ჩემპიონთა ლიგა – მერვედფინალების მოლოდინში
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ფეხბურთის მოყვარულებისთვის თებერვალი განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს საუკეთესო გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს და იწყება დასკვნითი ბრძოლა მათ შორის უძლიერესის გამოსავლენად.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ტურნირს მადრიდის „რეალის“ სახით უცვლელი ტრიუმფატორი ჰყავს. რა იქნება წლეულს? ვინ არის უძლიერესი იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც დეკემბერში ჯგუფური ეტაპი დასძლიეს და მალე მეოთხედფინალისტების ვინაობას გაარკვევენ?
მადრიდის „რეალი“ პირველ მერვედფინალურ მატჩს ოთხშაბათს ამსტერდამის „აიაქსთან“ გამართავს გასვლაზე. როდესაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა, მაშინ ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ ამ წყვილიდან სულაც არ უნდა გაგვკვირვებოდა, თუკი მეოთხედფინალში ჰოლანდიური კლუბი გავიდოდა.
განა არ გვახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შინ და გარეთ როგორ მარცხდებოდა სამარცხვინოდ „სამეფო კლუბი“ მოსკოვის „ცსკასთან“? მაგრამ დღეს უკვე სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს.
6 იანვარს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალ სოსიედადთან“ 0:2 სენსაციური მარცხის შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 5 თამაში მოიგო და უკანასკნელ ტურში, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასვლითი გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა და შესაძლოა უკვე ჩემპიონობაზეც აცხადებდეს პრეტენზიას.
ამ ცოტა ხნის წინ „რეალმა“ ესპანეთის თასზეც დამაჯერებლად იასპარეზა „ელ კლასიკოს“ გასვლით დაპირისპირებაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ „სამეფო კლუბის“ დღევანდელი მდგომარეობის განსაზღვრისთვის ამოსავალი წერტილი მაინც „ატლეტიკოსთან“ 3:1 გასვლითი გამარჯვებაა.
საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს „ატლეტიკო“ ამ დაპირისპირებას, ხოლო რა დატვირთვა ჰქონდა კონკრეტულად ამ შეხვედრას, სატურნირო ცხრილიდან ყველაზე უკეთ შევიტყობთ.
დავიწყოთ იმით, რომ „ატლეტიკო“ მიმდინარე სეზონში შინ პირველად დამარცხდა და ამ წაგების მიუხედავად, კვლავ საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული საკუთარ მოედანზე დაგროვილი ქულების მიხედვით.
დავამატოთ ისიც, რომ სანტიაგო სოლარის გუნდმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მას ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გადაასწრო.
არადა, როგორც წესი, გუნდები ამ დროს ძალებს ზოგავენ ხოლმე შიდა ჩემპიონატებში, „რეალმა“ კი თავის მეტოქე „აიაქსს“, „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებით აუწყა – ნახე, ცოტა ხანში შენც ასეთ დღეში ჩაგაგდებო…
„ატლეტიკოსთან“ მატჩი „რეალისთვის“, სანახაობრივი თვალსაზრისით, მიმდინარე სეზონში ალბათ საუკეთესო იყო. რაც მთავარია, მაყურებელმა, როგორც იქნა, იხილა „სამეფო კლუბისთვის“ დამახასიათებელი ლაღი ფეხბურთი და თანაც ვისთან, ყველაზე ჩამშლელი, პრაგმატული და დაცვითი ფეხბურთის მქადაგებელი დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ!
აბა რას წარმოიდგენდა არგენტინელი სპეციალისტი, რომ მატჩის დასაწყისშივე ცენტრფორვარდის ადგილზე კაზემირო აღმოჩნდებოდა, გააბითურებდა მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოცდილ ცენტრალურ მცველებს და ეფექტური დარტყმით ანგარიშს გახსნიდა.
კაზემიროს საოცარი გოლი „ატლეტიკოს“ კარში
შემდეგ იყო საკამათო ეპიზოდებიც და მთლიანობაში, სამსაჯო თვალსაზრისით, მადრიდული დერბი ურთულესი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, შედეგი ლოგიკურია და „სამეფო კლუბის“ გამარჯვება დამსახურებული. აბა გავიხსენოთ, ბოლოს ვინ გაიტანა სამი ბურთი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გასვლაზე?
„რეალის“ მეტოქემ ჩემპიონთა ლიგაზე – ამსტერდამის „აიაქსმა“ კი ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში ეტყობა, ძალების დაზოგვაზე იზრუნა, რადგან დამარცხდა რიგით გუნდ „ჰერაკლესთან“ მოკრძალებული ანგარიშით 0:1. ყველაფერი ნათელია, ჰოლანდიელები აშკარად უფრთხიან „სამეფო კლუბს“…
სამშაბათის წყვილებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირება. ვინ არის ამ წყვილში ფავორიტი?
„დროებითი მწვრთნელები“ წლეულს რომ ამართლებენ, ამის საუკეთესო მაგალითები „რეალის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცები – სოლარი და სულშერი არიან, მაგრამ რას წარმოადგენს „პარი სენ ჟერმენის“ გერმანელი მწვრთნელი ტუხელი, რომელიც ვალდებულია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანოს?
თუკი ასე არ მოხდება, რა განსხვავება იქნება ტუხელს და მის წინამორბედ უნაი ემერის შორის? ფაქტია, რომ წლების განმავლობაში „პსჟ“-ს ვარსკვლავთა კრებული ცალი ფეხით იგებს საფრანგეთის ჩემპიონატს, მაგრამ მისგან უკვე მეტს ითხოვენ. ეს მეტი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
„მანჩესტერ იუნაიტედმაც“ და „პარი სენ ჟერმენმაც“ ბოლო თამაშებში იმარჯვეს თავ-თავიანთ ჩემპიონატებში. ძლიერი მეტოქეები მათ ნამდვილად არ ჰყოლიათ. ოლე გუნარ სულშერის ბიჭებმა აუტსაიდერი „ფულემი“ 3:0 დაამარცხეს, ისე რომ ძალებიც შემოინახეს, პარიზელებმა კი მოკრძალებული ანგარიშით 1:0 „ბორდოს“ სძლიეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.
რა თქმა უნდა, ეს მატჩები ვერანაირად დაგვეხმარება „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „პარი სენ ჟერმენის“ წყვილში ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგის პროგნოზირებაში, მაგრამ ნეიმარის არყოფნის გათვალისწინებით, გარკვეული უპირატესობა ინგლისელებისთვის ხომ არ მიგვენიჭებინა?
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები „იუვენტუსთან“ გამარჯვებას ზეიმობენ
თუკი „პარი სენ ჟერმენი“ ტრადიციულად უძლეველია საფრანგეთის ჩემპიონატში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სულშერის მოსვლის შემდეგ, აშკარა პროგრესს განიცდის და უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში ამ გუნდმა პრემიერლიგის გათამაშებაში რვა მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და საერთოდ არ დამარცხებულა.
თანაც, „მანჩესტერ სიტის“ მიერ კვირას „ჩელსის“ დარბევის შემდეგ, „იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა, რაც გასული წლის დეკემბრის დასაწყისში წარმოუდგენელი იყო. ეს კი ინგლისელებს დამატებით სტიმულს ანიჭებს „პარი სენ ჟერმენთან“ შეხვედრაში, რომელიც წინა ტურში „ლიონთან“ დამარცხდა.
აი „ტოტენჰემი“ კი პრემიერლიგის მესვეურებმა თითქოს მოიძულეს, რადგან მერვედფინალური წყვილების პირველ რვა მონაწილეთაგან ეს გუნდი ერთადერთია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში კვირა დღეს ათამაშეს. აქედან გამომდინარე, ლონდონურმა კლუბმა თავის მეტოქე დორტმუნდის „ბორუსიაზე“ ერთი დღით ნაკლები დაისვენა.
დორტმუნდელ ჯეიდონ სანჩოს გოლი გააქვს „ატლეტიკოს“ კარში
„ტოტენჰემმა“ უმძიმეს ბრძოლაში სამი ქულა მოიპოვა „ლესტერის“ წინააღმდეგ. ბუნდესლიგის გათამაშების ლიდერმა „ბორუსიამ“ კი სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრაში.
როგორც ჩანს, გერმანულმა კლუბმა ნაადრევად მიუშვა მატჩის სადავეები, გაითვალისწინა რა ჩემპიონთა ლიგის კარს მომდგარი დაპირისპირება. ამ ეტაპზე ინგლისურ-გერმანულ წყვილში ფავორიტის დასახელება ნამდვილად ჭირს, თუმცა ჰარი კეინის ტრავმის და „დორტმუნდთან“ შედარებით „ტოტენჰემის“ დაღლილობის გათვალისწინებით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გერმანელებმა ინგლისელებთან გასვლითი შეხვედრა მოიგონ ან ფრედ დაასრულონ.
აი „პორტომ“ და „რომამ“ კი თავ-თავიანთი შეხვედრები ჩემპიონატებში პარასკევს გამართეს. „რომამ“ იოლად დაამარცხა აუტსაიდერი „კიევო“, ხოლო „პორტომ“ კი აშკარად ძალები დაზოგა „მორეირენშესთან“ შეხვედრაში, რომელიც სენსაციურად, ფრედ 1:1 დაასრულა.
რაზე უნდა მიგვანიშნებდეს ასეთი უცნაური შედეგი? ხომ არ ემზადება პორტუგალიის უძლიერესი გუნდი ლიგაზე შარშანდელი წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ გულშემატკივართა წინაშე რეაბილიტირებისთვის? სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ „პორტოს“ არ სჩვევია ევროასპარეზზე თავისი რანგის გუნდებთან მარცხი. „რომა“ კი „ბარსელონასთან“ შარშანდელი სენსაციური გამარჯვების მიუხედავად, ნამდვილად ჩამოუვარდება თუნდაც „ლივერპულს“, რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში როგორც „პორტო“, ასევე „რომა“ გამოთიშა.