fbpx

ხელისუფლების გადაბარება – კოკა რამიშვილის „Change“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიგი გულედანი

 

2012 წლის 9 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი კვირის თავზე, ბიძინა ივანიშვილი, თანაგუნდელებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, სადაც სატელევიზიო კამერების წინაშე „ხელისუფლების გადაბარების“ სიმბოლური ცერემონია შედგა.

თანამედროვე ქართველმა არტისტმა კოკა რამიშვილმა ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ვიდეონამუშევარი მიუძღვნა, რომელიც, 6 წლის გასვლის მიუხედავად, დღემდე ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ნანახი. ეს რამდენიმეწუთიანი ვიდეოგამოსახულება შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე „დაუფასებელ“ ნამუშევრად ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ დრამატურგიული ეფექტის სიმძლავრეს, რომელსაც კოკა რამიშვილი უმარტივესი და ზუსტი ხერხით აღწევს.

 

 

ამ ვიდეოს კოკა რამიშვილმა Change, Part 2 დაარქვა, რამაც შეიძლება მაყურებელში კითხვები გააჩინოს, „Part 2“-სთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაფერი თავის ადგილას დგება, როცა გაიგებთ, რომ რამდენიმე წლით ადრე კოკა რამიშვილს მსგავსი ვიდეო უკვე აქვს გაკეთებული, რომელსაც უბრალოდ Change ჰქვია, და ის არც მეტი, არც ნაკლები – „ვარდების რევოლუციის“ კადრების ანალოგიურ ვიდეომანიპულაციას ასახავს.

 

 

“პროპაგანდასა” და “არტარეას” ერთობლივ ვიდეოინტერვიუში კოკა რამიშვილი ამ ვიდეოციკლის პირველ სერიასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტებას იძლევა, რომელიც ორივე ვიდეოარტის არსს მოკლედ განსაზღვრავს.

ტრანსკრიპტი: „მე რომ ვნახე „ევრონიუსზე“ ის, რაც მოხდა თბილისში, საქართველოში რა, ესეთი გადასვლა ერთი ფორმატიდან მეორე ფორმატში, მიხეილ სააკაშვილსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის, ეს ვიზუალური მასალა იყო დაახლოებით ერთი სადღაც 15-20 წამი, მაგრამ მე რომ გავწელე ეს, იმიტომ რომ მე დამაინტერესა ყურება ამისი, როგორც მაგალითად, უყურებს გამოძიება იმ კადრებს, რომელიც არის, ვთქვათ, გადაღებული რაღაცა კრიმინალური სცენის. ესენი ამას ყოველთვის ანელებენ, მაგათ აქვთ შესანელებელი ძალიან კარგი აპარატურა. ამიტომ მეც გადავწყვიტე, რომ მეყურებინა შენელებულად სიტუაციისთვის, აი რა ხდება, და ამას ნელ-ნელა რომ ვუყურებდი შენელებულად, მივხვდი, რომ ეგ ნამუშევარია. ეგ არის ეს ქორეოგრაფია და ეს არის ბალეტი, რომელიც აი აქ, კავკასიაში ხდება, გამიგეთ? ეს ბალეტი არის, ფანტასტიკური ბალეტი და ფანტასტიკური ქორეოგრაფია. არცერთი ქალი იქ არ არის, მხოლოდ კაცები, წარმოიდგინეთ, როგორი მაჩო ბალეტია, თავიდან ბოლომდე. მაგრამ ბალეტია, დრამა არის, ყველა თავისი მინუსით, ეს არის დრამა და მაგარი ქორეოგრაფია.“

ორივე ნამუშევარს ბოლოსკენ დართული აქვს მუსიკა სხვადასხვა კინოფილმიდან: „ვარდების რევოლუციის“ ვიდეოს – ფასბინდერის „ვერონიკა ფოსის სევდა“ (Veronika Voss, 1974), ხოლო პრეზიდენტის სასახლისას – ქენეთ ბრანას “გამომძიებელი” (Sleuth, 2007).

„ვარდების რევოლუციის“ ვიდეოზე დადებული ფასბინდერის „ვერონიკა ფოსის სევდის“ (Veronika Voss, 1982) მოკლე აღწერა imdb.com-ზე ასე გამოიყურება:

„ომის შემდგომ დასავლეთ გერმანიაში მიმზიდველი ფონ ბომი ქალაქის სამშენებლო კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება. ფონ ბომის მორალურობა ეჭვქვეშ დგება, როცა მას უყვარდება ბორდელში მომუშავე ლოლა – უძრავი ქონების კორუმპირებული დეველოპერის საყვარელი.

ივანიშვილი-სააკაშვილის მთავრობების ცვლილების ვიდეოს ქენეთ ბრანას ფილმ “გამომძიებლის” (Sleuth, 2007) მუსიკა ასრულებს. ფილმის აღწერაში ვკითხულობთ:

„ორი უკიდურესად ჭკვიანი ბრიტანელი მამაკაცი ტყუილებისა და ეშმაკობის თამაშში ერთვება“.

რთულია დანამდვილებით გავიგოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხი მომენტების ამსახველ ვიდეონამუშევრებზე ორი უცხოური ფილმის მასალის გამოყენების მოტივები.

თვითონ კოკა რამიშვილი ამ გადაწყვეტილებას თავისებურად ხსნის:

ტრანსკრიპტი: „ამ შენელებასთან ერთად, დავამატე ფასბინდერი რამდენიმე წამი, იმიტო რო მომეჩვენა, რომ… იცით რა არის… ზოგიერთი ნამუშევარი ძალიან ძნელია, რომ ახსნა ბოლომდე. იმიტომ რომ… ახლა ცოტა გადავუხვევ – ყველაფერს ვერ ახსნი, იმიტომ რომ ყველაფერი რომ ახსნა, მაშინ არაფერიც არ გამოვა, არაფერიც არ იქნება საინტერესო. მე არ ვიცი, ჩემი ბევრი ნამუშევარი როგორ არის შექმნილი. აი, მაგალითად, კარგი ნამუშევარი, მე შემიძლია ლოგიკით სადამდე, ცოტა მივიდე, მაგრამ მერე ხანდახან შიგნით რაღაცა მეუბნება, რომ ნუ მიდიხარ იქ, არ არის საჭირო, ნამუშევარი ისედაც კარგია, რა ასახსნელია ახლა ეგ, რად გინდა, რომ ახსნა. მეორე კიდევ არის ვარიანტი ის, რომ ახსნი, მერე ეს ნამუშევარი ერთ წელიწადში ხვდები, რო ვაბშე ნაგავი ხდება, გამიგე? ამიტომ ძნელია გითხრათ, რატომ ავიღე ფასბინდერის ის მომენტი, სადაც ვერონიკა ფოსი ბოლო სიმღერას მღერის და მერე პრაქტიკულად მორფისგან კვდება.“

კოკა რამიშვილის სიტყვებით, ზედმეტი განმარტებები აქ უადგილოა. შენელებული ვიდეოები ისედაც იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე მათი ორიგინალები.

თუმცა, მონდომებულ მაყურებელს ფასბინდერისა და ბრანას ფილმებზე კრიტიკოსების ერთხაზიან შეფასებებშიც შეუძლია მიმართულებების განჭვრეტა, რომლებიც შესაძლოა ვიდეოარტების ავტორისთვისაც კი მოულოდნელი იყოს:

რაინერ ვერნერ ფასბინდერი – „ვარდების რევოლუცია“, 2003:

Haunting and beautiful period piece („შთამბეჭდავი და მშვენიერი პერიოდის ნამუშევარი“)

Memories are made of this („აქედან ჩნდება მოგონებები“)

 

ქენეთ ბრანა – „ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაბარება, 2012:

Minimalist and mediocre remake („მინიმალისტური და უღიმღამო რიმეიქი“)

The Darker Side Of A Darkish Comedy („ბნელი მხარე შავბნელი კომედიისა“).

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.