იაპონურმა კაფემ პარალიზებული ადამიანები რობოტების საშუალებით დაასაქმა
თუ თქვენ The Jetsons-ების ყურებაში გაიზარდეთ, სავარაუდოდ სულ გინდოდათ Rosie-ს მაგვარი რობოტი-მოსამსახურე გყოლოდათ. მიუხედავად იმისა, რომ the Jetsons მეტწილად ფანტაზიის ნაყოფი იყო, რობოტი-მოსამსახურეები სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდებიან. მათ უკვე კაფეებშიც კი იყენებენ, მაგალითად, როგორც ნეპალის რესტორან Naulo-ში, სადაც სამი რობოტი-ოფიციანტი სახელად “Gingers” არის “დასაქმებული”.
სულ ცოტა ხნის წინ ტოკიოში ორი კვირით გაიხსნა კაფე Dawn Ver Beta, რომელიც კლიენტების მომსახურებისას Orly Lab-ის რობოტებს იყენებდა. კაფეში ყველაზე ბრწყინვალე რამ ის იყო, რომ ამ რობოტებს დისტანციურად მართავდნენ უკიდურესად უნარშეზღუდული ადამიანები. პროექტის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ დახმარებოდა პარალიზებულ ადამიანებს მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
კაფეში 10 ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ამიოტროპული ლატერალური სკლეროზითა (ALS) და ხერხემლის ტვინის სხვა დაზიანებებით იყვნენ დაავადებული. ისინი დაახლოებით 1.3 სიმაღლის OriHime-D რობოტებს თავიანთი სახლებიდან მართავდნენ და საათში 1000 იენს ($9) იღებდნენ.
რობოტი იმართებოდა კომპიუტერის დახმარებით, რომელიც საწოლზე მიჯაჭვული ადამიანის თვალის მოძრაობებს აღიქვამს. ეს ტექნოლოგია შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს რობოტების გადაადგილების, ნივთების აღებისა და ლაპარაკის საშუალებას აძლევდა. საბოლოო ჯამში, უნარშეზღუდულები რობოტებს თავიანთ “წარმომადგენლებად” იყენებდნენ.
“მინდა შევქმნა ისეთი სამყარო, სადაც ადამიანებს, რომლებსაც სხეულის მოძრაობა არ შეუძლიათ, მაინც ჰქონდეთ მუშაობის შანსი”, – განაცხადა Ory Lab. Inc. -ის ხელმძღვანელმა კენტარო იოშიფუჯიმ.
კაფე Dawn Ver Beta, როგორც მისი სახელი გვაუწყებს, ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში, ორიოდე კვირით გამოსცადეს. მისი შემქმნელები ჯერ კიდევ ეძებენ ინვესტიციებს, რომ დაწესებულება 2020 წელს სრული დატვირთვით გ ამუშავდეს.