ქალის თეთრეულში გამოწყობილი ვერმახტის ჯარისკაცები – ახლად აღმოჩენილი ფოტოარქივიდან
მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ვერმახტის ჯარისკაცის იმიჯზე სახელდახელოდ ზრუნავდა ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის სამინისტრო, რომელიც პლაკატებითა და დოკუმენტური ფილმებით ამკვიდრებდა მესამე რაიხის მამაცი, რკინასავით ძლიერი და გაუტეხელი არიელი მეომრის ხატს.
რამდენიმე ხნის წინ კი გამოცემა Der Spiegel-ში გამოქვეყნდა ბერლინელი მხატვრის, მარტინ დამმანის მიერ მოძიებული ფოტომასალა, რომელიც თავდაყირა აყენებს წარმოდგენებს ვერმახტის ჯარისკაცებზე.
„ფოტოებზე ასახულია ჯარისკაცები ქალის კაბებში, ქალის თეთრეულში, რომლებიც სვასტიკის ფონზე პოზირებენ. ამ ადამიანების მეშვეობით ჰიტლერი აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს, დევნიდა და ანადგურებდა ჰომოსექსუალებს“, – წერს ჟურნალისტი სოლვეიგ გროტე.
მარტინ დამმანი 20 წელია საარქივო ფოტომასალის მოძიებითაა დაკავებული. მისი თქმით, ქალის სამოსში გამოწყობილი ჯარისკაცების ფოტოები პირველი მსოფლიო ომის ქრონიკებშიცაა, მათ შორის, ინგლისურ და ფრანგულ არქივებშიც, თუმცა, ყველაზე ხშირად მსგავსი შინაარსის ფოტომასალას მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გერმანული ფოტოალბომები ინახავს.
Der Spiegel-ში საუბარია ჯარისკაცების ამგვარი ქცევის რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე. პირველი მოსაზრებით, განსხვავებით ანგლოსაქსური კულტურისგან, გერმანიაში არსებობს კოსტიუმირებული საკარნავალო დღესასწაულების დიდი ტრადიციები, როცა ქალები და კაცები საპირისპირო სქესის ტანსაცმელს ირგებენ. მეორე ვერსიით, ხანგრძლივი ომის დროს, როცა მამაკაცები დიდი ხნით წყდებოდნენ მშობლიურ მხარეს, მათი სურვილები და მოთხოვნილებები მძაფრდებოდა და ამ ფორმით გამოიხატებოდა.
მარტინ დამმანის თქმით, აქ გასაკვირი არაფერია, რადგან გერმანულ ჯარში, როგორც ყველგან, მსახურობდნენ როგორც ჰეტეროსექსუალები, ასევე ჰომო და ტრანსსექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები. ომის ლოგიკა კი ხშირ შემთხვევაში ნაცისტურ იდეოლოგიაზე იმარჯვებდა – ჯარისკაცები სტრესს ამ ფორმით იხსნიდნენ, ხელმძღვანელი ოფიცრები კი მათ განტვირთვის შესაძლებლობას აძლევდნენ.
„ფოტოებზე გამოსახული პირების შესახებ ინფორმაცია უმრავლეს შემთხვევაში მწირია, შესაბამისად, დამთვალიერებელმა თავად უნდა ივარაუდოს, ეს გართობის კარნავალური ფორმები იყო თუ ერთგვარი პროტესტი ნაცისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.