მოხატული ჭერის დასათვალიერებლად გრინვიჩის გალერეაში წამოსაწოლი სკამები დადგეს
თუ მდიდრულად მოხატული ჭერის დანახვისას იატაკზე წამოწოლაზე გიოცნებიათ, რათა სათანადოდ დამტკბარიყავით ამ მშვენიერებით, იცოდეთ, თქვენი დრო დგება.
თანამედროვე, კომფორტისკენ მიდრეკილი არსებებისთვის, როგორებიც ჩვენ ვართ, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ კი მშვენიერების თვალიერებაში შეგვიწყონ ხელი. ამიტომ: კისერი მაქვს გაშეშებული, ზემოთ რომ ვიხედები, თავბრუ მეხვევა და ასეთები, აღარ გაამართლებს ექსკურსიისგან თავის არიდების მიზეზად.
ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, გრინვიჩის მოხატული ჭერი ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის, მაგრამ ამჯერად მათ დარბაზში კომფორტულად წამოსაწოლი, გრძელი სკამები ელით.
ჯეიმს ტორნჰილის მიერ 1707-26 წლებში მოხატული ეს სივრცე 4000 კვადრატული მეტრია. ჭერის რესტავრაციას 2 წელი და 8 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დასჭირდა. რესტავრატორებმა დაზიანებული მოხატული კედლები აღადგინეს, გაწმინდეს ხორცის საწებლისგან დატოვებული ლაქები, რომლებიც კედლებს იმ დროიდან შემორჩა, როცა აქ სადილები იმართებოდა და დარბაზს პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნეს.
რესტავრატორებს სიურპრიზიც ელოდათ, მათ იატაკქვეშ ტიუდორების პერიოდში დანგრეული სასახლის 2 ოთახი აღმოაჩინეს. ამ სასახლეში მეფე ჰენრი VIII დაიბადა. იატაკში დატოვებული ღიობი, რომელსაც ახლა შუშის საფარი აქვს, დამთვალიერებელს ამ ოთახების დანახვის საშუალებასაც მისცემს.
მაგრამ, რაც მთავარია, ამიერიდან ფუმფულა ღრუბლებში მიმალული ასობით ქერუბინის, მეფეებისა და დედოფლების, სიმართლის, ამერიკისა და ევროპის ალეგორიული ფიგურების დასათვალიერებლად მხოლოდ წამოწოლაა საჭირო.