24 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღევანდელი დილა არაჩვეულებრივი ახალი ამბით უნდა დავიწყოთ და გახაროთ, რომ მაისში კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში ქართულ-შვედური მხატვრული ფილმის პრემიერა შედგება.
24 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკა – #აკრძალულიწიგნებისთაროს ახალი წიგნის წარდგენაზე გიწვევთ
სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ თანამედროვე სპარსული პროზის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. „ბრმა ბუს“ დაწერის დროს ავტორი შაჰის ირანში უკვე აკრძალულ მწერლად იყო გამოცხადებული და რომანის დაბეჭდვა მხოლოდ სამშობლოს გარეთ, ინდოეთში მოახერხა. წიგნმა ირანში კონტრაბანდული გზით შეაღწია, სადაც ოფიციალურად მისი გამოცემა რეზა-შაჰ ფაჰლავის გადადგომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ისლამური რევოლუციის მერე რომანის გამოცემის საკითხი კიდევ უფრო გართულდა.
„ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი.
წყარო: https://www.facebook.com/
ქართულ-შვედური ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება
წარმოშობით ქართველი, შვედეთში მოღვაწე რეჟისორის – ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. კინოფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო სექციის – Director’s Fortnight პროგრამა დღეს გამოქვეყნდა.
“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის – Takes Film-ის და შვედური კომპანიის French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.
წყარო: https://www.facebook.com/
შვილის გაჩენის შემდეგ ჰარი და მეგანი შესაძლოა, აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად
გაზეთი The Sunday Times წერს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილი სავარაუდოდ, 2-3 წლით აფრიკაში გადავა საცხოვრებლად. ბუკინგემის სასახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს აფრიკაში გამგზავრებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
წყარო: https://edition.cnn.com/
პრინსის დაუსრულებელი მემუარები 2019 წლის ოქტომბერში გამოვა
მემუარებზე მუშაობა მუსიკოსმა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო, თუმცა მხოლოდ 50 გვერდის დაწერა მოასწრო. წიგნში შევა მუსიკოსის იშვიათი ფოტოები და სიმღერების ხელნაწერი ტექსტები. პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წყარო: https://www.bbc.com/
ჯენიფერ ლოპესი და ოუენ უილსონი ახალ რომანტიკულ კომედიაში ერთად ითამაშებენ.
ფილმის სახელწოდებაა Marry Me. სცენარის მიხედვით, ლოპესი პოპ-მომღერალია, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობს, რომ საქმრომ უღალატა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
რენე ზელვეგერი ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს
What/If – ასე ჰქვია სტრიმინგ-სერვისის ახალ, 10-ეპიზოდიან ტრილერს. ამ ეტაპზე შოუს სიუჟეტი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის ეპიცენტრში ენია, ქალი, რომლის ცხოვრებაც ერთი მცდარი ნაბიჯის შემდეგ სრულიად იცვლება. შოუს პრემიერა 24 მაისს შედგება.
წყარო: https://www.youtube.com