fbpx

გაზის გაჟონვის აღმოჩენის 4 გზა და უსაფრთხოების წესები


გააზიარე სტატია

 

უყურადღებოდ დატოვებული გაზის გაჟონვის წყარო შეიძლება საშიში იყოს თქვენი სიცოცხლისთვის. იმის დასადგენად, ჟონავს თუ არა გაზი თქვენს სახლში, ბევრი გზა არსებობს – მათ შორისაა გაზის დეტექტორიცა, რომელიც ჰაერში აირების შემცველობას აკონტროლებს. გაჟონვის სავარაუდო წყაროს მიგნებისას, თქვენ შეგიძლიათ ამ ადგილის საპნიანი წყლით შემოწმება. მას შემდეგ, რაც დაადგენთ გაზის გაპარვის ადგილს, გადაკეტეთ გაზის მილი და გამოიძახეთ სპეციალისტი დაზიანების შესაკეთებლად.

 

მეთოდი 1: გაზის დეტექტორები

1-1. განათავსეთ სახლში მხუთავი აირის დეტექტორები – მხუთავი აირი (CO) უფერული და უსუნო ტოქსიური გაზია. იმის გამო, რომ CO ჰაერზე უფრო მძიმეა, მხუთავი აირის დეტექტორები კედელში მუხლის სიმაღლეზე უნდა დაამონტაჟოთ. დაამონტაჟეთ მინიმუმ ერთი დეტექტორი თითო სართულზე.

დააკვირდით, რომ მხუთავი აირის დეტექტორი არ დაიბლოკოს ავეჯით ან ფარდებით, რადგან ეს მასთან აირის მიდინებას შეაფერხებს. თუ გყავთ შინაური ცხოველები ან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებმაც შესაძლოა დეტექტორები დააზიანონ, განათავსეთ ისინი  მკერდის სიმაღლეზე. არსებობს მხუთავი აირისა და კვამლის კომბინირებული დეტექტორებიც.


1- 2. გაჟონვის ადგილის მისაგნებად გამოიყენეთ ბუნებრივი აირის ხელის დეტექტორი –
გაზის პორტატიულ დეტექტორებს შეუძლიათ საცხოვრებლის ამა თუ იმ კუთხეში გაზის კონცენტრაციის ამოცნობა. დაიარეთ სახლი დეტექტორით ხელში და დააკვირდით დისპლეის. თუ გაზის მაჩვენებელმა დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა, დეტექტორი განგაშის სიგნალს მოგცემთ.

 

მეთოდი 2: შეამოწმეთ ბუნებრივი აირის ნიშნები საცხოვრებელში

2-1. ყურადღება მიაქციეთ გაზის სპეციფიკურ სუნს – თავად ბუნებრივი აირი უსუნოა, მაგრამ გაზს, რომელიც სახლის ხელსაწყოებს მიეწოდება, მოჰყვება სპეციალური დანამატი, რომელსაც “გაზის სუნი” აქვს – ის აადვილებს გაჟონვის აღმოჩენას ყნოსვის საშუალებით. თუ თქვენ “გაზის სუნი” იგრძენით, არის შანსი, რომ თქვენი გაზქურა ან გამათბობელი გაზს აპარებდეს. სუნის შემჩნევის შემთხვევაში გათიშეთ გაზის ხელსაწყოები და გამოიძახეთ სპეციალისტი. თუ “გაზის სუნი” ძალიან ინტენსიურია, დატოვეთ შენობა.

 

2-2. ყური დაუგდეთ შიშინის ან სტვენის ხმას თქვენი ხელსაწყოების ან გაზის მილების სიახლოვეს – ზოგჯერ შეიძლება გაიგოთ გაჟონვის ხმა მილების, ან მილისა და ხელსაწყოების გადაბმის ადგილებიდან. რაც უფრო კარგად გესმით ასეთი ხმა, მით უფრო ახლოს ხართ გაჟონვის ადგილთან.
გაზი მილებიდან ზოგჯერ ძალიან მცირე რაოდენობით იპარება, რის გამოც შეიძლება ყოველთვის ვერ გაიგოთ გაჟონვის ხმა. თუ შიშინი არ გესმით, ეს არ გამორიცხავს გაზის გაჟონვის არსებობას.

 

2-3. დააკვირდით გაზის ცეცხლის ფერს თქვენს გაზქურაზე ან სხვა ხელსაწყოებში – გაზის ცეცხლს უნდა ჰქონდეს ცისფერი შეფერილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახში საკმარისადაა ჟანგბადი იმისთვის, რომ გაზი მთლიანად დაიწვას. თუ გაზქურის ცეცხლი მოყვითალო ან წითელი შეფერილობისაა, ეს მიუთითებს სივრცეში ჟანგბადის ნაკლებობაზე, რაც გაზის არასრულ წვას და მხუთავი აირის დაგროვებას იწვევს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ანთებისას გაზის ცეცხლი შეიძლება  წითელი იყოს და ეს ნორმალურია. ყურადღებაა მისაქცევი, თუ ცეცხლის ალი ანთების შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში, მოყვითალო ან წითელი რჩება.

 

2-4. დააკვირდით, ხომ არ კვდებიან თქვენი სახლის მცენარეები – მცენარეებს სიცოცხლისთვის ნახშირორჟანგი ესაჭიროებათ. გაზის გაჟონვის შემთხვევაში ოთახში ნახშირორჟანგის რაოდენობა მცირდება. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მცენარეები ჭკნება ან ყვითლდება იმის მიუხედავად, რომ თქვენ მათ ჩვეულებრივ უვლით, ეს შესაძლოა გაზის გაჟონვაზე მიუთითებდეს. შესაბამისად, კარგია, თუ მცენარეებს იქონიებთ იმ ადგილებში, სადაც გაზის გაჟონვები უფრო ხშირია – სამზარეულოში ან გაზის გამათბობლებიან ოთახში.

 

2-5. დააკვირდით გაზის ქვითარს – გადახედეთ თქვენს გაზის ქვითრებს ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. თუ შეამჩნიეთ გაზის ხარჯის უმიზეზო ზრდა (თუ თქვენი მოხმარება არ შეცვლილა დამატებითი ხელსაწყოების ჩართვის, განსაკუთრებულად ცივი ამინდების, სეზონური ან სხვა მიზეზების გამო), გადაამოწმეთ ქვითრის სისწორე გაზის მომწოდებელ კომპანიასთან. უმიზეზოდ გაზრდილი გაზის ხარჯი შეიძლება გაზის გაჟონვაზე მიუთითებდეს.

 

2-6. დააკვირდით თქვენს ფიზიკურ სიმპტომებს სახლში ყოფნისას – ბუნებრივი გაზის ან მხუთავი აირის სუნთქვა აფერხებს თქვენი ორგანიზმისთვის ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას. თუ თქვენ უეცრად, გაურკეველი მიზეზით დაგეწყოთ თავის ტკივილები, თავბრუსხვევა ან გულისრევა, შეამოწმეთ თქვენი გაზის ხელსაწყოები. გაზით ან მხუთავი აირით მოწამვლის სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს უმადობა, გაძნელებული სუნთქვა, დაღლილობა, ყელისა და თვალების გაღიზიანება.

 


მეთოდი 3: გაზის მილებზე გაჟონვის ადგილის ამოცნობა

3-1. ერთი ჩაის კოვზი ჭურჭლის სითხე გაურიეთ ერთ ჭიქა წყალში.


3-2. მიღებული სითხე ფუნჯით წაუსვით მილების გადაბმის ან სხვა საეჭვო ადგილებში. ეცადეთ სითხით მთლიანად დაფაროთ მილის ზედაპირი. გაჟონვის ხშირი ადგილებია – მილების გადაბმის,  ასევე ჩამკეტები და ხელსაწყოებთან მიერთების წერტილები.


3-3. გაჟონვის სავარაუდო ადგილებზე სითხის წასმის შემდეგ დააკვირდით ჰაერის ბუშტებს. თუ თქვენი მილები გაზს აპარებს, საპნიანი სითხის წასმის შემდეგ, დაზიანებულ ადგილებზე გაჩენას დაიწყებს აირის ბუშტები.

 

3-4. თუ თქვენ გაჟონვის ადგილი აღმოაჩინეთ, მონიშნეთ ის მარკერით ან ფანქრით.  შემდეგ გადაკეტეთ გაზის ონკანი, დაუკავშირდით გაზის მომწოდებელ კომპანიას და დაელოდეთ სპეციალისტს დაზიანების შესაკეთებლად. თუ არ გაქვთ გამოცდილება, ნუ ეცდებით დაზიანებული მილების თვითნებურად შეკეთებას.


 

მეთოდი 4: უსაფრთხოების ზომების მიღება ბუნებრივი აირის სავარაუდო გაჟონვისას

4-1. გამორთეთ გაზქურა ან სხვა გაზის ხელსაწყოები თქვენი ბინის ან სახლის ცენტრალური ჩამკეტიდან.  ჩამკეტის სახელური გათიშვისას უნდა დააყენოთ მილის მიმართ პერპენდიკულარულ პოზიციაში.

 

4-2. გააღეთ ფანჯრები სივრცის გასანიავებლად – გაღებული დატოვეთ ფანჯრები და თუ შესაძლებელია კარიც, იმისთვის რომ დაგროვილი გაზი შენობიდან გავიდეს. ეს შეამცირებს ბუნებრივი აირის კონცენტრაციასა და აალების, ან აფეთქების საშიშროებას შენობაში. გაღებულ ფანჯრებშიც კი, უმჯობესია თუ არ გაჩერდებით სახლში, სანამ დაზიანება არ აღმოიფხვრება.


4-3. თავი შეიკავეთ სახლის ხელსაწყოების, მათ შორის ელექტროხელსაწყოების გამოყენებისგან – ელექტროდენზე მომუშავე ხელსაწყოები ქმნიან ნაპერწკლებს, რამაც, ბუნებრივი აირის კონცენტრირებისას შესაძლოა აფეთქება გამოიწვიოს. მოერიდეთ ნებისმიერი ჩამრთველის ან სანთებელას გამოყენებას. ასევე, ნუ გამოიყენებთ ხელის მანათობლებს ან სანთებელას გაჟონვის ადგილის აღმოსაჩენად.


4-4. დატოვეთ საცხოვრებელი და დარეკეთ 112-ზე ან გაზის გამანაწილებელ კომპანიაში – თუ დაადგინეთ, რომ ბინაში გაზი ჟონავს, დატოვეთ შენობა და დარჩით მისგან უსაფრთხო დისტანციაზე სპეციალისტების მოსვლამდე. სანამ შენობაში იმყოფებით, ნუ გამოიყენებთ სახლის ტელეფონს.

ორიგინალი: https://wikihow.com

8,606 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.