რა ხდება ნარკოტესტირებაზე უარის შემთხვევაში? – წინააღმდეგობები და უზუსტობები მძღოლების ნარკოტესტირების ახალ კანონში
2019 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვისათვის, და რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
კანონში ცვლილებების შესახებ AT.ge გაეცნო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
ასევე გავესაუბრეთ იურისტებს, რომლებმაც განმარტებები გააკეთეს ახალი კანონის რამდენიმე საკვანძო კითხვასთან დაკავშირებით, რაც მძღოლებმა უნდა იცოდნენ.
#1. მძღოლების ადგილზე ნარკოტესტირებაზე ახალი კანონის მიხედვით, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უარს ვამბობთ ტესტის გავლაზე?
საქართველოს შინაგან საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში წერია, რომ “თუ მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმყოფება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, უარს აცხადებს ნარკოტესტერის მეშვეობით შემოწმებაზე, პოლიციელი მძღოლს წარადგენს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების/სიმთვრალის დასადგენად.”
იმის მიუხედავად, რომ ბრძანება არ აზუსტებს, შეიძლება თუ არა ნერწყვით ტესტირების იძულებით განხორციელება, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა “ლიბერალს” განუცხადა, რომ “თუ ადამიანი თავდაპირველად ნერწყვის ნარკოტესტზეც იტყვის უარს, მის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისგან იძულებით აიღებენ ნიმუშს (ნერწყვის).”
ნარკოტესტირების რეგლამენტში არსებული ბუნდოვანების გამო, იურისტებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტესტირებაზე უარის შემთხვევაში არსებული რამდენიმე სავარაუდო სცენარი:
- ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში მძღოლი ავტომატურად ითვლება თრობის ქვეშ მყოფად და მის წინააღმდეგ ტარდება ასეთი შემთხვევისთვის კანონით გაწერილი სანქციები;
- ან პოლიციელი მიმართავს სასამართლოს და ელოდება მისგან, რომ ნებართვა მიიღოს იძულებით ტესტირებაზე;
- ან მძღოლი გადაჰყავთ პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც იძულებით მოხდება ნერწყვის ანალიზის აღება.
თუმცა, კიდევ ერთხელ, იძულებით ტესტირების ეს დეტალები არაა დაზუსტებული შესაბამისი რეგლამენტით.
იურისტების აზრით, ტესტირების რეგლამენტის ბუნდოვანება ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ახალი კანონის ხარვეზად, რომელიც ახლო მომავალში, მისი აღსრულებისას გამოაშკარავდება, და მისი გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს მოქალაქეების ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლო დავის დაწყება.
#2. რა ხდება, თუ კანაფი ტესტირების წინა დღეებში გვაქვს მოწეული, მაგრამ ტესტმა მაინც დადებითი შედეგი აჩვენა?
ახალ კანონში ხარვეზი თავს იჩენს ამ მხრივაც, რაზეც თავის განცხადებაში საქართველოს იურისტთა ასოციაციამ 1-ლი აპრილის განცხადებაში მიუთითა. კერძოდ, საიას განცხადებაში წერია:
“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი და მინისტრების ერთობლივი ბრძანება არ ითვალისწინებს კონკრეტულ განსაზღვრებას, თუ როგორ უნდა მოხდეს თავად პორტატიული ნარკოტესტერის მეშვეობით პირის ზემოქმედების ქვეშ მყოფად მიჩნევა.
მაგალითისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს, თუ რა ჩაითვლება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად, რაც წარმოადგენს მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობას.
როდესაც ქმედება ითვალისწინებს სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობას, კანონმდებელი ვალდებულია, განსაკუთრებული სიზუსტით განსაზღვროს, თუ რა შემთხვევაში შეიზღუდება ადამიანის უფლება.”
ახალი კანონი, ალკოტესტისგან განსხვავებით, არ აზუსტებს, თუ ნივთიერების როგორი შემცველობა ითვლება ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნად, რის გამოც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ მომენტში ფხიზელი მართავს მანქანას, მაგრამ წინა დღით შეიძლება ჰქონდეს მოხმარებული კანაფი ან სხვა ნივთიერება, შეიძლება მიიჩნიონ სისხლის სამართლის დამნაშავედ.
#3. სამართლებრივად რამდენად სწორია კანაფის მომხმარებელ მძღოლებზე გაცილებით მძიმე – სისხლის სამართლის სასჯელის დაწესება ალკოჰოლის მომხმარებელ მძღოლებთან შედარებით (რომლებიც ადმინისტრაციული წესით გასამართლდებიან)?
საქართველოს იურისტთა ასოციაციამ თავის განცხადებაში ამ ხარვეზზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ:
“მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობის მსგავსად.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ არის ზიანის მომტანი, ისევე, როგორც ალკოჰოლური თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისას.
სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რომელი ნივთიერება უფრო მეტად მავნებელი შეიძლება იყოს მოცემულ დროს, თუმცა გადაწყვეტილების ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარეობს, რომ დაუშვებელია ამ კუთხით განსხვავებული მიდგომის დაწესება და ვფიქრობთ, რომ როგორც ალკოჰოლის, ისევე მარიხუანას შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პასუხისმგებლობის ერთი და იგივე სახე, ხოლო იქნება ეს სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი – ამის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება კანონმდებელს გააჩნია.”
#4. ბოლო წლებში, შარდით ნარკოტესტირებების შემთხვევაში, მოქალაქეს უფლება ჰქონდა 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად უარი ეთქვა შარდით ტესტირებაზე. შეიძლება თუ არა იგივე მუხლი გავრცელდეს ნერწყვით ნარკოტესტირებაზეც?
ამ საკითხთან დაკავშირებით AT.ge-ს გაუჭირდა დანამდვილებით პასუხის მიღება იურისტებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ 42-ე მუხლის მერვე პუნქტი, რომლის მიხედვითაც “არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება”, ნერწყვით ნარკოტესტირებაზე სავარაუდოდ არ გავრცელდება, თუმცა მოკვლევა ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე ადამიანებთან ჯერ კიდევ გრძელდება.