რომის პაპმა სამხრეთ სუდანის ლიდერებს ფეხები მუხლმორთხმით დაუკოცნა – დღის ვიდეო
რომის პაპმა ფრანცისკემ პროტოკოლი დაარღვია და სამხრეთ სუდანის ლიდერებს ფეხები მუხლმორთხმით დაუკოცნა.
ვატიკანის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეხმარება თანაშემწე 82 წლის ფრანცისკეს, რომელიც მძიმედ სუნთქავს, რათა მან პრეზიდენტ სალვა კიირ მაიარდიტისთვის ფეხების დაკოცნა შეძლოს. ამის შემდეგ, პაპი ვიცე- პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ რიეკ მაჩარისკენ და რებეკა ვიანდენგ დე მაბიორისკენ გადაინაცვლებს.
კიირი და მაჩარი ერთ დროს დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ. კიირი თავის ყოფილ მოადგილეს 2013 წლის ამბოხებაში სდებდა ბრალს, რასაც რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა. 2018 წელს მათ ეთიოპიაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს და ამჟამად სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობენ.
“თქვენ სამს, ვინც სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეთ, მინდა გთხოვოთ, როგორც თქვენმა ძმამ, რომ შეინარჩუნოთ ეს მშვიდობა” – თქვა რომის პაპმა.
სამხრეთ სუდანელი პოლიტიკოსების რომის პაპის ვატიკანის რეზიდენციაში უპრეცედენტო სასულიერო შეკრებაზე იმყოფებოდნენ, რისი იდეაც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს, არქიეპისკოპოს ჯასტინ ველბის ეკუთვნოდა.
ვატიკანის ოფიციალურმა მედიასაშუალება Vatican News-მა რომის პაპის ჟესტი “მოულოდნელ და შთამბეჭდავ ნაბიჯად” შეაფასა “ რისი გაგებაც შეუძლებელია ურთიერთმიტევების იმ ატმოსფეროს გათვალისწინების გარეშე, რომელიც შეკრების ამ ორი დღის განმავლობაში ვატიკანში სუფევდა”.