სერფინგი: ზღვაზე გამარჯვების ხელოვნება
ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი
ზღვაზე გამარჯვების ხელოვნება,
ანუ
როგორ გვენატრება ზღვა შვებულების შემდეგ.
სერფინგი ჩვენთვის სპორტის ეგზოტიკური სახეობაა და მასზე წარმოდგენა ხშირად არა პირადი სპორტული გამოცდილებით, არამედ იმ ცხოვრების წესის საშუალებით გვექმნება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სერფინგის დაფის ირგვლივ ყალიბდებოდა.
ტალღის მართვის ხელოვნება, ტალღაზე ამხედრების ან მასზე სრიალის ხელოვნება… ეპითეტი მრავალია და ყველა მათგანი რომანტიკულ ასოციაციებს ბადებს.
მრავალი ათასწლეულის განმავლობაში სერფინგი განვითარებული სამყაროსთვის უცნობი და შემდგომში ეგზოტიკური სპორტი იყო. მის საფუძვლებს პოლინეზიამდე მივყავართ: 3000 წლის წინ მეთევზეები დაფას ისე იყენებდნენ, როგორც გადაადგილების მოსახერხებელ საშუალებას. ეტაპობრივად კი სერფინგი მრავალი ადგილობრივის „საყვარელ საქმიანობად“ ჩამოყალიბდა.
პირველი ოფიციალური ჩანაწერი სერფინგის შესახებ კაპიტან ჯეიმს კუკს ეკუთვნის, რომელშიც ის ტაიტელ სერფერს აღწერს. მისი ქრონიკა ასე სრულდება: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი [სერფერი] განიცდიდა უზენაეს სიამოვნებას, როდესაც დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა ტალღის სისწრაფით.“ პოლინეზიიდან სერფინგის კულტურა ჰავაიზე გავრცელდა და ვიდრე ეს ტერიტორია განვითარებული სამყაროსთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, ტალღაზე ამხედრების ხელოვნება და მისი სამზადისი სპირიტუალურ რიტუალებსაც მოიცავდა. ამასთან, გადმოცემის თანახმად, მისით მაღალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ დაკავებულები – როგორც მამაკაცები, ისე ქალები.
მსოფლიოს მკვიდრები, 1888. გ.თ. ბეთანი
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი სერფინგის კულტურით დაინტერესება, აღფრთოვანება და მისი გავრცელება მსოფლიოს დღის წესრიგში დგება. 1907 წელს გამოქვეყნებულ ესსეში ჯეკ ლონდონი სერფინგს „სამეფო სპორტადაც“ კი მოიხსენიებს.
ჰავაი. ტალღებზე ამხედრებული, 1921. ჩ. ბარტლეტი
ჯეკ ლონდონის და მარკ ტვენის შემდეგ, შედარებით გვიან, აგატა კრისტიც თავად ცდის სამეფო სპორტს.
აგატა კრისტი უაიკიკიში, 1922. კრისტის არქივის საკუთრება
დასავლეთ პოლინეზიასა და ჰავაისთან ერთად მსოფლიოზე ინიშნება სერფინგის ახალი წერტილები: ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკაში: ჩრდილოეთ კაროლინის შტატი და, რა თქმა უნდა, კალიფორნია…
ალბათ, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სერფინგი იბრუნებს „კონტექსტუალურ“ მნიშვნელობას – თუ ადრე ის რიტუალური ხასიათის იყო, მეოცე საუკუნეში აყალიბებს სერფინგის კულტურას, სერფერების და მათით აღფრთოვანებული საზოგადოების ცხოვრების წესს. ამ ცხოვრების წესის საუნდთრეკს ქმნიან მუსიკალური ბენდები: The Beach Boys, The Surfaris, The Shadows და სხვა მრავალი.
ბუნებრივია, მუსიკის გარდა სერფინგის კულტურის იმპულსები „კარნახობდა ინსპირაციას“ საზღვაო კოსტიუმების დიზაინერებსაც და რაც მთავარია, ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე მხატვრებს. ამ მხრივ დამკვიდრდა კიდეც ტერმინი – Surf Art. დოკუმენტური ფოტოგრაფიის პარალელურად, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობა წარმოადგენს მრავალ მხატვრულ ნაწარმოებს, სადაც ზოგჯერ ტალღაზე გამარჯვების პროცესია ასახული, ზოგჯერაც ეს სულისკვეთება აბსტრაქტულადაა გადმოცემული.
ამ მხრივ, საინტერესოდ მეჩვენა თანამედროვე ხელოვანის, მეთიუ ალენის ნამუშევრები.
Trestless Twilight
Trestless Twilight
Yonder
Moondance
Bricks
Twilight
The Lane
Tick
1960 წელს სან დიეგოში დაბადებული მხატვრის და პრინტმეიკერის, კევინ ე. შორთისთვისაც სერფერთა სუბკულტურა და რიკ გრიფინის ქუჩის პოსტერები ინსპირაციის და, ალბათ, უფრო, მხატვრული კვლევის საგანი ხდება, რომელთაგან სპილენძზე შესრულებული შერეული ტექნიკის ნამუშევრები თემის კიდევ ერთი ალტერნატიული მხატვრული კომენტარებია.
Copper Evening Sparkle
Copper Walk
Copper Boy Wander
Copper Middle Knee Fire
ხოლო მისი ფერწერა ალუზიაა იმპრესიონისტულ ტექნიკასთან (შესაძლოა განცდასთანაც კი). ალბათ, ცოცხალ გარემოში მისი ნამუშევრების ნახვა, გამოსახულებასთან ერთად, ცნობიერებასაც ბუნდოვანს და მშვიდს ხდის.
Dreams of the Butterfly
A Capella
Gold Exchange
Summer Joys 1
Henry’s Dog Beach
1990-იანების და 2000-იანების საქართველოში, ყველას კარგად გვახსოვს საღამოს 8 საათი, როდესაც ტელევიზიის საშუალებით ლათინურ ამერიკაში, ბრაზილიაში ვახერხებდით გვემოგზაურა. ერთ-ერთი ტელენოველის ქუდი სწორედ შორთისეულ მხატვრულ ესთეტიკას იმეორებს.
თუმცა, ამ წლებში სერფინგის კულტურის შემოჭრა ნაცრისფერ საქართველოში ალბათ, სატელევიზიო შოუს – „მაშველების“ საშუალებით მოხდა ყველაზე კარგად.
სერფინგის კულტურის „წიაღში“ განვითარდა კონტროვერსიული ნამუშევარიც: მარკ პეტერსონმა 2011 წელს შექმნა კედლის მხატვრობა – „სერფერი ღვთისმშობელი“, მესიჯით: „დაიცავით ოკეანე“. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი კათოლიკე მღვდელი აღფრთოვანდა ამ ნამუშევრით და მოითხოვა კიდეც მისი ეკლესიაში გამოფენა, ნამუშევრის ირგვლივ შექმნილი დისკურსი საკმაოდ მწვავე იყო (ის დროებით ჩამოხსნეს კიდეც). დღეს ის, ორიგინალ ადგილთან ახლოს, ენკინიტას ბულვარზეა განთავსებული.
სერფერი მადონა, 2011. მარკ პეტერსონი
მხატვრულ ნამუშევრებთან ერთად, ის, რაც ტალღაზე ამხედრების ხელოვნებას შეძლებისდაგვარად სრულყოფილად აცნობს დაინტერესებულ პირს, დოკუმენტური ფოტოგრაფია და ვიდეო მედიუმია. ბევრი მათგანი ამ ხელოვნების ვარსკვლავების (როგორებიც არიან: დეინ რეინოლდსი, ჯოელ პარკინსონი, კელი სლეტერი და სხვ.) ცხოვრებასა და გამოცდილებაზე გვიყვება. სრულ და მოკლემეტრაჟიან ფილმებთან ერთად, ინტერნეტ-სერფინგის დროს შეხვდებით ვიდეოებსაც, სადაც ამ ადამიანის ეპიკური ილეთებია დაფიქსირებული.
შემდეგი ვიდეო აჩვენებს ამერიკელი სერფერის, ენდი აირონსის (1978-2010) „საზღვაო ლაშქრობებს“:
ჩემთვის ასევე საინტერესო იყო გავცნობოდი სერფინგის გეი კულტურას. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აქაც იმავე პრობლემებს ვაწყდებით, როგორც ეს სხვა სპორტის თუ ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების შემთხვევაში ხდება. ამ საკითხს ეხმიანება იან ვ. ტომსონის 2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმიც – Out in the Line-up. კინემატოგრაფიული ძალისხმევის პარალელურად, ფუნქციონირებს ვებპლატფორმაც: guysurfers.net, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან სერფინგის კულტურით დაინტერესებული სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს (და არა მხოლოდ) შეუძლიათ გაწევრიანდნენ, მობილიზება გაუკეთონ ადგილობრივ შეხვედრებს და ა.შ.
მაშინ, როდესაც ქართველების უმეტესობა, არათუ სხვისი პირადი ცხოვრებითაა უკმაყოფილო და სხვის მიერ სამკლავურის გაკეთება-არ გაკეთებას პირადი ღირსების ჭრილში განიხილავს, სერფინგის სუბკულტურაში ჩვენ უკვე „ჩვენი“ ვარსვლავებიც გვყავს. ერთ-ერთი ასეთია კორი შუმახერი. ის SeaLevel TV-სთან ინტერვიუში საუბრობს, რომ მის ბავშვობას სამი ინსტიტუცია აყალიბებდა: სერფინგის კულტურა, ეკლესია და ოჯახი. დედ-მამის განქორწინების შემდეგ ეკლესიამ, რომელიც, წესით, ოჯახის სიმყარის ერთგვარი გარანტი იყო, აქტუალობა დაკარგა. დარჩა სერფინგი, როგორც თვითშეფასების ამაღლების და თავისუფლების მოპოვების ერთადერთი იარაღი. დღეს უკვე მრავალი პრიზის მქონე ლესბოსელი სპორტსმენი საკუთარ კამპანიას აანონსებს ქალაქ კარლსბადის მერის პოზიციაზე.
სერფინგს ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ: ზღვაზე გამარჯვების ხელოვნება, და ამით კიდევ უფრო გავამყაროთ მისი კავშირები მხატვრულ-ინტელექტუალურ გამოცდილებებთან (ალუზიები 1913 წლის ფუტურისტულ ოპერასთან – „მზეზე გამარჯვება“)… და თუ ვერ მოვახერხებთ დავტკბეთ სერფინგით, როგორც პირადი სპორტული გამოცდილებით, მისით შეგვიძლია მივიღოთ სიამოვნება, როგორც ხელოვნებით… თან იმ პირობებში, როდესაც შვებულებიდან სამსახურებს ვუბრუნდებით.
საღამოს ცხრა საათი. შუქი წავიდა.