ლონდონის მოდის კვირეულის მთავარი სიახლე Code 8-ქართველის შექმნილი დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ხაზი
დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ბრენდი – Code 8 – ლონდონის ბაზარზე რამდენიმე თვეა გამოჩნდა. სხვა კოსმეტიკური ბრენდებისგან Code 8 არა მხოლოდ საკუთარი ფილოსოფიით და პროდუქციის ხარისხით განსხვავდება, არამედ იმითაც, რომ ბრენდი ქართველის მიერ არის შექმნილი. ბრენდის იდეის ავტორი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი სოფო ჩიქოვანია. Code 8-ის ბრენდინგი და შეფუთვაც სწორედ მას ეკუთვნის.
Code 8-ის შესახებ ვკითხულობთ: ჩვენი მისიაა მომხმარებელმა მაკიაჟის გაკეთება რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ დროში მოახერხოს, რომელიც ამავდროულად საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოხატოს ინდივიდუალური სტილი და ხასიათი. მდგრადი სტრუქტურისა და სწრაფი დაფარვის ფორმულების ორწლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დღეს უკვე არსებობს მაღალი ხარისხის, სხვადასხვა კანის ფერსა თუ სტრუქტურაზე მისადაგებული პროდუქცია.
Code 8 მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის არჩევანს. მაგრამ მისი ინოვაციურობა მხოლოდ პროდუქციის ხარისხში როდი მდგომარეობს, ეს არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ქალის ცხოვრების სტილისა და ხასიათისადმი.
Code 8-ის ლაბორატორიას სრულიად ინოვაციური მიდგომა აქვს: აქ მაესტრო პომადის ფერს თქვენს ხასიათს, გარეგნობასა და სურვილებს შეუხამებს და სულ რაღაც 15 წუთში მზად იქნება პომადა თქვენი უნიკალური კოდით, სახელიც გარკვეულწილად ამ უნიკალური კოდის გამოძახილია.
ჩვენ ლონდონში ბრენდის იდეის ავტორს, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს, სოფო ჩიქოვანს დავუკავშირდით.
At.ge: სოფო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გილოცავთ ახალი ბრენდის შექმნას და აქვე სიხარულით აღვნიშნავთ, რომ Code 8 პირველი პრეზენტაციიდან ძალიან მოკლე დროში უკვე ლონდონის მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორი გახდა. რამ გამოარჩია სრულიად ახალი ბრენდი დეკორატიული კოსმეტიკის ასეთ კონკურენტულ გარემოში?
სოფო ჩიქოვანი: ჩვენი ხედვა კოსმეტიკასთან დაკავშირებით ძალიან მარტივია. ყველა ქალს სურს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში უმეტესობას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, შესაბამისად, მაკიაჟი სწრაფად და მარტივად გასაკეთებელი უნდა იყოს.
Code 8-ის მიზანია დავეხმაროთ ქალებს შეარჩიონ საკუთარი ინდივიდუალური და ბუნებრივი სტილი, ისე რომ ამაში დიდი დრო არ დახარჯონ. ამიტომაც თითქმის ორი წელი მოვანდომეთ, რომ მიგვეგნო შესაბამისი ფორმულებისათვის და შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც ძალიან მდგრადი იქნებოდა და ისედაც გადატვირთული გრაფიკის პირობებში მაკიაჟის დღეში რამდენჯერმე განახლება არ გამხდარიყო საჭირო. ვფიქრობთ, სჯობს დრო გაცილებით საინტერესოდ გავატაროთ და გაფერმკრთალებულ მაკიაჟზე ნაკლებად ვინერვიულოთ.
At.ge: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის ნახვა და შეძენა?
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს მაღაზიაში, ლონდონში, მისამართზე – Burlington Arcade, სადაც მდებარეობს პომადის ლაბორატორიაც. ასევე ონლაინ მაღაზია www.codeeight.com მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უზრუნველყოფს პროდუქციის გაგზავნას. სულ მალე თბილისშიც გამოჩნდება ჩვენი პროდუქცია.
At.ge: რას ნიშნავს ბრენდის სახელი Code 8?
სახელი პოტენციალის უსასრულოდ (ინფინიტ) გამოყენების შესაძლებლობას ნიშნავს.
At.ge: დიდი ხანია ამ ბრენდის შექმნაზე მუშაობთ?
პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მე და ჩემი პარტნიორი ნადინ აიაში თითქმის ორი წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რა პროდუქცია და როგორ უნდა შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, ინდუსტრიამ არ მოგვცა საშუალება უფრო სწრაფად გვემოქმედა.
At.ge: როგორია თქვენი უახლოესი გეგმა?
გეგმები ძალიან დიდი და ამბიციური გვაქვს. გავხდით British Fashion Council-ის ოფიციალური პარტნიორები და ჩავატარეთ ლონდონის მოდის კვირეული. გარდა ძირითადი ჩვენებებისა, ასევე ვითანამშრომლეთ ისეთ დიზაინერებთან და მოდის სახლებთან, როგორებიცაა დევიდ კომა, პიტერ პილოტო, 16 არლინგტონ, ოსმანი და ა.შ.
გეგმები კვლავ დიდი და საინტერესო გვაქვს და ამის შესახებაც თქვენი მკითხველი მალე შეიტყობს.