fbpx

Golden Globe Awards კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ შესახებ


გააზიარე სტატია

 

Golden Globe Awards ქართველი კინორეჟისორის – ზაზა ხალვაშის ფილმ “ნამეს” შესახებ წერს. ხალვაშის ფილმი, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაჯილდოვებაზე, უცხოური ფილმების ნომინაციისთვის იბრძოლებს.

ქართულ ფილმ “ნამეს” ყურებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის უბრალოდ ციდან არ ჩამოვარდნილა. ქართული კინო ხატოვან ტრადიციას ეყრდნობა, რომლის საფუძველიც მის საუკუნოვან ლიტერატურულ, შემოქმედებით და თეატრალურ კულტურაზე დგას. საბჭოთა ცენზურის პირობებშიც კი, როცა საქართველო – დღეს უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა – საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ქართული ფილმები გამორჩეული და სიცოცხლით სავსე გახლდათ. დიდი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფეილინი აღმერთებდა ქართულ კინოხელოვნებას: “ქართული ფილმი” ამბობდა ის “სრულიად უნიკალური ფენომენია, კაშკაშა, ფილოსოფიურად შთამაგონებელი, ბრძენი და ბავშვური. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ამატიროს და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ატირება ადვილი საქმე არაა”.

“ნამეს” რეჟისორია ზაზა ხალვაში. საქართველოსა და ლიტვის ამ კო-პროდუქციის საერთაშორისო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ხალვაშის სცენარი ქართული ეროვნული ფოლკლორისა და ამ ძირძველი კავკასიური ქვეყნის თანამედროვე მოვლენების ნაზავს წარმოადგენს. ალი (ალეკო აბაშიძე) მემკვიდრეობით იღებს თავისი ოჯახის მისიას: დაიცვას ადგილობრივი წყარო, რომელსაც, გადმოცემით, სამკურნალო თვისებები აქვს. მას ყავს სამი ვაჟი – ერთი მართლმადიდებელი მღვდელია, მეორე მუსლიმი მოლა და მესამე ათეისტი მასწავლებელი. არცერთ მათგანს არ სურს მამის ცხოვრებისეული მისიის გადაბარება. მხოლოდ მისი ახალგაზრდა და მშვენიერი ქალიშვილი – ნამე ინახავს ოჯახის ტრადიციებს, მაგრამ ისიც “ნორმალური” ცხოვრებისკენ მიილტვის, იმისთვის რომ დატოვოს მონოტონური ყოფა მთაში, შეუყვარდეს და შექმნას ოჯახი.

ნამეს არ აქვს სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობების უფლება, რადგან მის გარეშე ჯადოსნურ წყაროს ამოშრობა ემუქრება. ამის მიუხედავად, მას მაინც უყვარდება და წყაროც ნელ-ნელა კარგავს თავის ძალას. ამასთან ერთად წმინდა წყალი კვდება დაბინძურებისგან და სოფლის ძირძველი ცხოვრების წესიც, ახლომახლო დაწყებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო თანდათანობით ქრება.

რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა ამ პროექტზე მუშაობა ფილმის პრემიერაზე მუშაობამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. „სცენარი 2010 წელს დავწერე. აქედან მოყოლებული დაფინანსების ძიებაში გავატარე და როცა ფული მოვიძიეთ, ჩემი ჯერიც დადგა, რომ იდეები ეკრანზე გადმომეტანა. 2016 წელს მივიღე დაფინანსება ეროვნული კინოცენტრისგან და ფილმის გადაღებაც დავიწყე.“

რეჟისორმა ფილმში არაპროფესიონალი და დამწყები მსახიობები გადაიღო. მთავარი როლისთვის მან მარისკა დიასამიძე შეარჩია, რომელიც თავად ახალგაზრდა რეჟისორია. ხალვაში 1957 წელს ქალაქ ბათუმში დაიბადა. 1979-ში მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ის ასევე სწავლობდა კინორეჟისურას ორ ცნობილ ქართველ რეჟისორისორთან – თენგიზ აბულაძესა და რეზო ჩხეიძესთან. კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მან ორი ფილმი “იქ, ჩემთან” (1990) და “მიზერერე” (1996) გადაიღო. 2015 წელს ის იყო ასევე სრულმეტრაჟიან ფილმ “სოლომონის” რეჟისორიც. ამჟამად ზაზა ხალვაში თავის დროს კინოპროექტებზე მუშაობასა და ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში ლექციების კითხვას შორის ანაწილებს.

 

ავტორი: სერჟ რახლინი
ორიგინალი: https://goldenglobes.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.