fbpx

დავით კაკაბაძის გამოგონებები, რომლებიც Google-ის სამეცნიერო პროექტში მოხვდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინი დარჩია

 

Google დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის. გამოფენა, ხელოვნების სასახლისა და Google-ის მორიგი ერთობლივი პროექტია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს.

პროექტი მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი გამოფენის – „ცდა მსოფლიოსათვის” ნაწილია, რაც იმას გულისხმობს, რომ მსოფლიო აუდიტორიისათვის NASA-ს მიღწევებთან ერთად დავით კაკაბაძის სინემატოგრაფიც გამოიფინა.

გვესაუბრება ხელოვნების სასახლის დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მენეჯერი მერი ხარაიშვილი:

 

 

მოგვიყევით ამ ბოლო პროექტის შესახებ – როგორ მიუძღვნა Google Art-მა გამოფენა დავით კაკაბაძის სამეცნიერო აღმოჩენებს?

2019 წლის 6 მარტს, გრინვიჩის დროით 10:00 საათზე,  გუგლის ინსტიტუტმა ჩაუშვა ახალი პროექტი „ცდა მსოფლიოსთვის“ (Once Upon a Try). პროექტი იმ მეცნიერულ მიღწევებსა თუ გამოგონებებზე გვიყვება, რომლებმაც „დღევანდელობა“ შექმნა და რომელიც NASA-სა და CERN-ის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სმითსონიანის (Smithsonian National Air and Space Museum), ამბროსიანას (Ambrosiana) და სხვა მსოფლიო დონის მუზეუმებს აერთიანებს.

 

23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის – ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès), ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს-ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილ მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb),  ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის – ჰაბლისა (Hubble Space Telescope) და სხვა მრავალ მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება. კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების სასახლემ  ცნობილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, ხელოვნების მკვლევრისა და გამომგონებლის, დავით კაკაბაძის შემოქმედება და მისი სამეცნიერო მიღწევები გუგლის ონლაინ პლატფორმაზე განათავსა. ონლაინ ექსპოზიცია ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა და დღეს უკვე მსოფლიო აღმოჩენებისა და გამომგონებლებისადმი მიძღვნილი გუგლის საერთაშორისო პროექტის ნაწილია.  

 

 

ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში“  (Experiments with Art and Technology), „მხატვრული მემკვიდრეობა“ (Artistic Legacy) – ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენებს, რომლებიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და სადაც განსაკუთრებული ყურადღება 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებულ უსათვალო სტერეო კინოსისტემაზეა გამახვილებული.

აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მსოფლიო აუდიტორია იხილავს.

 

 

ამონარიდი Google Culture-ის აღწერებიდან:

“პარიზში ყოფნისას თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად და ცოდნის გავრცელების მთავარ წყაროდ დავით კაკაბაძეს ფილმები მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ხელოვანი კინოჩვენების ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობდა  და 1923 წელს სამგანზომილებიანი კინოს ერთ-ერთ პიონერად იქცა.

 

 

როგორც მხატვარი და მეცნიერი, კაკაბაძე იყო პირველი, ვინც შეიმუშავა სტერეო კინოს იდეა, რომელიც სპეციალურ სათვალეს არ საჭიროებდა. 1922 წელს მან შეთანხმება გააფორმა მ. მიულერთან და კ. კობახიძესთან “უსათვალო სტერეო სინემატოგრაფის” გამოგონებაზე.

 

 

ამ მიზნით დაფუძნდა სააქციო საზოგადოება “სტერეო სინემა” თხუთმეტი აქციონერის მონაწილეობით, რომლის კაპიტალიც 225 000 ფრანკს შეადგენდა. კაკაბაძემ მოახერხა საწარმოს აშენება და გეგმის განსახორციელებლად ორი ინჟინერი იქირავა. საჭირო იყო ორი მოწყობილობის – კამერისა და პროექტორის გამოგონება. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და საწარმომ გამოუშვა სარკიანი ლინზები, რომელთა წარმოებამ  მთავარი პროექტის პარალელურად მოგებაც მოიტანა.

1922-1925 წლებში კაკაბაძემ თავისი გამოგონება ევროპისა და ამერიკის 8 ქვეყანაში დააპატენტა.



 

სტერო კინოს გარდა, კაკაბაძე მუშაობდა ერთი ნათურიდან სხვადასხვა სიკაშკაშის განათების მიღებაზეც. მან გამოიგონა ელექტრონათურის განათების სიმძლავრის რეგულირების ხერხი, რაც სიკაშკაშის დონის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. პროექტის წარმატების შემთხვევაში არტისტს 180 000 ფრანკი უნდა მიეღო. “შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია მთელი დღეები მხოლოდ ხატვაში გავატაროთ”, – ეუბნებოდა ის თავის მეგობარს, ლადო გუდიაშვილს.

 

 

თუმცა, ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა. კაკაბაძე თავის ძმას – სერგოს სწერდა, რომ უკმაყოფილო იყო ინჟინრების ნელი ტემპებით. შედეგად, საწყისი კაპიტალი პროექტის წარმატებით დასრულებამდე ამოიწურა.

1925 წლის ბოლოსთვის კაკაბაძე იძულებული იყო გაურკვეველი ვადით გადაედო სტერეო კინოს ექსპერიმენტული პროექტი. 1927 წელს ის საქართველოში დაბრუნდა.

 

 

მის საწარმოში ერთ დროს შექმნილი სარკეები, ლინზები და სხვა ოპტიკური ელემენტები მის კონსტრუქტიულ და დეკორატიულ კოლაჟებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. 1938 წელს კინოსა და ფოტოგრაფიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოსკოვში განიხილა კაკაბაძის გამოგონებები და უარი უთხრა მას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ექსპერიმენტების გაგრძელებაზე.

1942 წელს იგივე ინსტიტუტმა სემიონ ივანოვის პირველი უსარკო სტერეო სისტემის გამოგონების შესახებ განაცხადა. ივანოვის სისტემა კაკაბაძის სისტემის იდენტური იყო.

კაკაბაძე 1952 წლის 10 მაისს დასავლური სამყაროსგან მივიწყებული გარდაიცვალა.”

 

ვინ იმუშავა პროექტის მომზადებაზე?

Google Cultural Institute-თან ხელოვნების სასახლის მხრიდან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პროექტებზე მუშაობს ხელოვნების სასახლის თანამშრომელი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი  მერი ხარაიშვილი.

 

 

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა გუგლის სახელოვნებო ბაზასთან?

როგორც თქვენთვის ცნობილია, გუგლის კულტურული ინსტიტუტი მსოფლიოს უდიდესი კულტურული გაერთიანებაა, რომლის ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილია მეტროპოლიტენის, ლუვრის, პრადოს, მომას, დორსეს, პომპიდუს და სხვა წამყვანი მუზეუმებისა თუ გალერეების კოლექციები.

ეს არის გაერთიანება, რომლის მთავარი მისია საერთაშორისო აუდიტორიისათვის უმაღლესი ხარისხის ექსპოზიციის ჩვენებაა. აქ დამთვალიერებელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიან იმოგზაუროს ვერსალში, ლუი XIV-ის ცნობილ სარკეებიან დარბაზში და ამავე დროს აღმოაჩინოს New York-ის მეხუთე ავენიუზე, მეტროპოლიტენის მუზეუმში დაცული რემბრანტის, ელ გრეკოს, კარავაჯოსა თუ ველასკესის უნიკალური ტილოები.

ხელოვნების სასახლემ გუგლის გუნდთან მოლაპარაკებები 2013 წლიდან დაიწყო. არაერთი კრიტერიუმისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას და ხელოვნების სასახლე კავკასიის რეგიონში მესამე, საქართველოში კი პირველი მუზეუმია, რომელიც Google Cultural Institute-ის პარტნიორი გახდა.

 

 

დავით კაკაბაძის გარდა, რომელი ქართველი ხელოვანები არიან წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმაზე და რა პროექტებით?

გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი – ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა  გუგლის ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი. ნიშანდობლივია, რომ გუგლის ონლაინ დათვალიერების ტექნოლოგია იძლევა საშუალებას ქართულ შედევრებთან ერთად მათი შესრულების ტექნიკა და უმცირესი დეტალებიც ნახოს.

პირველი გამოფენა რეპრესირებულ მხატვარს, ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელს, პეტრე ოცხელს მიეძღვნა. ვირტუალური გამოფენა ხელოვანის 40 ნამუშევარს აერთიანებს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით

ამ ეტაპზე ხელოვნების სასახლე ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც მუზეუმის ფონდებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებსა და ბეჭდურ მასალაზე დაყრდნობით, მსოფლიოს ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურაზე მოუყვება.

 


რეკომენდებული სტატიები
მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ

მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ

მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ
გვესაუბრება დავით კაკაბაძის შვილიშვილი - მარიამ კაკაბაძე, რომელიც გაგაცნობთ დავით კაკაბაძეს, მის შემოქმედებას, ფონდსა და ოჯახს
ფერმწერ დავით კაკაბაძის გადაღებული საქართველოს მუზეუმი - დღის ფოტო

ფერმწერ დავით კაკაბაძის გადაღებული საქართველოს მუზეუმი - დღის ფოტო

ფერმწერ დავით კაკაბაძის გადაღებული საქართველოს მუზეუმი - დღის ფოტო
დავით კაკაბაძემ ფოტო სავარაუდოდ მუზეუმის 10 წლისთავის აღნიშვნისას გადაიღო. საქართველოს მუზეუმი გასაბჭოების შემდეგ - 1921 წელს გადავიდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ფოტოს გადაღების თარიღი 1931 წელია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.