ბუდისტი რობოტი იაპონიაში ღვთისმსახურებას აღასრულებს
იაპონიის ქალაქ კიოტოში, ერთ-ერთ ბუდისტურ ტაძარში, მღვდელმსახურება რობოტმა დაიწყო, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობის ბუდიზმითა და ბუდისტური სწავლებით დაინტერესება წარმოადგენს.
რობოტი, რომელსაც Kannon ჰქვია, კიოტოს რეგიონის ბუდისტური წარმომადგენლობის შეკვეთით, ოსაკას უნივერსიტეტის რობოტექნიკის პროფესორის, ჰიროში იშიგუროს დახმარებით შეიქმნა და 100 მილიონი იაპონური იენი დაჯდა.
Kannon-ის სიმაღლე 1,95 მ-ია, წონა კი – 59 კგ. რობოტის თავი, მხრები და ხელები დაფარულია სილიკონის სპეციალური ფენით, რაც ადამიანის კანს ჰგავს. მარცხენა თვალში ინტეგრირებულია ვიდეოკამერა, მისგან მიღებული ინფორმაცია კი დასამუშავებლად ხელოვნური ინტელექტის სისტემას მიეწოდება, რის შემდეგაც ადამიანებთან ვიზუალური კონტაქტსა და უკუკავშირს ამყარებს.
ბერი-რობოტი ბუდისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი წერილობითი წყაროს – „ტრანსცენდენტური სრულყოფის სიბრძნის გულის“ ტექსტების მიხედვით ქადაგებს. Kannon იაპონურ, ჩინურ და ინგლისურ ენებს ფლობს.
კიოტოს ბუდისტური ტაძრის წინამძღოლის, ტენჩო გოტოს თქმით, ანდროიდი Kannon-ის ნახვა ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებს, მისი მოსმენის შემდეგ კი, ისინი უფრო მეტად დაფიქრდებიან ბუდიზმის არსზე.