fbpx

დაივიწყეთ ვინილები: 2019-ში კასეტები ბრუნდება


გააზიარე სტატია

 

კასეტებს უკვე მხოლოდ მანქანებისთვის განკუთვნილ ჯიხურებში როდი შეხვდებით. ახლა მათზე ახალი ალბომები გამოდის, ამაზონზე იყიდება და, როგორც წესი, ვინილზე უფრო ძვირიც ღირს…

ამ შავ პარასკევს, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო უახლესი, ხმაურის დამხშობი ბლუთუს დინამიკების ხელში იაფად ჩაგდებას ცდილობდა – ან სულაც რეტრო ფირსაკრავს ყიდულობდა, რათა ვინილის ხელახლა დაბადების ტრენდის ნაწილი გამხდარიყო – ადამიანების მცირე, მაგრამ მზარდი ჯგუფი სხვა კატეგორიაში შოპინგობდა.

სიტყვები „ეარპოდები“ და „მეგაბუმსი“ მათთვის უცხოა. მათ უფრო ის ფორმატი აინტერესებთ, რომელიც, ბევრის აზრით, დიდი ხნის წინ მოკვდა და რომლის ხელახლა დაბადება უფრო სიმბოლურ ჰიბსტერულ ტრენდად მიიჩნეოდა და არა მომავლის ფორმატად.

და მაინც, კასეტები დაბრუნდა. ამაზონი ახალ ალბომებს ყიდის, ხოლო იბეი მათით გადატენილია. მაგრამ ისინი იაფი სულაც არ ღირს. უფრო მეტიც, კასეტები კიბერ ორშაბათის ფასდაკლებაშიც კი ვერ მოხვდა.

კასეტების გაყიდვები შარშან დიდ ბრიტანეთში გაორმაგდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი მუსიკალურ ბაზარზე ჯერ ძალიან მცირეა (1%-ზე ნაკლები), 2017 წელს მაინც 22 000 ახალი კასეტა გაიყიდა. მიმდინარე წლის ივლისში „ჩარტების ოფიციალური კომპანიის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით გაყიდვები 90%-ით გაიზარდა. ოქტომბერში აღინიშნა Cassette Store Day-ც, Record Store Day-ს ანალოგი.

DJ magazine კი აღნიშნავს, რომ კასეტების ხელახლა დაბადება ელექტრონული მუსიკის სცენის არსებითი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ასე ნაკლებად ცნობილ არტისტებს ალბომების შეზღუდული რაოდენობით გამოცემის შესაძლებლობა მიეცათ: „კასეტებმა შექმნა შესაძლებლობა, რომ მუსიკამ, რომელიც სხვაგვარად ამას ვერ მოახერხებდა, მსოფლიო აუდიტორიას ხმა ფიზიკურ ფორმატში მიაწვდინოს“.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე კასეტას, რომელთა შეძენაც ახლა ამაზონზე შეგიძლიათ, და ასევე იაფფასიან შემოთავაზებებს იბეიდან, რომლებზეც შეიძლება ხელი წაგიცდეთ…

 

Nirvana: Nevermind

ალბომი თავდაპირველად 1991 წელს გამოვიდა, ხოლო ეს კასეტა – 2016 წელს. ამ ეპოქალური ალბომის რემასტერინგზე და გამოქვეყნებაზე ხმის ჩამწერი სტუდიის საუკეთესო თანამშრომლები მუშაობდნენ. შედეგი კი საოცარია! I feel stupid and contagious! Here we are now zzZZsccchhhhhh  და ა.შ. 

მხოლოდ £16.16!  ამ წუთისთვის Nevermind-ის კასეტის ფორმატში ყიდვა მისი შეძენის ყველაზე ძვირიანი გზაა (ვინილი £12-ზე ნაკლები ღირს).

 

AC/DC: Back In Black

სონის მიერ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ამ ალბომის მოსმენა ახლა ისე შეგიძლიათ, როგორც ეს  უმეტესობა ჩვენგანმა მისი თავდაპირველი გამოსვლისას გააკეთა: ავტოფარეხში, კასეტების დამკვრელის ბოლო ხმაზე აწეული დინამიკებიდან.

მხოლოდ £16.33!

 

Queen: Bohemian Rhapsody Soundtrack

ეს ალბომი აქამდე კასეტაზე არ გამოსულა! …იმიტომ, რომ არც არასდროს არ გამოსულა. ფილმის საუნდტრეკები ქვინის კოლექციონერებს ნამდვილად დააინტერესებთ.

მხოლოდ £14.99!

 

Metallica: …And Justice for All (Remastered) Limited Edition

ალბათ კასეტაზე გამოსული ერთადერთი ახალი ალბომია, რომელიც იაფად შეგვიძლია მივიჩნიოთ: მას იგივე ფასი აქვს, როგორც დისკს, მაგრამ მომავალში, კასეტების პოპულარობის ზრდასთან ერთად, უეჭველად იშვიათობა იქნება. ახლა მისი ყიდვა და ხარისხიანი მუსიკით ძველებურად დატკბობა ათ ფუნტზე ნაკლებად შეიძლება. მაგრამ, ძველი დროისგან განსხვავებით, ამჯერად გეცოდინებათ, რომ ბასების ნაკლებობა გაფუჭებული მაგნიტოფონის ბრალი არაა. (ამასაც დახედეთ: The $5.98 E.P. – Garage Days Re-Revisited.)

მხოლოდ £9.99!

 

Mudhoney: Superfuzz Bigmuff 

1988 წელს რომ თქვენთვის ვინმეს ეთქვა, ეს არაპოპულარული, ექვსი კომპოზიციისგან შემდგარი EP ისე გაიქაჩება, რომ კასეტაზე ხელახლა გამოუშვებენო, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულად მისი მოსმენა იუთუბზე და სფოთიფაიზე უფასოდ შეიძლება – და ტელეფონებზეც ხელმისაწვდომია – Deezer-ზე, Apple Music-ზე ან Amazon Music Unlimited-ზე –  ძალიან დაიბნეოდით. იმიტომ რომ ალბათ ერთადერთი სიტყვა, რომლის მნიშვნელობასაც გაიგებდით, „კასეტაზე“ იქნებოდა.

მხოლოდ £12.55!

ახლა კი ამ მომენტისთვის იბეიზე არსებულ საინტერესო შემოთავაზებებს გადავავლოთ თვალი:

 

20 Original 70’s/80’s Rock/Heavy Metal Cassette Tapes: £20

 

შემსრულებლები: Motorhead, Magnum, Bon Jovi, Kiss, Sabbath, Maiden. სულ 20 კასეტა. თითო ერთ ფუნტად. პლუს საკმაოდ კარგი შანსი იმისა, რომ გამყიდველს ფასი დააკლებინოთ.

 

Led Zeppelin III 1970 original: £10.99

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდა შეხვედრაზე: “მოკლედ, ვინილის გარეკანი ძალიან მაგარია. კალეიდოსკოპურია და ფერების ბორბალი აქვს, რომელიც შეგიძლია დაატრიალო. ფერადია, კონცეპტუალური და ულამაზესი. კასეტისთვისაც რამე მსგავსი ხომ არ გაგვეკეთებინა?“

ხმის ჩამწერი კომპანია: „არა“.

 

Iron Maiden: Iron Maiden: £4.99

 

Fame-ის მიერ ხელახლა გამოშვებულ Iron Maiden-ის სადებიუტო ალბომის ქავერს დერეკ რიგზის უზადო ილუსტრაცია ამშვენებს. Fame 1982 წელს დაარსებული დაბალბიუჯეტიანი ლეიბლი იყო, რომელიც ალბომებს ხელახლა უშვებდა.  ამიტომ, მიუხედავად გამყიდველის მითითებისა, რომ კასეტა „ორიგინალია“, ის სინამდვილეში 1982 წლის მერე გამოუშვეს. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კასეტა მაგნიტოფონში საერთოდ რომ არ ჩადოთ და უბრალოდ თაროზე შემოდოთ, იქაურობას მაინც დაამშვენებს.

 

A Briefcase Full Of… Rock: £20

Image result for A Briefcase Full Of... Rock:

 

აბა, ამას დახედეთ! 32 კასეტა ერთ ქეისში, ლედ ზეპელინის, ტომ პეტის, ჯეთრო ტალის, ბრიუს სპრინგსტინისა და სხვა შემსრულებლების ავტორობით. მოკლედ, მთელი დღე უნდა ჩაუჯდე და უსმინო. შეკვრა წესით, 15 ფუნტზე ნაკლებად უნდა იყიდოთ, ასე კი როკის ისტორიით სავსე უცნაური პლასტმასის თითო ნივთს 50 პენსზე ნაკლები უწევს.

 

Def Leppard: Hysteria (Chrome tape): £3.00

აჰა, ქრომი. ქრომის კასეტები მაღალი გარჩევადობის აუდიო ფორმატი იყო, რაც, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ცოტათი ნაკლებ შიშინს“ ნიშნავდა. ეს ალბომი სწორედ ასეთნაირად ჩაწერილი უნდა მოისმინოთ. ჩადეთ კასეტა მაგნიტოფონში, მერე მაგნიტოფონი მხარზე შემოიდგით, ბოლო ხმაზე აუწიეთ და გამთენიისას ყოფილი შეყვარებულის სახლთან  დადექით, რათა ძველი, კარგი დრო გაახსენოთ.

 

U2: Achtung Baby (შავი ნიჟარა): £0.99

აქამდე გამოთქმა „შავი ნიჟარა“ გაგონილი არ გვქონდა, მაგრამ – ზუსტად ისე, როგორც ვინილების კოლექციონერები ტრაბახობენ ფერადი ვინილებით – არაფერია ცუდი იმაში, რომ კასეტების კოლექციონერებიც მოიწონებენ თავს. თქვენ წინაშეა U2-ს ალბომი, რომელმაც მათი კარიერა გადაარჩინა; და, რაც მთავარია, „შავ ნიჟარაში“.

 

Todd Rundgren Cassette Bundle with Beefheart: £5

ამ გამყიდველისთვის ყველაფერი სულერთია. ის ტოდ რანდგრენის კოლექციას ყიდის, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის მასში Captain Beefheart-ის დისკიც შეურია. ბითლზისებრი მოსაწყენი პოპის სამი კასეტა და ერთიც მოუსმენადი დამტვრეული ბლუზით, რომელიც იმაზე უკეთესი ნამდვილად არ იქნება, ვიდრე ხმა, რომელსაც მაშინ გაიგონებდით, თქვენი მაგნიტოფონი რომ კასეტას ღეჭავდეს. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!

 

ორიგინალი: https://loudersound.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი

"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი

"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი
ადამიანებს, რომლებიც  თავის მუსიკას ჯერ კიდევ ბაზრობებსა და კანტიკუნტად შემორჩენილ დისკების მაღაზიებში ყიდულობენ, სავარაუდოდ, ეჭვი არ გასჩენიათ, რომ დისკი Tbili orgia - ULTRA AFTER PARTY HITS სინამდვილეში თბილისში კარგად ცნობილი მუსიკოსების ტრეკებს შეიცავდა
მუსიკის ინდუსტრიის 40-წლიანი გაყიდვების ვიზუალიზაცია

მუსიკის ინდუსტრიის 40-წლიანი გაყიდვების ვიზუალიზაცია

მუსიკის ინდუსტრიის 40-წლიანი გაყიდვების ვიზუალიზაცია
რამდენ ფულს შოულობდნენ ჩამწერი სტუდიები 40 წლის წინ და როგორ განვითარდა გაყიდვების დინამიკა ციფრულ ეპოქაში - ამის შესახებ შესანიშნავი ვიზუალიზაციებით შეიტყობთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.