26 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დილიდანვე უნდა გაცნობოთ, რომ სულ მალე ტალინში საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ენტონი ბერჯესის არქივში “მექანიკური ფორთოხალის” აქამდე უცნობი, 200-გვერდიანი გაგრძელება იპოვეს.
ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმის, “ბამმბის ნაყინის” აზიური პრემიერა ირანში, Fajr International Filmfestival-ზე გაიმართება.
მალე შესაძლოა აზიური სამეფო კარის თამაშები გადაიღონ
HBO-ს წარმომადგენელმა ჯესიკა კამ-ენგლმა განაცხადა, რომ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღონ. მისი თქმით, კონტინენტზე საკმარისად ნიჭიერი მსახიობები და სიუჟეტებია, რომელიც შესაძლოა, ახალი სატახტო თამაშების საფუძველი გახდეს. პრობლემა მხოლოდ პროდიუსერების ნაკლებობაა, რომლებიც მასშტაბურ პროექტს ჩაუდგებიან სათავეში.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ენტონი ბერჯესის არქივში “მექანიკური ფორთოხალის” აქამდე უცნობი გაგრძელება იპოვეს
200-გვერდიან ნაშრომში ბერჯესის გამონათქვამებია ადამიანის ბუნების შესახებ, ნაწერში ასევე განვრცობილია ის მოსაზრებები, რომელზეც მწერალი 1962 წელს გამოცემულ რომანში წერდა. რომანის გაგრძელება აქამდე არავის ჰქონდა ნანახი და ის ბერჯესის ნივთებს შორის, რომთან ახლოს მდებარე მის სახლში იპოვეს. დაუსრულებელი რომანი “მექანიკური მდგომარეობა” სტენლი კუბრიკის ეკრანიზაციის წარმატებასა და იმ კრიტიკაზე მოგვითხრობს, რომელიც ფილმს გამოსვლისთანავე მოჰყვა.
წყარო: https://edition.cnn.com
ტალინის ცენტრში მალე საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება.
სკვერი ქართული დიზაინით გაფორმდება და საქართველოს სახელს დაუკავშირდება. ორივე ინიციატივა ესტონეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რომელიც ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით განხორციელდა.
წყარო: https://1tv.ge/
თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.
ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებას 46 დიზაინერი გამართავს. ისინი 2019-20 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. ღონისძიებას ცნობილი რედაქტორები, კრიტიკოსები და მყიდველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრებიან.
წყარო: https://www.facebook.com/
მადონა დაბრუნდა – ნახეთ პოპის დედოფლის ახალი კლიპი
ამერიკელმა მუსიკოსმა მადონამ სინგლზე Medellín კლიპი გადაიღო. კომპოზიცია პოპულარულ კოლუმბიელ არტისტთან, მალუმასთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი პოპის დედოფლის მე-14 ალბომში, Madame X-ში შევა, რომელიც 14 ივნისიდან გაიყიდება.
წყარო: https://www.youtube.com/
ჯორჯ კლუნი და ჰიუ ლორი Hulu-ს ახალ დრამაში მთავარ როლებს ასრულებენ.
სერიალის სიუჟეტი ჯოზეფ ჰელერის რომანის – Catch-22-ის ეკრანიზაცია იქნება და ექვს ეპიზოდს გააერთიანებს. სიუჟეტი მიმდინარეობს იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს და ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.
წყარო: https://www.youtube.com/