fbpx

ძმები ზუბალაშვილების არქივი ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე
ფოტო: რეზი ყენია


პირველ ნოემბერს ეროვნულ მუზეუმში ძმები ზუბალაშვილების არქივის გამოფენა გაიხსნა. ზუბალაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვით XIX-XX საუკუნის თბილისის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. მათი გვარი ქართულ დოკუმენტურ წყაროებში XVII საუკუნიდან გვხვდება. მათ სახელს უკავშირდება თბილისში ერთ-ერთი  მასშტაბური ქარვასლის გახსნა, პირველი პედიატრიული საავადმყოფოს მოწყობა, რუსეთსა და ევროპაში ახალგაზრდებისთვის სტიპენდიების დაწესება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობა, სათავადაზნაურო ბანკის, მარჯანიშვილის თეატრის, თბილისის კონსერვატორიისა   და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის ჩამოყალიბება. ამისათვის ძმებმა ზუბალაშვილებმა დიდი თანხები გაიღეს.

 


თავად არქივი დიდხანს  იქმნებოდა და 114 წლის განმავლობაში წარმოადგენდა შთამომავლების საკუთრებას შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში. მათ მემკვიდრეობაში დაცული დოკუმენტები და ნივთები წელს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. არქივში შესული ნივთებიდან ბევრი უნიკალურია, მათ შორისაა: დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომები, ფოტომასალა, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის შენობის მშენებლობას ასახავს, წიგნები საქართველოს ისტორიის, კავკასიის და არქეოლოგიის შესახებ. არქივი ამავდროულად აერთიანებს ჟურნალ „ივერიასა“ და „ჯეჯილის“ დაფინანსებისას შენახულ მიმოწერას, წარმოდგენილია რუკები და საეკლესიო კალენდრები, რომლებიც განკუთვნილია როგორც მართლმადიდებელი, ისე კათოლიკე და მაჰმადიანი მრევლისთვის.

 


ცნობილია, რომ XIX-XX საუკუნის თბილისი განსაკუთრებული სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. ფაქტობრივად, თბილისის ურბანულ ატმოსფეროს სრულად ქმნიდა მულტიკულტურული გარემო, გაცვლისა და ღირებულების ფართო სპექტრი; ამასთან მკვიდრდებოდა ფოტოგრაფია, ახალი სტილი და მოდა. ზუბალაშვილების არქივი ამ პროცესებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ნივთები და დოკუმენტები, რომლებიც ერთ დროს ბიუროკრატიულ, ან საწარმოო ურთიერთობებს აღნიშნავდნენ, ან სულაც უბრალო ასლების ღირებულება ჰქონდათ,  დღეს უნიკალური აურის მატარებლები ხდებიან. მათი საშუალებით ჩვენ ვიგებთ არა მხოლოდ ქალაქის წარსულს, არამედ შეგვიძლია იმ გარემოს წარმოდგენა, რომელსაც ესა თუ ის ნივთი მიეკუთვნებოდა და რაც მთავარია, იმის გარკვევა, თუ რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდათ მათ ერთმანეთთან.

 

 

გარდა ამისა, ძმები ზუბალაშვილების საარქივო კოლექციით, მისი ფართო საზოგადოებისათვის წარმოდგენით, შესაძლებელი ხდება იმ პროცესზე დაკვირვება, რომელსაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის შენება ჰქვია. ჩვენ წინაშე ცოცხლდებიან ის იდეალები, რომლებიც მეცენატების საგვარეულოს ოთხი საუკუნის განმავლობაში ქართული ეკონომიკის და კულტურის გამდიდრებისკენ უბიძგებდა. ამ მხრივ, ზუბალაშვილების არქივი უნიკალურია, რამდენადაც მათი ქველმოქმედების, საქმეების და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე საზოგადოებრივი ხედვები, ჩვენი ღირებულებები და გარემო, რომელშიც  გვინდა ცხოვრება, რომელშიც უმცირეს დეტალებს უდიდეს პროცესებთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი.

გამოფენის პარალელურად მზადდება ციფრული არქივი, რაც კოლექციას უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს. დოკუმენტების გასაჯაროება არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა მათ საკვლევად, შესასწავლად, ისტორიის და ცოდნის გასამდიდრებლად.

ზუბალაშვილების არქივის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოტანა თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და Georgian Airways-ის თანამონაწილეობით განხორციელდა.

გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.