სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება
ავტორი: Delphica Sibyl
არის მითები ქალაქებზე და არის ბარსელონა
თავი ოდესმე ხომ უნდა შეიცნო, არა? ან გამოიგონო მაინც.
ბარსელონაში ყველა ისეთია, როგორიც არის, ან უნდა რომ იყოს და რიგი მიზეზების გამო სახლში ამას არ, ან ვერ ახერხებს. რას შეიძლება ველოდოთ ბარსელონასგან? იმას, რომ ის იქნები, ვინც გისწორდება. თუ გამოიგონებ, რომ ხარ მეცო სოპრანო, ცოტა ხანი ეგეც იქნები. ბევრი მოხერხება არ არის საჭირო – უნდა იყო აქტივისტი, შეიბა ყვითელი ბაფთა და გამეხებული სახით მოითხოვო მეტი თავისუფლება. მეტი სადღა, მაგრამ მაინც. ანდა უბრალოდ ხელში დაიჭირო “ვეფხისტყაოსანი”, მოკალათდე სადმე პატარა მოედანზე და ხმამაღლა იკითხო. წინ თქვენი კეპუკა დაიდეთ და დარწმუნებული ვარ, 2-3 დღის ლანჩის ფული გარანტირებული გაქვთ. შიგადაშიგ წაუმღერეთ კიდეც, ეს აქ ძალიან ჭრის.
შეგიძლია მთელი ღამე გაატარო სანაპიროზე (ამისთვის მაინც ზაფხული დაგჭირდებათ), ან სადმე მოედანზე ტაძარს მიყუდებულმა იფიქრო და არ დაეთანხმო ნიცშეს. დილით ხელ-პირი შადრევანში დაიბანო და არავინ მოგენატროს “ვით უბინაოს ყოფნა ბინაში”, “მუდზე” მყოფს ამას ალბათ თავისი ასაკი და განწყობა უნდა, ბარსელონაში კი ეს განწყობა ბევრნაირია.
ალბათ ყველაზე ნაკლებად “ფოშ” ქალაქია, რაც კი ევროპის, მეტადრე კი ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მინახავს. რატომღაც ჰამბურგი მახსენდება, სადაც ასევე პორტი, ძველი საზღვაოსნო ქალაქი და ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ არააა, ის ისეთი ქედმაღალია, ეს კი მედიტერანიანია მაინც. დამნაშავე მზეა, მზეი.
კატალონიის დედაქალაქში ყველაფერი გადასარევი აქვთ: მდებარეობა, ჰავა, საკვები, ურბანიზაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქვთ კიდევ გაუდი. რომელზეც მოდით, ნუ ვისაუბრებთ როგორც გენიალურ არქიტექტორზე და ვთქვათ, რომ ის უბრალოდ არ იყო ადამიანი. ანტონიო გაუდი ზეკაცია, რომლის ბიუსტიც განსაკუთრებული რელიგიის “ტაძარში” უნდა წამოვჭიმოთ სხვა გენიალურ “ადამიანებთან” ერთად და ვეთაყვანოთ. ისევე როგორც პლატონს, მოცარტს, გოეთეს, დანტეს ან და ვინჩის.
კიდევ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ხალხი არის თბილი, გულისხმიერი და თავისუფალი. ეს უკანასკნელი აქ უთვალავი და უწონოა. სამაგიეროდ ქალაქის სანახაობრივი მხარეა მდიდარი და ევროში გამოსახული კორელაცია ჩვენს ჯიბეს ისე უღიმის, რომ ალბათ ხშირად გადაგვიდვია ოცნება აქ მოგზაურობაზე. ევროპაში პირველ სამეულშია ბარსელონა ტურისტებისა და მოგზაურების (ადამიანის ეს ორი მდგომარეობა გასამიჯნია და ალბათ ამაზე ერთხელ ცალკე უნდა დავწერო) რაოდენობის თვალსაზრისით და ალბათ არც არავის გაუკვირდება, რომ ეს ქალაქი დანარჩენ ესპანეთზე ძვირია. ჰოდა ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა – როგორ, რა და როდის ვნახოთ კატალონიის დედაქალაქში ფასდაკლებით ან და უფასოდ.
სეზონი
ძალიან მნიშვნელოვანია შევარჩიოთ წელიწადის სწორი დრო. ზაფხულში ბარსელონაში აუტანელი ხვატი დგას, ამიტომ იმოგზაურეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. არც ზამთარია ურიგო, მაგრამ რა სჯობს ოქტომბერში ზღვაში დგაფუნს და ქვიშის ფრენბურთის თამაშს თუ არა, ყურებას მაინც. ბარსელონას პლაჟები უფასოა და არ შემოიფარგლება მხოლოდ ცნობილი ბარსელონეტათი. თამამად გაუყევით სხვებსაც, მით უმეტეს, რომ მეტრო ყველა მათგანთან მიგიყვანთ.
ტრანსპორტი
აქვე დავსძენ, რომ შეიძინეთ მეტროს ის ბარათი, რომელიც 10 მგზავრობას 10.20 ევროდ გთავაზობთ. მაშინ როცა ერთჯერადი მგზავრობა 2.20 ევრო დაგიჯდებოდათ. დაახლოებით იგივე, ან ცოტა იაფი ღირს ავტობუსით მგზავრობა. თუმცა მეტრო გაცილებით მოსახერხებელია როგორც ადგილების, ასევე დროის თვალსაზრისით. ნუ დაივიწყებთ, რომ ფეხით სიარული უფასოა. ბარსელონას სუფთა ჰაერით გაბრუებული თქვენი ფილტვები კი თქვენზე ილოცებენ. ურბანულად ბრწყინვალედ მოწყობილ ქალაქში მთისა და ზღვის ჰაერი ისეთი მონაცვლეობით დათარეშობს ქუჩაში, რომ ფეხით სიარულით დაღლას ვერასდროს იგრძნობთ. დამავიწყდა მეთქვა, რომ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის ნებისმიერ წერტილამდე მეტროთი – 4.20 ევროდ იმგზავრებთ. დაახლოებით ამდენივე ღირს ავტობუსიც. მაინც მეტროს მიაწექით.
ბარსელონას აივნები ისე შეგიყვარდებათ, როგორც საკუთარი ხალები სხეულზე. არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს. ხანდახან ერთ კონკრეტულ შენობას ყველა სართული სხვადასხვანაირი აქვს, მაგრამ მთლიანობაში ეს ქმნის ერთ, დასრულებულ და ჰარმონიულ სურათს. არაფერია ზედმეტი, არც ამოვარდნილი და არც დაუფიქრებლად აშენებული. ესაა ქალაქის მოსიყვარულე მესვეურთა დაუღალავი შრომის შედეგი – ადამიანების კარგად ყოფნაზე ორიენტირებული ურბანული პოლიტიკა. გირჩევთ მეზღვაურების გაშენებული ქუჩები მოინახულოთ, მერწმუნეთ, არ დაიღლებით. თანაც უფასოა.
მუზეუმები
შესაძლოა სულ არ გიყვარდეს მუზეუმებში სიარული და გეგონოს, რომ ფერწერული ტილოების ხილვა ორიგინალში ინტერნეტის ხანაში უსარგებლოა, მაგრამ მერწმუნეთ, როცა არაფერს იხდი ამაში, მაინც მიგიწევს გული ნახო პიკასოს უსაზღვრო შრომისმოყვარეობით შექმნილი ველასკესის ერთი ტილოს 58 ვერსია. პიკასოს მუზეუმში უფასოდ შეხვალთ ყოველი თვის პირველ კვირა დღესა და ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათის შემდეგ. უნდა გაითვალისწინოთ მუზეუმის სხვადასხვა სამუშაო გრაფიკი, რომელიც კვირის დღეებსა და წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულია. მნიშვნელოვანია მუზეუმის უფასო ბილეთის აღებაც, რაც მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ დააფიქსიროთ თქვენი სახელი და მონიშნოთ მუზეუმში შესვლის დრო.
კატალონიის ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმშიც მოახერხებთ უფასოდ სალვადორ დალის მონახულებას. ამასთანავე ამ სამუზეუმო სივრცეში, რომელიც ულამაზესი მონჯუიკის პარკის თავზეა, ხშირად მოგზაურობენ სხვა მუზეუმები. წელს ძალიან გამიმართლა და ფრანგი იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების შესანიშნავი ნამუშევრები ვნახე. აქაც შესვლა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს – თავისუფალია. აგრეთვე უფასოდ შეხვალთ შაბათს, 15:00 დან. არ არის აუცილებელი არაფრის დაჯავშნა, მთავარია მუზეუმამდე ააღწიოთ (ან კიბით, ან ესკალატორით).
თუ მაინც არ მოგინდათ მუზეუმში შესვლა – შეგიძლიათ შესანიშნავი ხედებით დატკბეთ. ან თუნდაც დაელოდოთ საღამოს, როცა მოცეკვავე და მომღერალი უზარმაზარი შადრევანი ბარსელონას უკვდავ ჰიმნს შეგისრულებთ. მერწმუნეთ, ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს ხმებზე მოცეკვავე წყლის ხილვისას ძალიან გაგიჭირდებათ ცრემლის შეკავება.
თავისუფლად შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში შესაბამისი უფასო დღეები ხუან მიროს, Palau Guell-ის, Casa Batllo-ს და La Pedrera–ს მოსანახულებლად. რასაც ვერ მოახერხებთ Sagrada Familia-სა და Park Guell-ს სანახავად. თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ სტუდენტების, ბავშვების, პრესის თანამშრომლებისა, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და პენსიონერების ფასდაკლებებით. გაითვალისწინეთ, რომ საპენსიო ასაკი ესპანეთში 65 წელია. შესაძლოა მოგთხოვონ შესაბამისი მოწმობების წარდგენა, შესაძლოა არა – ამიტომ გაითვალისწინეთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში გირჩევთ ბილეთები შესაბამის და ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზე შეიძინოთ. ადგილზე მისულებს ან არ დაგხვდებათ, ან მოგიწევთ რიგში დგომა, რაც თითქმის დარწმუნებული ვარ, იმით დასრულდება, რომ აღნიშნული არქიტექტურული შედევრების მხოლოდ ფასადებს იხილავთ.
რაც რაღაც მომენტსა და მოცემულობაში არც ისე ცოტა და ურიგოა, ოღონდ აი ეს ყველაფერი არ ვრცელდება საგრადა ფამილიაზე. მასში უნდა შეხვიდეთ, რათა ჩვენეული “რა ხელმა ააგო” გადაათამაშოთ “რა ტვინმა დააპროექტა”-ზე იქ, სადაც ყველა მანამდე არსებული სამშენებლო და “ეკლესიური” კანონი დარღვეულია, გაგიჭირდებათ დაიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც თქვენი თვალი აღიქვამს – მილიმეტრის სიზუსტითაა გათვლილი. ესაა საოცარი ოპტიკური შესაძლებლობების ტაძარი და აქ ყველაფერი ციფრების მშვენიერებამდეა დაყვანილი. შენობის გუმბათი კი უწყვეტად მოძრაობს. გადაგრევთ პილატე პონტოელის სევდა, ორმოც დღეზე გუმბათზე ასულ-წამოსკუპული მაცხოვარი, მოყომარე რომაელი ჯარისკაცები, უცნაური საიდუმლო სერობა და ცისარტყელასებრი ვიტრაჟები, რომლებიც ბოლო სხივამდე იწოვს მზის ნათებას.
აღმოსავლეთი ზურმუხტ-ფირუზისფერი, ხოლო დასავლეთი ქარვა-ლალისფრია. უსასრულოდ შეიძლება ამ ტაძრის გუმბათში ცქერა და სივრცეში – ყურძნის მტევნებიანი “ქოლგის” ქვეშ გამოკიდებულ ჯვარცმაზე ქვითინი. ყველაზე “ურწმუნო” ადამიანიც კი რაღაცას, ან ვიღაცას იჯერებს აქ. ამიტომ გადაიხადეთ ის თანხა, რასაც თქვენგან ითხოვენ. მერწმუნეთ, გვიან ღამემდე შიმშილს ვერ იგრძნობთ.
კვება
არ ჭამოთ ტურისტებით დახუნძლულ ადგილებზე. ძვირიცაა და უგემურიც. მიეძალეთ პატარა ციცქნა ქუჩებში შეყუჟულ, ადგილობრივებით გამოტენილ ადგილებს. ასეთი ადგილებით სავსეა გოთიკური უბანი, რავალი და საერთოდაც მთელი ბარსელონა. მარტივად განსაზღვრავთ რამდენი “ჩხირი” მოგიკლავთ შიმშილს. რა არის “ჩხირი” და, ერთგვარი ბუტერბროდი სხვადასხვა შემადგენლობით (დაახლოებით 3-4 ლუკმა 🙂 ) ტრადიციული კატალონიური ბოსტნეულიანი ერბოკვერცხი ხრაშუნა პურზე, ან მობრაწული ყველი და ბადრიჯანი, ან თინუსი უგემრიელეს საკაზმთან ერთად, ან ორაგულის ფილე და ბოლოს ჰამონ იბერიკო, ეს უკანასკნელი სამუზეუმო ექსპონატია მთელი თავისი სიდიადით. საერთოდაც ლორი აქ ბევრია, მაგრამ მხოლოდ ჰამონია წმინდა. მოკლედ, უსასრულოდ შეიძლება სხვადასხვა ღვთაებრივი ლუკმების აღწერა. ეს ყველაფერი კი არის ჩხირ-დაკოფსილი. ჩამოივლი, ააგროვებ, მიირთმევ და ბოლოს რამდენი ჩხირიცაა თქვენს თეფშზე, იმდენჯერ 1.50-დან 3.50 ევრომდე იხდი. მარტივია ☺
ცოტა “შეძლებულ” ბიუჯეტიანებმა შეგიძლიათ პაეიაც მიირთვათ, რაც დაახლოებით 11-14 ევრო გამოვა (ორ კაცს აგავსებთ სიამოვნებით) და ნივრიან ზეთში შეპიწკინებული კრევეტებიც 7-10 ევროდ გასინჯოთ. პურს თუ მოითხოვთ, მაგრად გაუკვირდებათ და უფასოდ მოგიტანენ. ესპანური ღვინო არაა ძვირი და ძალიან გემრიელია.
თუ რესტორანს ვერ გაწვდით, სადაც ეს უკანასკნელი ჭიქა 3-4 ევრო დაგიჯდებათ, რომელიმე უბნის სუპერმარკეტში შეიარეთ, 2-3-ევროიანი ფასდაკლებაში მოყოლილი ღვინო იყიდეთ და მოილხინეთ. იმავე უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში გარეთ გამოდგმული ხილ-ბაღჩეულიც უფრო იაფია, ვიდრე შიგნით დახლზე ჩამოლაგებული. უზარმაზარ ავოკადოს იყიდით 0.50 ცენტად, ხოლო მთელ ასხმა ბანანს (5-6 ცალი) 1.5-2 ევროდ.
დილით la boqueria-ს ბაზარს ეწვიეთ. გარდა იმისა, რომ ყველა ზღვისა და ოკეანის არსებას ცოცხლად იხილავთ – გასინჯავთ კიდეც. მალევე მიხვდებით, ვისთან რის შეძენა სჯობს. უგემრიელეს და მოზრდილ, ახალი პამიდვრით და ლორით გატენილ სენდვიჩს შეიძენთ 3-4 ევროდ. დილის ხილის დოზა 1.5–2.5 ევრო, ახალგამოწურული ხილის წვენი 1-2, ხოლო ყავა კი 1.40-3 ევრო დაგიჯდებათ. თუ გაქვთ, შეგიძლიათ ცოტა მეტიც დახარჯოთ და შეპიწკინებული კალმარები და რვაფეხებიც მიირთვათ ჩიფსებთან ერთად, სულ რაღაც 4-6 ევროდ. მოკლედ, გვიან შუადღემდე თავისუფალი ხართ, იმდენ ვიტამინსა და სიამოვნებას მიიღებთ.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბარსელონაში ამდენი ზღაპრული ტკბილეული იქნებოდა. სულ მეგონა, ჰამონ იბერიკოს ბარკლების მეტი არაფერი ჰქონდათ. ჰოდა გაოგნდებით, იმდენი შოკოლადია. ფორთოხალი შოკოლადში, ნუში შოკოლადში, შოკოლადი შოკოლადში და თვით ჰამონიც შოკოლადში. აი მაგალითად, La Besneta შოკოლადის და ვეგანების სამოთხეა http://labesneta.com/, Escriba ფუშფუშა კრემიანი კანოლების http://www.escriba.es/ და Demasie დარიჩინიანი ჩახვეული ფუნთუშების https://demasie.es/ ამმმ… არაა იაფი, რომ იცოდეთ მაინც 🙂
ადგილები
ოთხშაბათობით ბარსელონას მკვიდრებმა უსარგებლო ნივთების გარეთ გამოლაგება იციან. ძველი სკამების, სანათებისა და ფეხსაცმელ-ქურთუკების გარდა, იმ დღის გამოუყენებელი – ხილი და ბოსტნეულიც შეიძლება იპოვოთ. El Raval-ის (უბანი) მახლობლად მომიწია დაბანაკება. ეს კი სავარაუდოდ ყველაზე საინტერესო, მაგრამ “ბინძური” მოცემულობაა მთელ ქალაქში.
ნარკომოვაჭრეები, მეძავები, უბინაო მხატვრები, მსახიობები და ემიგრანტები მრავლადაა და სწორედ აქ გიჩნდება ფიქრი, რომ ჰოო, ყველას არ ულხინს. მათთვის არც გაუდია მნიშვნელოვანი და არც გალაზე “უაზროდ” შეყვარებული სალვადორ დალი. ადამიანები ცდილობენ, გადარჩნენ, ოღონდ ეს აქ მათ მშობლიურ ქვეყანაზე უკეთესადაა შესაძლებელი. ოღონდ ასე ცალსახად არავინ გტენის ცხვირში თავის პრობლემას. დიდი-დიდი მივიდეს ვინმე და კათოლიკურ ტაძარს ალაჰი მიაწეროს. ან ქუჩის ბნელ კუთხეში მოშარდოს. ამას ქალაქის დასუფთავების სამსახური დღე-ღამეში ორჯერ, საპნიანი ჭავლით მორეცხავს. თანაც ისე, რომ ორ ნაბიჯში მომშარდავ უსახლკაროს შეაწუხებს კი არა, არც კი გააღვიძებს.
აქვეა თანამედროვე ხელოვნების ბარსელონას მუზეუმი, რომელსაც წინ გაშლილი სივრცე აქვს და აქ საღამოს 8-9 საათიდან ახალგაზრდების ტევა არაა. შეკრებილი საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად – მსმელ-მწეველი და მობურთავე-სკეიტერები. ნამდვილად ფრთხილად უნდა იმოძრაოთ, რომ ან სკეიტმა არ გაგიტანოთ და ან კანაფის მოტკბო სურნელმა ან მოგბრიცოთ. ჟრიამული, ჟღურტული და გაგება სუფევს და იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ლუდი (0.80–1.5 ევრო), ასევე სხვა მათრობელა წვრილმანი (გააჩნია რა მადაზე ხართ). დილით აქ ქარიშხალ “კატრინას” შემდეგ წალეკილი ახალი ორლეანი დაგხვდებათ, მაგრამ აქაც მოწოდების სიმაღლეზეა დასუფთავების სამსახური.
შოპინგი
შეგიძლიათ მაღაზიებში გაიაროთ კიდეც. რავალში არაჩვეულებრივი ფლი-მარკეტია ხოლმე ოთხშაბათობითა და შაბათობით. გაცილებით მოზრდილი და უძველესი ფლი-მარკეტია – Mercat dels Encants Vells, რომელიც ახალ შენობაში ჩვენს საუკუნეში გადავიდა. მსუბუქი და თითქმის 25 მეტრზე ატყორცნილი სარკეებიანი გადახურვა ნამდვილად გაგართობთ, თანაც აქედან ჟან ნუველის ტორე აგბარი, ანუ აგბარის კოშკიც მშვენივრად იმზირება. აქ პირდაპირ მეტროთი მოხვდებით და უამრავ ხაბახუბას დაინახავთ. წიგნები, ავეჯი, მუსიკალური საკრავები, ვინილები, ნახმარი და უხმარი სამოსი და ფეხსაცმელი. მოკლედ, სულო და გულო. შეიძლება 15 ევროთი მიხვიდეთ და ჩაცმულ-დახურული და ევრორემონტით დაბრუნდეთ შინ. სად წაიღებთ, თორემ კი.
მერწმუნეთ, სხვა ტიპის მაღაზიებიც მრავლადაა ბარსელონაში. თუ გაგიმართლათ და ფასდაკლებების პერიოდში მოხვდით – გადასარევი (მაგალითად, თებერვალი), ოღონდ არ დაგავიწყდეთ თვითმფრინავის ბარგის წონის ამბები. ცნობილი El Corte Ingles – ის სავაჭრო ცენტრები აქაც მრავლადაა. ისე კი El Born (გოთიკური უბანი) სავსეა პატარა და საყვარელი ბუტიკებით. გირჩევთ ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მაღაზიებში შეიხედოთ, სადაც კარგი ხარისხისა და თან ისეთ ჩანთებს გთავაზობენ, მხოლოდ თქვენ რომ გექნებათ მთელ თბილისში. ფასები 20 ევროდან. ამ უბანშივე ნახავთ რამდენიმე ძალიან მაგარ ვინტაჟური სამოსის მაღაზიას. კაბები აქ წონით იყიდება, ამიტომ ქსოვილს მიაქციეთ ყურადღება. ერთი კაბა რომ 17 ევრო გამოვა, მეორე შესაძლოა 65 დაგიჯდეთ.
ღამისთევა
სასტუმროებზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, ამისთვის სპეციალიზირებული და პროფესიონალური ვებგვერდები არსებობს. მე კი გირჩევთ, პირდაპირ კონტაქტზე “გახვიდეთ” ბინის გამქირავებლებზე და იმათგან იქირაოთ ბინები. ამ შემთხვევაში 2-ოთახიანი და 4-კაციანი ბინა ცენტრში დღე-ღამეში თითოს 17-25 ევრო დაგიჯდებათ. ბარსელონასთვის ეს ზღაპრული ფასია. ქალაქი ჰოსტელებითაა სავსე, რომლებიც გაცილებით მეტს გთავაზობენ, ვიდრე საწოლი და საერთო აბაზანაა. წინასწარ დარეგისტრირებისა და დასტურის შემთხვევაში, ისინი მთელი რიგი “ივენთების” სიას გახვედრებენ, სადაც ან უფასოდ, ან სიმბოლურ ფასად მოხვდებით. შესაძლოა იქ არც მუსიკამ და არც პერფორმანსმა მოგხიბლოთ, მაგრამ სამაგიეროდ შეხვდებით ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებმაც გასაკვირია და მოსმენა იციან. ხშირ შემთხვევაში ასეთი საინტერესო საღამოებისა და ადგილების შესახებ ვერსად წაიკითხავთ, ამიტომ გირჩევთ ჰოსტელების ეს ექსტრა სერვისი შეირგოთ.
ქალაქიდან მოკლევადიანი გადასახვეწები
ბარსელონადან შეგიძლიათ ჯირონა, ფიგუერესი, ტარაგონა, მონსერატი და სხვა პატარა და საინტერესო ქალაქები ნახოთ. ყოველი ქალაქისთვის თითო დღე უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტურისტობთ, თუ არადა, აქაც შეგიძლიათ სადმე ქვის კედელზე მიყრდნობა და დარჩენა. მით უმეტეს, რომ ერთი ამათგანი რომაული ესპანეთის დედაქალაქი იყო.
მონსერატისკენ გზად, პატარა ტექსტილის მწარმოებელ სოფელში გაუდის ტაძარს ნახავთ. ასიმეტრიის წყურვილი, ნაგებობის წარმოუდგენელი კონსტრუქცია და კიდევ უფრო უხილავ სივრცეში გამოკიდებული ჯვარცმა გულგრილს არ დაგტოვებთ. აქაც უამრავი სიმბოლო და ოპტიკური საოცრება დაგხვდებათ.
თავად მონსერატი ზღაპრული სილამაზის ბუთქუნა მრგვალი კლდეებია. წასვლამდე უნდა მოიფიქროთ, მიწით გინდათ ასვლა თუ ჰაერით – იმიტომ რომ იქ ჩამოსასვლელი მატარებლის გაჩერებები სხვადასხვაა. ფასზე ნუ იდარდებთ, ერთი და იგივეა. სამაგიეროდ საბაგიროთი ასვლის შემთხვევაში (ფეხზე მდგომი) ზღაპრული სილამაზის ხედებით დატკბებით, ხოლო “კუკუშკაში” თუ მოკალათდებით, სანახავი ფუნიკულიორზე ასვლამდე ბევრი არაფერი იქნება. მონსერატში წასვლა (Plaza España-ს გაჩერებიდან) მგზავრობა+ფუნიკულიორი 30-35 ევრო, ხოლო თუ ამას ლანჩსა და მუზეუმსაც მიამატებთ, 53-55 ევრო დაგიჯდებათ. მგზავრობასა და მუზეუმებს რაც შეეხება, აქაც მუშაობს პენსიონერების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ფასდაკლებები.
ფიგუერესში დალის სურეალიზმსა და ექსცენტრიკულობას ეზიარებით მისივე მუზეუმ-თეატრში. ყველაფერი, რაც სიზმარში გინახავთ და გიფიქრიათ, აქ დაგხვდებათ. მას ეყო სითავხედე, ხორცი თუ არა, ფერი მაინც შეესხა ყველა თავისი ფიქრისა და შიშისთვის. უსათუოდ წადით. მგზავრობა და მუზეუმში შეღწევა 30-35 ევრო დაგიჯდებათ. აქაც მშვენიერი შეღავათებია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფზე და პრესის თანამშრომლები საერთოდაც უფასოდ შეხვალთ დალისთან.
ჯირონაში რას ნახავთ? ჰაჰ! “სამეფო კარის თამაშებს”. სწორედ აქაა მე-5 და მე-6 სეზონების რიგი კადრები გადაღებული. ასე რომ, ძაან ჩვეულებრივი ლანისტერობა შეგიძლიათ მოაწყოთ ჯირონას საკათედრო ტაძრის მოედანსა და მიმდებარე ვიწრო ქუჩებში. ერთი-ორი ბოთლის შემდეგ დრაკონიც მოვა და დედაც დაგვიძახებს, რომ ავიდეთ, ვჭამოთ და მერე ჩავიდეთ ეზოში. აქვეა არაბული აბანო, სადაც შესვლა 2 ევრო ღირს და კიდევ უამრავი ლამაზი ხიდი. თუ ვერონაში ჯულიეტას მარცხენა ძუძუზე ხელი უნდა მოუსვათ, რომ შეყვარებულმა არასდროს მიგატოვოთ, აქ ბოძზე შესკუპული ქვის ლომი ჰყავთ, რომელსაც უკანალზე თუ აკოცებთ, ჯირონაში ფაიზაღი დაბრუნდებით. აქ რომაული ნანგრევების გარდა შუა საუკუნეების კუშტ ციხესიმაგრეებსაც ნახავთ და კიდევ შეგიძლიათ “ლა ფაბრიკაშიც” მოკალათდეთ და სატირალი ყავა და რამერუმეები მიირთვათ. იაფი არაა, მაგრამ ნუ რაღაცაში ჰო მაინც ღირს ფულის ფშვნა? https://www.lafabricagirona.com გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღე, მაგრამ 3 საათამდე მუშაობენ.
ტარაგონა – რომაული ესპანეთის დედაქალაქი და ხმელთაშუა ზღვის აივანი. სავსეა რომაული ამბებით, რომელთაც იუნესკო იცავს. იმის გარდა, რომ ულამაზეს საკათედრო ტაძარს ნახავთ, შეგიძლიათ მოინახულოთ რომაული აკვედუკი Aqüeducte de les Ferreres, იგივე ეშმაკის ხიდი. ჰოოო, აქ იციან ეგეთები თუ იციან არადა აკვედუკებით მხოლოდ წყალი მიეწოდებოდა ქალაქს რომაულ ხანაში. სადღაც 4 კილომეტრზეა ქალაქიდან და თავისუფლად შეძლებთ მისვლას. სანაპიროზე არაფერს დავწერ, თავად ნახავთ. რაც შეეხება საკვებს – მიეძალეთ მეთევზეების უბანს El Serrallo. აქ სულ ახალი თევზი და ზღვის პროდუქტები აქვთ. თითებს გაუფრთხილდით, არ ჩაიკვნიტოთ.
ზემოთაც აღვნიშნე, რომ ადამიანებისა და ინდივიდების კუთხით აქ ყველაფერია. ყველა ფორმითა და ფერით გამოხატული. ვის აღარ ნახავთ ბარსელონაში, განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც ტურისტებს არ მოსწონთ. ოღონდ აქ ყველა დათა თუთაშხიაა და არავინ არავის საქმეში არ ერევა. არავის აინტერესებს, რა პოსტი დაწერე გუშინ და ვინ ვის რა “დაუკომენტა” ფოტოზე. მგონი, აქ სახალხო არტისტები საერთოდ არ ჰყავთ.
კი ყველაფერი ლამაზი, მოვლილი, კულტურული და ლაღია ბარსელონაში, მაგრამ არის რაღაცები, რის გაკეთებასაც არ გირჩევდით. კაცია და გუნება, მაგრამ მაინც.
რა არ უნდა გავაკეთოთ ბარსელონაში
- არ მივაშტერდეთ ჩვენი აზრით “უცნაურ” ადამიანებს და მიშტერებას კიდევ რა უჭირს – არ გადავუღოთ ათასი ფოტო
- არ დავუწყოთ კატალონიელებს (განსაკუთრებით ასაკოვან მოქალაქეებს) კამათი იმაზე, ღირს თუ არა ესპანეთიდან გამოყოფა. და მხოლოდ ჩაი, მანდარინი და ბორჯომი ეყოფათ თუ არა არსებობისთვის
- არ ვიყიდოთ ქუჩაში შემოთავაზებული ნარკოტიკი (არანაირი) და არ გავყვეთ სადმე ამ უკანასკნელის “ასაღებად”
- არ ვიყიდოთ პლაჟზე ჭიქებით ჩამოტარებული ალკოჰოლური სასმელი
- არ შევიტანოთ პლაჟზე მინის ჭურჭელი
- არ დავტოვოთ ბარგი ან ჩანთა მეთვალყურეობის გარეშე. იმის გარდა, რომ დავკარგავთ, შესაძლოა ვინმეს ტერორისტი ვეგონოთ და აი მართლა შარია ეგა
- არ შევიძინოთ მუზეუმის და მგზავრობის ბილეთები არაოფიციალური ვებგვერდებიდან
- არ მივცეთ თანხა რკინიგზისა და მეტროსადგურებზე უცნობებს, რომ მათ შეგვიძინონ მგზავრობის ბილეთები. ძალიან მარტივია ბილეთების ყიდვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ენის გარდა არცერთი იცით. ბილეთების აპარატებთან ჯიბგირები აბირჟავებენ ხოლმე და ფრთხილად
- საზღვრის დატოვებისას კარგად შეამოწმეთ პასპორტი. ჩაგირტყათ თუ არა მესაზღვრემ ევროკავშირის დატოვების შტამპი. შემდგომში რამე რომ იყოს, შესაძლოა მოგედავონ, რომ იმაზე მეტხანს დარჩით, ვიდრე შეიძლებოდა.
მოდით, ახლა პრაგმატულად და კოხტად ჩამოვთვალოთ ყველაფერი და დავაჯამოთ. ხომ გინდათ?
ერთი დღე (7-დღიანი მოგზაურობიდან)
აეროპორტიდან ქალაქში – 9.40 ევრო (ორი გზა)
ვიძინებთ / ვიღვიძებთ 17-25 ევრო
საუზმე 4-10 ევრო
სამხარი 6-10 ევრო
სადილი / ვახშამი 10-15 ევრო
აუტი ღამით – გემოვნებით. ისე კი ჩამოვყაროთ მაინც 10 -15 ევრო
მუზეუმები – ან უფასო ან ფასდაკლებული, ამიტომ გადავანაწილოთ 2 ფასიანი ადგილი ერთ კვირაზე. დღეში დაახლოებით 4.30 ევრო
მეტრო, თუ ფეხით სიარული გეზარებათ – 2-3 ევრო
თუ ქალაქიდან გასასვლელ 2 მიმართულებას მაინც ავითვისებთ და გავყოფთ (თავის მუზეუმებიანად) დღეში დაახლოებით 15 ევროს მივიღებთ
ჰოდა თუ დავაჯამებთ, ერთი დღეში დაახლოებით 84-90 ევროს მივიღებთ. გადახედეთ და რაც ვერ უმზერს თქვენს ჯიბეს ლამაზად – ამოყარეთ. იმაშიც ჩამოყალიბდით მოგზაური ხართ თუ – ტურისტი. წარმატებები!