან გნებავთ, ჩვენი ოჯახებიდან იმ დროს, როცა ირგვლივ ბევრი მშიერი ადამიანია, ეს მაცივარი სულ სავსე იქნებოდა. უცნაურია, რომ დასაწყისში უფრო აქტიური იყო მოსახლეობა.
ახლა არ ვიცი, რა ხდება, თითქოს რესტორნიდან ან სახლიდან მაცივრამდე მისვლა და საკვების მიტანა ეზარებათ…
ვერ ვიტყვით, რომ მაცივარმა არ გაამართლა, მაგრამ ის, უფრო “მეტ-ნაკლებობის” პრინციპით მუშაობს…
მაცივრებთან მიმართებაში ლაპარაკი არის რისკებზეც, რადგან პროდუქტის ვადის გადამოწმება, ხშირ შემთხვევებში ვერ ხერხდება და სწორედ ამ მიზეზით საკვების უსაფრთხოების დეპარტამენტმა ოზურგეთის საინიციატივო ჯგუფს მოსთხოვა მაცივრის გაუქმება.
შოთა ჯაბუა – ოზურგეთი:
ოზურგეთში სულ თვე-ნახევარი იდგა მაცივარი და ის საკმაოდ დატვირთული იყო. მიჭირს თქმა, ასე გაგრძელდებოდა თუ არა… მაცივარი საკვების უსაფრთხოების დეპარტამენტის მოთხოვნით დავხურეთ, რადგან მათი აზრით, მოწამვლის რისკები საკმაოდ მაღალი იყო. რბილად რომ ვთქვათ, ეს მცდარი ნაბიჯია, რადგან არავინ იცის, და არც არავინ ინტერესდება, ეს ხალხი რა სიხშირით იკვებება, ანდა რა ხარისხის საკვებს იღებს…
2016 წელს თბილისში სოციალური მაცივარი, “ქართული ღვინის კომპანიის” ინიციატივით, გორისა და რუსთავის მაგალითზე, კომპანიის ოფისის გვერდით, თამარაშვილის ქუჩაზე დაიდგა. სოციალური მაცივარი ძალიან კარგად მუშაობდა და როგორც კომპანიის თანამშრომელმა (გვთხოვა სახელი არ გაგვემხილა, რადგან კომპანიის სახელით საუბრობდა) გვითხრა, პროდუქტის “დადებას ვერ ასწრებდნენ”.
მალე მაცივარს ძრავა გაუფუჭდა, ხოლო მისი შეკეთების შემდეგ “ვიღაც ქალმა გადააყირავა” …მოკლედ, ამ მაცივარს მეთვალყურეობა და ცალკე ადამიანური რესურსი სჭირდებოდა, რისი საშუალებაც, როგორც აღმოჩნდა, “ქართული ღვინის კომპანიას” არ ჰქონდა…

