ვენა ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად მეათედ დასახელდა
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, Mercer-ის 2019 წლის კვლევის თანახმად, ცხოვრების ხარისხის დონით ვენა ბოლო 10 წელია ლიდერობს.
ავსტრიის დედაქალაქი, სადაც ოფიციალური სტატისტიკით 1.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საუკეთესოდ მიჩნეულია რამდენიმე მახასიათებლით: პოლიტიკური სტაბილურობა, სოციალური გარემო, კულტურა, მედიცინა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განათლება, კომფორტული გარემო ბიზნესისათვის.
ცხოვრების ხარისხის რეიტინგი
Mercer-ის რეიტინგში მეორე ციურიხია (შვეიცარია), მესამე ადგილს იყოფენ ოკლენდი (ახალი ზელანდია), მიუნხენი (გერმანია) და ვანკუვერი (კანადა). პირველ ათეულში კიდევ 5 ევროპული ქალაქია: დიუსელდორფი და ფრანკფურტი (გერმანია), კოპენჰაგენი (დანია), ჟენევა და ბაზელი (შვეიცარია).
კვლევის მიხედვით, თბილისი ცხოვრების დონის შეფასების ნაწილში 187-ე ადგილს იკავებს 2018 წლის მსგავსად. რეიტინგში ბოლო ადგილზეა ერაყის დედაქალაქი ბაღდადი – 231-ე ადგილით.
Mercer-ის კვლევა, რომელიც წელს 21-ედ ჩატარდა, მსოფლიოს 450 ქალაქს შეისწავლის 39 კრიტერიუმით, რომლებიც 10 კატეგორიადაა დაჯგუფებული:
ამერიკული კომპანია Mercer ცხოვრების დონეს მთელი რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსაზღვრავს: ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული გარემო, სკოლა და განათლება, საჯარო მომსახურება, რეკრეაცია, საცხოვრებელი ბინების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა, სამედიცინო და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, დანაშაულის დონე და ბიზნესის სანდოობა.
სხვა მაჩვენებლებს შორის გათვალისწინებულია გართობისა და დასვენების ისეთი ადგილების ხარისხიანობა და სიმრავლე, როგორებიცაა: თეატრები, კინოდარბაზები, სპორტული ნაგებობები, რესტორნები. ასევე სამომხმარებლო საქონლის სიმრავლე და, რაც მთავარია, გარემო პირობები – მწვანე ნარგავების რაოდენობა თუ ჰაერის სისუფთავის ხარისხი.
ამავე დროს, მხედველობაში მიიღება სუბიექტური ფაქტორებიც: შემწყნარებლობა, ადამიანთა ზოგადი გუნება-განწყობა თუ ღამის ცხოვრების მრავალფეროვნება. ბოლო ასეთი კვლევა (2019) ხსენებულ ქალაქებში პიროვნული თავისუფლების მდგომარეობასაც ითვალისწინებს, უსაფრთხოების რეიტინგები კი სტაბილურობის, კრიმინალის დონის, კანონის უზენაესობის გათვალისწინებით დგება. Mercer-ის კვლევით ფასდება მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაც.
Mercer-მა ასევე გამოქვეყნა მეგაპოლისების უსაფრთხოების 2019 წლის რეიტინგი, რომელსაც წელს ლუქსემბურგი ლიდერობს, პირველ ხუთეულშია ჰელსინკი, ბაზელი, ბერნი და ციურიხი. მსოფლიოს ყველაზე საშიშ ქალაქად კი დამასკო დასახელდა.
უსაფრთხოების ხარისხის რეიტინგი
კიდევ ერთ კვლევაში, ცხოვრების ღირებულების 2018 წლის ინდექსში, რომლითაც Mercer ქალაქებში ცხოვრების საშუალო ღირებულებას აფასებს ბინის ქირის, საკვების, ტრანსპორტის, საწვავის, კომუნალური გადასახადების, სხვა მომსახურებისა და საქონლის ღირებულებით, თბილისი 203-ე ადგილზეა, ბაქო-186-ე, ერევანი კი-198-ე. სიის სათავეში ჰონგ-კონგი, ტოკიო, ციურიხი, სინგაპური და სეულია.
ცხოვრების ღირებულების რეიტინგი