fbpx

ლენი რიფენშტალი – პროპაგანდისტი და რეჟისორი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

ლენი რიფენშტალი – ნაცისტების პროპაგანდისტი ქალი რეჟისორი, რომლის შემოქმედება ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საგანია კინოკრიტიკოსებს შორის. ვინ იყო ის, მაგიური ფაშიზმის ფუძემდებელი, ნაცისტების პროპაგანდისტი თუ უბრალოდ ესთეტი კინორეჟისორი? რატომ არის დღემდე ტაბუდადებულად მისი ფიგურა გერმანიაში და რატომ კრძალავენ საჯარო კინოჩვენებებზე მისი ფილმების ჩვენებას?



 

ქალმა, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი გამხდარიყო თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი, თავისი ნიჭი ნაცისტების პროპაგანდას მოახმარა.

 

ფოტო: ლენი რიფენშტალი ადოლფ ჰიტლერთან და პროპაგნდის მინისტრ ჯოსეფ გებელსთან ერთად / AP

 

აღსანიშნავია 1935 წელს მისი გადაღებული ნაციონალ-სოციალისტების ყრილობა „ნების ტრიუმფი“, რომელიც ნიურემბერგში 1934 წელს გამართულ ნაცისტური პარტიის კონგრესის მიმდინარეობას ასახავს. ღონისძიებას პარტიის 700 ათასი მხარდამჭერი ესწრებოდა.

 

Triumph of the Will (1935)

 

„ნების ტრიუმფში“ რიფენშტალი აშკარად ცდილობს არქიტექტურული სიზუსტითა და კადრების გაპომპეზურებით თავად ფიურერის ფიგურის დიდებულების გადმოცემას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფიურერის ყველა კადრი გადაღებულია ქვემოდან, რაც ხაზს უსვამს მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას, ხოლო პარტიის ყრილობაზე თავმოყრილი სხვა ადამიანები ერთ სიბრტყეში ისე არიან განლაგებულნი, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება რომელიმე ინდივიდუალური სახის დამახსოვრება, მათი გამოყენებით რიფენშტალი ქმნის მთლიან, ერთიან სახეხატებას.

 


„ოლიმპიაშიც“ (ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე 1936 წლის ოლიმპიადის დროს გადაღებული ფილმი) და „ნების ტრიუმფშიც“ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვაწყდებით რიფენშტალის ფსევდომონუმენტურობის ტიპურ გამოვლენას. კადრები, მართლაც შეიძლება გვიტოვებდეს მონუმენტურობის განცდას, თუმცა თავად კადრების მიერ მოწოდებული აზრი, ფაქტობრივად, დიდად უაზრო, ამავდროულად უტოპისტური წარმონაქმნია.

 

Olympia (1936)

 

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტების ძალაუფლების დაკარგვის შემდგომ რიფენშტალი უარყოფდა თავის კავშირს ფიურერთან, ეს ალბათ უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო იყო.



 

ლამაზი ლეგენდის მიხედვით, ლენის ფიურერი უყვარდა, რის გამოც თავს უძღვნიდა მის იდეოლოგიას მისივე შემოქმედებით.

 


ფოტო: ჰიტლერი და გებელსი სტუმრად ლენი რიფენშტალთან

 



რა თქმა უნდა, ეს არ არის დადასტურებული წყარო, მაგრამ მისი გადაღებული „ოლიმპია“, რომელიც ოლიმპიური თამაშების ფილმების ისტორიაში თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე ესთეტიკურ ნამუშევრად, ფრთებს ასხამს და აფეტიშებს არიულ წარმომავლობასა და გერმანელ ნაციას.




“ოლიმპია“ და “ნების ტრიუმფი“ იმდენად დიდ ზემოქმედებას ახდენდა მაყურებელზე, დიდ ეკრანზე, ერთიან დარბაზში, რომ დღემდე  გერმანიის მთავრობას აკრძალული აქვს საჯარო კინოჩვენებებზე ამ ფილმების გაშვება. რიფენშტალი სოციალურ კონსტრუქტებში მოქცეული ესთეტიკის დიდი თაყვანისმცემელია, რასაც კარგად ვხედავთ მის აფრიკის ალბომში.

 

 

სწორედ აფრიკის ალბომი იყო რიფენშტალის ფარი, სადაც ამბობდა, რომ ის უბრალოდ ესთეტი იყო და არა ნაცისტების პროპაგანდისტი. აბა, სად ნაცისტები და სად შავკანიანები?

აფრიკის ალბომში აღწერილია სამხრეთ სუდანში მცხოვრებ ტომთა ცხოვრება, სუზენ ზონტაგმა მას ფაშისტური ესთეტიკის ილუსტრირება უწოდა. ნუბიელების ათლეტური სხეულების წინა პლანზე წამოწევა, წესრიგს დამორჩილებული კოლექტიური ერთობა და ბუნებრიობის იდეალიზაცია წარმოადგენს რიფენშტალის მთავარ მოტივს არა მარტო აფრიკის ალბომში, არამედ მთელ მის შემოქმედებაში.





აფრიკაში რიფენშტალი ვერ ხედავს მშიერ და მოხუცებულ სხეულებს, იგი აღფრთოვანებულია მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე  ნუბიელებით.

 



ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიფენშტალი იყო პოლიტიკურად უმწიფარი. ერთ-ერთ ინტერვიუში ის კიდევაც აღნიშნავს, რომ მასზე ძლიერ დიდი გავლენა იქონია ფიურერის ფიგურამ, შემდგომ კი ამატებს, რომ მისთვის მხოლოდ ერთადერთი ვნება არსებობდა, ეს ვნება კი ფილმის გადაღება იყო, ხოლო ჰიტლერი ამ შესაძლებლობას აძლევდა.

 

ფოტო: ლენი რიფენშტალი „ოლიმპიას“ გადაღებებზე

 

თუ ამ კუთხით განვიხილავთ მას, იგი სრული კონფორმისტია. რიფენშტალს აინტერესებს ლამაზი მითები და არა რეალური ისტორიები. იგი მონუმენტურობასა და ესთეტიკაში იმდენადაა ჩაფლული, რომ თითქოს ვერ ამჩნევს გარემოში მომხდარ მოვლენებს, ვერც ებრაელებთან და ვერც ნაცისტური პარტიის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ომის შემდგომ, როდესაც ნაცისტური პარტია კარგავს მართვის სადავეებს, ხოლო ლენის ფიგურის გარშემო მითქმა-მოთქმა შედარებით შეწყდება, რიფენშტალი იღებს დოკუმენტური ფილმების სერიას წყალქვეშა სამყაროს შესახებ, სადაც კვლავ იგრძნობა მისი მონუმენტური, ესთეტიკური და მეტად თავისებური ხელწერა.

 

Impressions of the deep (2002)

 

დღემდე კითხვის ქვეშ რჩება მისი ფიგურა და სტატუსი.



 

საინტერესოა, ვინ იყო ის:

ნიჭიერი ქალი რეჟისორი?

ნაცისტი პროპაგანდისტი?

 

 

რიფენშტალს იმდენად უყვარდა ლამაზი მითიური ამბები, რომ ჩვენ მოგვანდო ამის  გადაწყვეტა, საინტერესოა, თქვენთვის ვინ იყო ის?

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.