fbpx

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ისტორიაში პირველად დადებით ნიშნულზე გავიდა


გააზიარე სტატია

 

ავტორები: ერიკ ლივნი და რეზო სურგულაძე / Tbilinomics


2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა დადებით დონეს მიაღწია, რაც შეიძლება ევროპულ ბაზრებთან საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას მიეწეროს.

თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს თავისი ეკონომიკის დივერსიფიკაციას: ევროპასთან სავაჭრო ბალანსი ნეგატიური ხდება, ხოლო ევროპაში გატანილი პროდუქტების ნუსხა არ სცდება ისეთ ტრადიციულ ჩამონათვალს, როგორებიცაა: მეტალები, თხილი, მინერალური წყლები და ღვინო. უფრო მეტიც, საქართველო ძალიან დამოკიდებული რჩება ერთ სექტორზე (ტურიზმი და მომსახურება) და ერთ ქვეყანაზე (რუსეთი).

 

Galt & Taggart-ის ბოლოდროინდელი “Georgian Weekly Market Watch” მოულოდნელი წითელი ჰედლაინით გამოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე კვარტალური ანგარიშის სალდო 1995 წლის შემდეგ პირველად პროფიციტული გახდა.

 

 

Galt & Taggart-ის განცხადება გულისხმობდა საქართველოს 2018 წლის მესამე კვარტალის მიღწევას, როდესაც ქვეყნის ანგარიშის ბალანსი დადებითი გახდა და 11.9 მილიონი დოლარი შეადგინა, 2017 წლის იგივე პერიოდის ნეგატიურ -124.9 დოლართან შედარებით. და იმის მიუხედავად, რომ საუბარია მხოლოდ ერთ კვარტალზე, ეს მიღწევა შესაძლოა, იქცეს წყალგამყოფად საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში.

შესაძლოა იკითხოთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ბალანსის აღნიშნული მეტობა გულისხმობს, რომ ქვეყანა არ სესხულობს დანარჩენი სამყაროსგან იმისთვის, რომ დააფინანსოს საკუთარი მოხმარება. სხვანაირად რომ ვთქვათ, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველომ უფრო მეტი მიიღო ექსპორტით, საერთაშორისო დახმარებებითა და უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ფულადი გზავნილებით, ვიდრე დახარჯა იმპორტსა და საერთაშორისო სესხების დასაფარად. შედეგად, ქვეყანას დაეზოგა სავალუტო რეზერვები, რამაც შესაბამისად გააუმჯობესა მისი მონეტარული პოზიციები და ასევე გააუმჯობესა ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ.

 

ItsRussiaStupidGraph1

 

მუშაობს თუ არა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს სასარგებლოდ?

ანგარიშების დადებითი ბალანსის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იმ ხელშეკრულებების თავის სასარგებლოდ გამოყენება, რომლებსაც ბოლო წლებში საქართველომ ევროკავშირთან ერთად მოაწერა ხელი ე.წ. Deep and Comprehensive Free Trade Area agreement-ს (DCFTA) და ასევე European Free Trade Association-ს (EFTA), რომელიც მოიცავდა ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

მოდით გავეცნოთ მონაცემებს. საქსტატის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.362 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც გასულ წელთან შედარებით 22.9%-ით მეტია. ჩვენი წამყვანი საექსპორტო პროდუქტები იყო სპილენძის მადანი, სასმელები, ფეროშენადნობები, ფარმაცევტული პროდუქცია და თამბაქო. თუმცა, ჩვენი ვარაუდის მიუხედავად, ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში მხოლოდ 22% იყო, 2017 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები. ამავდროულად, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 43%-იდან 50%-მდე გაიზარდა.

უფრო მეტიც, საქართველოს სავაჭრო ბალანსი ევროპულ ბაზრებთან გაუარესდა. DCFTA-სა და EFTA-სთან შეთანხმებებით დაფარული პროდუქციის ბალანსი 2017 წლის მესამე კვარტალში ნეგატიური -978.7 დოლარიდან 2018 წლის მესამე კვარტალში ნეგატიურ -1.004.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ანუ, საქართველოში ევროპიდან გაიზარდა პროდუქციის იმპორტი, მაშინ როცა ექსპორტის დონემ 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით მხოლოდ ოდნავ მოიმატა (2014-ში ნეგატიური ბალანსი 1.099.8 მილიონს შეადგენდა).

უფრო ყურადღებით რომ დავაკვირდეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ვნახავთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის მხოლოდ 11% თუ ისარგებლებდა DCFTA-ს პირობებით, რომელიც პრივილეგიას საკვებ და სოფლის მეურნეობის პროდუქციას ანიჭებს. მაგრამ საქართველოს ექსპორტის უდიდესი წილი სპილენძზე, სასმელებზე, ოქროსა და სასუქებზე მოდის, რომელთა  დიდი ნაწილიც უკვე ათიოდე წელია, რაც ისედაც სარგებლობს საბაჟო პრივილეგიებით GPS+ ის რეჟიმის მიხედვით.

ფასების მატების მიუხედავად, კვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს არ აქვს დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ქვეყანამ შეძლო შეეღწია (აღმოსავლეთ) ევროპის ღვინისა და მინერალური წყლების ზოგიერთ პრემიუმ ბაზარზე, მაგრამ იგივე არ გამოუვიდა ცხოველურ საკვებთან მიმართებაში – ასე დიდად ნაქები ქართული თაფლის ჩათვლით, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.

ამ მხრივ საქართველოს წარუმატებლობის მიზეზს წარმოადგენს ერთი მხრივ,  პრობლემები პროდუქციის ხარისხისა და მიწოდების უწყვეტობის საკითხებში და მეორე მხრივ,  ფასი. მაგალითად, ქართული მანდარინი, ესპანურთან შედარებით უფრო ძვირია, თუმცა ესპანურისგან განსხვავებით ის ვერ აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის მოთხოვნებს გემოთი და ვიზუალური კრიტერიუმებით. ქართული რძე და ხორცის პროდუქტები არ იწარმოება საკმარისი რაოდენობით ადგილობრივი ბაზრებისთვისაც კი და საკმაოდ ძვირია ევროპელი მომხმარებლისთვის.

საქართველო კონკურენტული იყო თხილის პროდუქციაში, რაც საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ადრეული წარმატების მაგალითი აღმოჩნდა  2014-2015 წლებში. თუმცა, ამის შემდეგ, ქართული თხილის წარმოება დრამატულად შემცირდა ფაროსანას გამო. 2018 წლის პირველი 10 თვის მანძილზე თხილის ექსპორტი ევროპაში შემცირდა 16.5%-ით, 2017 წლის 64%-იანი ვარდნის შემდეგ. საგულისხმოა, რომ JAM News-ის მიხედვით, “რუსეთმა ჩაანაცვლა ევროკავშირი ქართული თხილის ექსპორტის ბაზარზე.”

რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დადებით ბალანსში. 2014-2016 წლების ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პარალელურად, ეს ქვეყნები უკვე ითვისებენ ტრადიციულ ქართულ პროდუქციას, როგორებიცაა: ღვინო, მინერალური წყლები, ხილი, მწვანილი და ბოსტნეული. მაგრამ არის თუ არა ეს კარგი რამ?

 

ItsRussiaStupidGraph2

 

ვაჭრობა მომსახურების სფეროში

როგორც ვნახეთ, 2018 წლის მესამე კვარტლის ბალანსში საქართველოს წარმატებას ვერ მივაწერთ ევროპის ქვეყნებთან საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ვაჭრობას. ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა თანამედროვე სოფლის მეურნეობის სამოთხედ  და წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პლატფორმად გადაქცევისგან. რეალურად, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსისა და მთლიანად ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა პროდუქტების, არამედ მომსახურების ექსპორტია.

მიმდინარე ანგარიშების უფრო დეტალურად განხილვისას დავინახავთ, რომ დადებითი სავაჭრო ბალანსი სერვისებში ძირითადად მოდის იმ 1.2 მილიარდ დოლარზე, რომელიც მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორიდან შემოვიდა, რაც წლიდან წლამდე 12.3%-იან ზრდას გვიჩვენებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 2018 წელს 720.520 ადამიანით გაიზარდა. ამ ნამატიდან 37% რუსეთიდან იყო, ხოლო 35% აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან ერთად.

 

ვარდი  უეკლოდ ვის მოუკრეფია?

მშვენიერი ამბავი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო მიმდინარე ანგარიშების დადებითი ბალანსის მიღწევა სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ შედეგამდე მისვლის თავისებურებებზე. პროდუქციისა და ბაზრის დივერსიფიკაციის ნაცვლად, საქართველო სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ეკონომიკის ერთ სექტორზე – ტურიზმსა და მომსახურებაზე. ახალი ბაზრების მოკვლევის ნაცვლად, საქართველო ირჩევს ადვილ გზას, რომელიც მისი ტრადიციული შემსყიდველებისკენ – რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებისკენ მიდის.

ასეთი ნაბიჯები სერიოზულ რისკებს შეიცავს. საქართველოს ეკონომიკას შეიძლება ძვირად დაუჯდეს “ყველა კვერცხის რუსულ კალათში მოთავსება”. რუსულ ეკონომიკაში მომხდარი ნებისმიერი შოკი, რეცესია, ფინანსური კრიზისი თუ პოლიტიკური არასტაბილურობა მაშინვე ნეგატიურად აისახება საქართველოს ბალანსზე და ქვეყნის ეკონომიკას ისევ მოვალის პოზიციაზე დააბრუნებს, რასაც მან თავი ძლივს დააღწია.

 

ორიგინალი: http://tbilinomics.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.