fbpx

Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის 2018 წლის ჯილდოს მფლობელი თინათინ რუხაძე გახდა


გააზიარე სტატია

 

Veuve Clicquot-ს სახელობის საქმიანი ქალის 2018 წლის დაჯილდოების ცერემონიალი 20 დეკემბერს მრავალფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“ გაიმართა. გამარჯვებულს საპატიო ჯილდო  – სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით დოროტეა შედვილმა – ევროპის ქვეყნებში Veuve Clicquot-ს სახლის  ბიზნეს განვითარების მენეჯერმა გადასცა. თინათინ  რუხაძე  Veuve Clicquot-ს ბრენდის ელჩი იქნება 2019 წლის განმავლობაში, აგრეთვე, მისი სახელი დაერქმევა ვაზის ერთ ძირს საფრანგეთში, Veuve Clicquot-ს ვენახში.

 

 

Veuve Clicquot ლუქს-კლასის შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია. Veuve Clicquot – „კლიკოს ქვრივს“ ნიშნავს. ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს.

საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად, რომელიც საქართველოში წელს მეორედ გაიცა, ეროვნულმა ჟიურიმ ოთხი ნომინანტი შეარჩია: ნინო კვერნაძე (კომპანია „უდაბნოს“  ხელმძღვანელი), თამარ ჩიგოგიძე (რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი), თინათინ რუხაძე (კვლევითი საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი), თამარ ბაღდავაძე (სასტუმროების  „კოსტესა“ და „Green Tower“ თანადამფუძნებელი და დირექტორი). ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ირმა დაუშვილი, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და მმართველი, „Veuve Clicquot-ის საქმიანი ქალის ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებული; გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების – „საქმიანი დილასა“ და „ბიზნესკონტრაქტის“ ავტორი; ნინო ზამბახიძე, საქართველოს  ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი. Veuve Clicquot – საქმიანი ქალის ჯილდოს მედია-პარტნიორია ჟურნალი „ამარტა“.

 

 

1972 წელს, შამპანურის სახლის დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე, მადამ კლიკოს დამსახურების კიდევ ერთხელ დასაფასებლად, Veuve Clicquot-ის საქველმოქმედო ფონდმა „Veuve Clicquot – საქმიანი ქალის ჯილდო“ დააწესა.  ბარბ-ნიკოლ კლიკოს ხსოვნის პატივსაცემად დაარსებული ჯილდო იმ ქალებს გამოარჩევს, რომლებიც „შამპანურის დედოფლად“ აღიარებული კლიკოს მსგავს თვისებებსა და უნარს ავლენენ: სამეწარმეო ნიჭს, გამბედაობას, ინოვაციურ ხედვას და დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელ შეუპოვრობას.

 

 

1805 წელს 27 წლის ქალბატონმა კლიკომ, მეუღლის – ფრანსუას გარდაცვალების შემდეგ, შამპანურის წარმოების ბიზნესი გადაიბარა. მას არასოდეს აშინებდა სიახლე, თამამად მიდიოდა რისკზე. მისთვის ამოსავალი იყო საკუთარი შამპანური ღვინოების ხარისხის განუხრელი დაცვა და თავადაც დანერგა წარმოების სრულყოფილებამდე მისული ტექნოლოგია. მადამ კლიკოს  სახელს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია ღვინის სამყაროში, როგორიცაა: რემუაჟის მაგიდის გამოგონება (მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს შამპანურის ნალექისგან დაწმენდას), პირველი ვინტაჟი და პირველი როზე, რომელიც წითელი და თეთრი ღვინის შერევით მიიღება.

 

 

„ჯილდო იმ ქალებს გადაეცემათ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ბიზნესის სფეროს გამრავალფეროვნებაში, ხოლო მათი წარმატების შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, თავად ქალბატონი კლიკოს მიერ დამკვიდრებულ მახასიათებლებს ითვალისწინებენ: საქმიან ალღოს, ფინანსურ წარმატებას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და ნოვატორულ თვისებებს,“ –  აცხადებს დოროტეა შედვილი, Veuve Clicquot-ს სახლის  ბიზნეს განვითარების მენეჯერი ევროპის ქვეყნებში – „Veuve Clicquot-მ საქმიანი ქალის ჯილდო 1972 წელს, შამპანურის სახლის ორასი წლის იუბილეზე დააწესა. იმ დროისთვის ეს ჭეშმარიტად ინოვაციური ნაბიჯი და ქალების ემანსიპაციის წინაპირობა იყო, მათ შორის, სამუშაო ადგილებზეც.  ჯილდო ქალი მეწარმეების გამბედაობას აღნიშნავს და კოლეგებს შორის შამპანურის „La Grande Dame“-ად (დიდებულ ქალბატონად) აღიარებულ მადამ კლიკოს ეძღვნება. ვფიქრობ, მადამ კლიკო გამარჯვებულ ქალებს ეტყოდა, რომ კიდევ უფრო გაბედულნი ყოფილიყვნენ, არ შეეწყვიტათ მცდელობა, გაერისკათ და მეტი ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ! გამარჯვებულთა ბიოგრაფიები ყოველთვის წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ეს ქალები მისაბაძი მაგალითები არიან.“

1772 წელს დაარსებული შამპანურის სახლი Veuve Clicquot 1987 წლიდან LVMH Group-ის შემადგენლობაშია. კომპანიის სათავო ოფისი რეიმსში მდებარეობს. მას სათავეში ქალი, სესილ ბონფონდი უდგას. კომპანიის ვენახები 393 ჰექტარზეა

გადაჭიმული, სარდაფების სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენს, პროდუქცია კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება. საქართველოში Veuve Clicquot-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „GD ალკო“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.