fbpx

აქტუალური მუსიკის ფესტივალი


გააზიარე სტატია

No automatic alt text available.

29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში აქტუალური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი გაიმართება. ფესტივალი 2005 წელს შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა თამრიკო კორძაიამ დააარსა და წელს მეექვსედ ტარდება.

Image result

ფოტო: თამარ კორძაია, პიანისტი და ფესტივალის დამფუძნებელი

 

ფესტივალს ორი მთავარი ამოცანა აქვს: ერთი ის, რომ დააკავშიროს სხვადასხვა ჟანრებსა და მედიუმებში მომუშავე მუსიკოსები და მათი ერთიანობით შეადგინოს საინტერესო პროგრამა და მეორე, რომ ფესტივალი ყოველ ჯერზე ორ ქვეყანაში, საქართველოსა და შვეიცარიაში იმართება, შესაბამისად, ორივე  ქვეყანაში კულტურულ დიალოგს უწყობს ხელს. მეექვსე ფესტივალის პროგრამაში ქართველ და შვეიცარიელ მუსიკოსებთან ერთად, გერმანელი და ავსტრიელი შემსრულებლებიც მონაწილეობენ.

 

Close Encounters Festival. Opening today @ Lalage /ლალაჟ Giorgi Zagareli Tamriko Kordzaia Natalie Tba Beridze Kordz #zagarelistrings Frederic Robinson

Gepostet von Close Encounters აქტუალური მუსიკის ფესტივალი am Samstag, 29. September 2018

 

მეექვსე ფესტივალი საქართველოში 7 კონცერტს, 2 შეხვედრას და 3 ვორკშოფს გააერთიანებს, ციურიხში კი 2019 წლის გაზაფხულზე გადაინაცვლებს.

2018 წელს ფესტივალის საპატიო სტუმარია  თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, შვეიცარიელი არქიტექტორი პეტერ კონრადინ ცუმთორი.

 

კარგი სახელი ჰქვია ფესტივალს. ვის არ მოუნდება მოუსმინოს მუსიკას, რომელიც აქტუალურია.

 

ასეთი ფესტივალის ჩატარება ადვილი არ არის, გრძელი და რთული პროცესია. დიდი დროა საჭირო, რომ კარგად ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონდეს. ჩვენ თავიდან მხოლოდ თანამედროვე მუსიკა გვქონდა, ის, რაც ახლა იქმნება,  ჯერ ცოტას აქვს მოსმენილი. მივხვდით, რომ ასეთი “ჰარდკორ” თანამედროვე მუსიკა არ უნდა იყოს მთელი ფესტივალი, ბალანსი გვჭირდება, რომ სხვადასხვა ტიპის, გემოვნების, ინტერესების მქონე ხალხი შემოვიკრიბოთ გარშემო.

ფესტივალის მთავარი უცვლელი კონცეფცია  ბევრი სხვადასხვა ჟანრის გაერთიანებაა. გვქონდა ექსპერიმენტული ჯაზი, ნელ-ნელა შემოვიტანეთ ექსპერიმენტული  მუსიკა, პირველ წელს გავმართეთ დიდი კონცერტი მარჯანიშვილის თეატრში, სადაც კლასიკური ელექტრონული ნაწარმოებები  შესრულდა. ამ კონცეფციის  შედეგია ის, რომ ჩვენს ფესტივალზე ერთი და იგივე ხალხი დადის საკონცერტო დარბაზებშიც და კლუბებშიც. სხვადასხვა ტიპის აუდიტორიის მოზიდვა, გაერთიანება და დაინტერესება მარტო ჩვენთან არა, ყველგან პრობლემაა, მათ შორის ევროპაშიც და ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზა სხვადასხვა ტიპის მუსიკოსებისა და მსმენელებისთვის სხვადასხვა სივრცის ჩამოყალიბებაა.

აქტუალური მუსიკის განსაზღვრება ალბათ ძალიან ინდივიდუალურია. ჩემთვის ეს არის მრავალშრიანი მუსიკა, რომელიც ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. არაერთგვაროვანი მუსიკა მომწონს და თვითონ მუსიკაში ყველაზე მეტად პოლარიზაცია მაინტერესებს და ასევე  ამ განსხვავებულებს შორის გადაკვეთის წერტილების მოძებნა.

 

როცა ფესტივალს აკეთებ, ალბათ სულ არსებობს რისკი, რომ ის, რაც პროგრამაშია, შეიძლება არ მოეწონოს აუდიტორიას, შერჩეული ნაწარმოები არ მოუხდეს სივრცეს. ორგანიზატორმა ერთი მხრივ, უნდა გაითვალისწინო აუდიტორიის მოთხოვნები და ამოხვიდე ადგილობრივი რეალობიდან, მეორე მხრივ კი დაიცვა ფესტივალის კონცეფცია.

 

მე ვფიქრობ, რომ გამოცდილებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ფესტივალი წელს მეექვსედ გაიმართება, უკვე მეთორმეტე წელია ამაზე ვმუშაობთ და ამ დროის განმავლობაში აუდიტორიის შეგრძნება გაჩნდა. ვიცი, რა აინტერესებს ხალხს საქართველოში და რა  – შვეიცარიაში, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი არ არის ხალხს მაინცდამაინც ის მოვასმენინო, რაც ნამდვილად მოეწონებათ.

ჩემი მიზანია მსმენელს  ფესტივალის განმავლობაში ბევრი სხვადასხვანაირი მუსიკა მოვასმენინო და  მივცე საშუალება, თავად გადაწყვიტონ რა მოსწონთ, რა არა. ფესტივალი ახალი ინფორმაციის, შთაბეჭდილებების მიღების საშუალებაა და მხოლოდ ასე შეიძლება იპოვო რამე ისეთი, რაზეც არ გიფიქრია, რომ მოგეწონებოდა, ახლებურად მოისმინო და შეხედო უკვე ნაცნობს. შესაძლოა ვინმე უკმაყოფილო დარჩეს ჩვენი ექსპერიმენტებით, ან პროგრამით, ესეც ნორმალურია, ესეც პროცესის ნაწილია.  

მაგალითად, ორი წლის წინ გვქონდა ფესტივალის დახურვაზე ქართული საეკლესიო და მრავალხმიანი  და ამავდროულად იტალიური რენესანსის მუსიკა ერთ სივრცეში. ვიღაცებს ძალიან მოეწონათ, ვიღაცებმა გვითხრეს, რომ მიუღებელია საერო და სასულიერო მუსიკის ასეთი მიქსი. იმისდა მიუხედავად, ვინ რას ამბობს ასეთი კონცერტის მერე, ეს გამოცდილება რჩება გონებაში და ჩემთვის ზუსტად ეგ არის საინტერესო, რა ხდება მათ თავებში ამგვარი შთაბეჭდილებების შემდეგ.

ფესტივალის კეთებისას ძალიან დამოკიდებული ვარ ჩემს მეგობრებზე, საქართველოშიც და შვეიცარიაშიც. მე მუსიკოსი ვარ, პიანისტი და ამ ყველაფერს მარტო ვერ გავაკეთებდი.

 

როგორ იცვლება ფესტივალი წლიდან წლამდე მიღებული გამოცდილებების და თანამედროვე მუსიკაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით?

 

თავისთავად ის, რომ ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, საკვირველი ამბავია. ამ  წლების განმავლობაში ფესტივალის კურატორობა მარტივი არ არის. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ფესტივალმა გარკვეულწილად თავისი თავი ამოწურა და ხომ არ გვეთქვა უარი მის გაგრძელებაზე.

ის, რომ ფესტივალი უნდა გაგრძელებულიყო, მეექვსე ფესტივალის სპეციალურმა სტუმარმა, არქიტექტორმა პეტერ ცუმთორმა გადაწყვიტა ფაქტობრივად.

შვეიცარიაში, მის მუზეუმში გვქონდა ჩემს ანსამბლთან ერთად კონცერტი, რომელიც ბოდენზეეზე დგას და ფაქტობრივად ნახევარი წლის განმავლობაში დატვირთულია სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით, რომლებსაც პეტერი თავად კურირებს. კონცერტის შემდეგ ჰალდერშტაინში პეტერ ცუმთორმა დაგვპატიჟა, სადაც ცხოვრობს და სადაც არის მისი არქიტექტურული ბიურო და გზაში მკითხა, როდის შეეძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა. ხუმრობა მეგონა და ვუთხარი, აი შემოდგომაზე ფესტივალს ვატარებ ხოლმე, იქ ჩამოდი-მეთქი.


Peter Zumthor – Therme Vals

 

ამ დროს ჯერ ფესტივალის მონახაზიც კი არ მქონდა. როცა მივხვდი, რომ არ ხუმრობდა და რა მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი საქართველოში სტუმრობა, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ფესტივალი, რომელშიც ის მიიღებდა მონაწილეობას. ძალიან მალე დავინახე პროგრამა და ის ნაწარმოებები, რომელსაც თბილისში მოისმენთ და რომლებსაც ჩემთვის აქვს კავშირი პეტერის შენობებთან. არქიტექტურა – მუსიკა – სივრცე – დრო – ნახაზები: ეს ის სიტყვები და იდეებია, რომლებმაც წლევანდელ ფესტივალს მიმართულება დაუსახეს.  

ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც  გამახსენდა, არის მორტონ ჰელდმარის Five Pianos –  ხუთი ფორტეპიანოს, ჩელესტასა და მოზუზუნე შემსრულებლებისთვის.  ამ ნაწარმოებს იშვიათად ასრულებენ. არ არის მარტივი ერთ სცენაზე 5 ფორტეპიანოს გაერთიანება, მაგრამ ჩემთვის ეს მუსიკა ძალიან ჰგავს ცუმთორის ნაგებობებს, ისე იშლება ბგერები, როგორც მათში შემოდის შუქი და ნაწილდება სივრცე. პროგრამაშია ასევე იანის ქსენაკისი, რომელიც არქიტექტორი იყო და მუსიკის კეთება უფრო გვიან დაიწყო და ის, რასაც ქმნის, საოცარია.



Iannis Xenakis: Paille in the Wind

ასევე ფესტივალის სტუმარი იქნება კლაუს ლანგი ავსტრიიდან, რომელიც დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკოსია და სწორედ მისი და პეტერის საუბრით ვხსნით ფესტივალს.



Klaus Lang: Marias Mantel” for Organ

ფესტივალი ალბათ წარმოუდგენელია ახალი აღმოჩენების, ახალი სივრცეების, შემსრულებლების გარეშე

 

სულ აღმოჩენებსა  და ძებნაში ვართ. წელს მაგალითად, საქართველოშიც და შვეიცარიაშიც შესრულდება დემეტრე გამსახურდიას მუსიკა, რომელიც არის ახალგაზრდა კომპოზიტორი, შვეიცარიაში ცხოვრობს, ბაზელში, საოცარ მუსიკას აკეთებს  და აქ ფაქტობრივად არ იცნობენ. როცა ფესტივალს ვგეგმავდი, მაშინ ანუშკა ჩხეიძეც არ იყო ასეთი ცნობილი, ამ ერთ წელიწადში გამოჩნდა აქტიურად. წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი შესანიშნავი მონაწილეა  Persian Empire გერმანიიდან, რომელიც ჩემთვის არის ძალიან საინტერესო, “გიჟი” მუსიკოსი. მის მუსიკაში არაფერი მეორდება და ერთი დიდი უსასრულობაა. არასოდეს იცი, რა მოხდება სცენაზე, როცა ის არის, მაგრამ ყოველთვის ძალიან შთამბეჭდავია.  

 

საინტერესოა ფესტივალისთვის შერჩეული ადგილებიც. წელს თბილისის გარდა იქნება კონცერტები კავთისხევსა და თელავშიც. თბილისშიც საინტერესო ადგილები გაქვთ მონიშნული: ჭადრაკის სასახლე, ვარდების ბაღი…

 

კავთისხევი ჩვენი სოფელია. ჩემი და ჩემი შვილის, ალექსანდრე კორძაიასი. სულ გვინდოდა იქ რაიმე გაგვეკეთებინა და აი, წელს პირველად ჩვენი სახლის ეზოში გავმართავთ კონცერტს. ვარდების ბაღის იდეა ისევ ცუმთორის სტუმრობიდან გაგვიჩნდა. ამ ბოლოს სულ ბაღებს აშენებს და ვიფიქრეთ, რომ რატომაც არა, ჩვენც გავაკეთოთ ერთი კონცერტი ბაღში. ვნახოთ რა გამოვა,  თუ მოგვეწონა, მოვნიშნავთ ამ სივრცეს მომდევნო წლებისთვისაც. ჭადრაკის სასახლეც ახალია. საკონცერტო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის, მაგრამ საინტერესოა არქიტექტურის და მდებარეობის გამო.

ჩემთვის ყველაზე საყვარელი სივრცე მაინც კონსერვატორიის მცირე დარბაზია. მიუხედავად იმისა, რომ მისი არასტაბილური აკუსტიკა ყველას არ მოსწონს, ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა იქ დაკვრა.

კლუბ “მტკვარს” ვიყენებთ უკვე მეორედ, გადასარევი ადგილია, ცოტა მეტი სივრცე რომ იყოს, აკუსტიკურ ელემენტებსაც სიამოვნებით შევიტანდით ამ სივრცეში, ძალიან მოუხდებოდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.