შეკერე შენი სათამაშო – “ოლაფინია” სეზონის საუკეთესო საჩუქარი ბავშვებისთვის
ფოტო და ვიდეო: გიორგი მიქელაძე
რა უნდა ვქნათ, რომ კომპიუტერისა და ვიდეოთამაშების ეპოქაში სათამაშო ბავშვისთვის საინტერესო და სასურველი იყოს? ნუცი და სოფო მალაშხიებმა გადაწყვიტეს ისეთი სათამაშო შეექმნათ, რომელსაც ბავშვი თვითონ შეკერავს და ამის გამო თოჯინა საყვარელი ნივთი გახდება. გაგაცნობთ “ოლაფინიას” და გირჩევთ მას, როგორც საუკეთესო სათამაშოს თქვენი ბავშვებისთვის.
საიდან გაჩნდა “ოლაფინიას” შექმნის იდეა?
დღეს, როდესაც არაფრის დრო არ გვაქვს, გვინდა, ყველაფერი მოვასწროთ – საქმეც, შვილებიც, მეგობრებიც… საბოლოოდ გამოდის, რომ ბოლომდე ჩართულები არასდროს ვართ საქმიანობაში, რასაც იმ კონკრეტულ მომენტში ვაკეთებთ და ეს ყველაზე მეტად გასაფრთხილებელია ბავშვებთან ურთიერთობისას.
როცა ბავშვი და მშობელი ერთად არიან დაკავებული რამე ახლის შექმნით, რაც ორივეს სრულ ჩართულობას და ყურადღებას მოითხოვს, ამ დროს მათ შორის ყველაზე დიდი სიახლოვეა და ბავშვის განვითარებაზე ეს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
გვინდოდა, ისეთი სათამაშო გაგვეკეთებინა, რომლითაც შვილებთან ერთად ჩვენც სიხარულით ვითამაშებდით და თამაშის გარდა, ეს მათ რაღაც ახალს შესძენდა, სასარგებლო იქნებოდა მათი განვითარებისთვის. ასე გაჩნდა „ოლაფინია“ – DIY სათამაშო, რომელსაც ბავშვი თვითონ კერავს.
რას ნიშნავს “ოლაფინია”
ძალიან დიდხანს ვფიქრობდით სახელზე. გვინდოდა, მოგვეძებნა ისეთი ქართული სიტყვა, რომელსაც არ გადავთარგმნიდით და ყველა ენაზე ერთნაირად იქნებოდა. სათამაშოსთან, თამაშთან, ბავშვობასთან დაკავშირებულიც უნდა ყოფილიყო და საქართველოსთანაც, რადგან ჩვენი გმირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან. ჩვენ წარმოშობით მეგრელები ვართ, ალბათ ამანაც იმოქმედა და მივაგენით მეგრულ სიტყვას – „ოლაფინიას“, რომელიც მაშინვე მივხვდით, რომ ზუსტად ის იყო, რასაც ამდენი ხანი ვეძებდით. „ოლაფინია“ სათამაშოს ნიშნავს და თან ლამაზი სიტყვაა.
რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ პერსონაჟები სხვადასხვა რეგიონიდან და რა მახასიათებლები აქვთ პერსონაჟებს რეგიონების მიხედვით? გვესაუბრეთ მათ სახელებზეც.
ეს ჩვენი საქართველო კი არის პატარა, მაგრამ იმდენ საინტერესო, ლამაზ, სანახაობრივ, ისტორიულ და აუცილებლად საცოდნელი ადგილს და ამბავს იტევს, რომ შეიძლება ბევრი ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყანა ვერ აგროვებდეს ერთად. ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ მინიმალური ცოდნა ბავშვებს პატარაობიდანვე ჰქონდეთ და მერე უფრო და უფრო გაუღვივდეთ ინტერესი. ყველაზე კარგად კი თამაშით იმახსოვრებენ პატარები.
როდესაც ბავშვი საკუთარი იმპროვიზაციით და ფანტაზიით შექმნის კოლექციას, იმ კოლექციაში შეიძლება კახელი გოგო იყოს, რომელსაც იმერელი მეგობარი ჰყავს, ერთად უვლიან ძროხას და ქათმებს და სვანურ კოშკში ცხოვრობენ.
„ოლაფინიას“ პერსონაჟები სხვადასხვა კუთხიდან არიან, მათი მახასიათებელი კი მათი ტანისამოსია. ვეძებეთ და შევისწავლეთ რომელი კუთხის ტანისამოსი როგორ გამოიყურება, რა დეტალები აქვს ისეთი, რომელიც სხვაგან არსად მეორდება და მათზე დაყრდნობით შევქმენით ჩვენი პერსონაჟების სამოსიც, უფრო გათანამედროვებული და დღევანდელობაზე მორგებული, მაგრამ ამავდროულად იმ კუთხისთვის სახასიათო. სახელებიც ასე შევურჩიეთ, ზოგმა პერსონაჟმა კი თვითონ გვიკარნახა საკუთარი სახელი, მაგალითად, დებმა სოფომ და ნუცამ.
რისგან შედგება “ოლაფინიას” ყუთი და რამდენად მარტივია ბავშვისთვის შეკეროს საკუთარი სათამაშო
ოლაფინიას ყუთში ყველაფერია, რაც საჭიროა სათამაშოს შესაკერად: ქსოვილი, რომელზეც დაბეჭდილია სათამაშოს წინა და უკანა მხარე, ბავშვისთვის უსაფრთხო სპეციალური ნემსი, ძაფი და ბამბა, რომლითაც უნდა შეავსონ შეკერილი ქსოვილი და ითამაშონ მათ მიერვე შექმნილი სათამაშოთი. ინსტრუქციაში, რომელიც ასევე ყუთშია მოთავსებული, ყველა ნაბიჯი ზედმიწევნითაა ახსნილი, რომ ბავშვისთვის ეს პროცესი მარტივი და სახალისო იყოს.
სად შეიძლება “ოლაფინიას” შეძენა
ოლაფინიას შეძენა შესაძლებელია ონლაინ – ჩვენს facebook & Instagram გვერდების საშუალებით და გვიხარია, რომ ამის თქმა პირველად ახლა გვიწევს – სუპერის ქსელის ყველა დიდ მაღაზიაში.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, აპირებთ ახალი პერსონაჟების შექმნას?
დიდი და საინტერესო სამომავლო გეგმები გვქონდა იდეების დონეზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავინახეთ რომ ჩვენი ოლაფინია ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ვგეგმავდით და ხალხის რეაქციაც ისეთი დადებითი და მოტივის მომცემია, უკვე დავიწყეთ ამ იდეებზე მუშაობა და მათი რეალობად ქცევა. არ დავარღვევთ ჩვენს მთავარ პრინციპებს, ახალი სათამაშოც იქნება DIY, იქნება საინტერესო, ახლის მომცემი, ბავშვის განვითარებისთვის და აზროვნებისთვის სასარგებლო, დანარჩენს კი ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.