fbpx

ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

უცნაურია, მაგრამ როდესაც “ბარსელონა“ – „ლივერპულის“ მატჩის 82-ე წუთზე ლიონელ მესიმ სტანდარტული სიტუაცია ინგლისელთა კარში გოლად აქცია, „ლივერპულის“ მწვრთნელ იურგენ კლოპს სახეზე ღიმილი აღებეჭდა.

გერმანელ სპეციალისტს აუცილებლად შეეკითხებიან, რამ გამოიწვია თქვენი ასეთი რეაქციაო. ის კი სავარაუდოდ თავს აარიდებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, რადგან ეს ღიმილი არაადეკვატურობასთან ერთად, სრულ აღფრთოვანებას და მორჩილებას გამოხატავდა არგენტინელი ვარსკვლავის – ლიონელ მესის სულ მცირე 10 წუთიანი ნამოქმედარის მიმართ, რომელმაც დიდი ალბათობით დაასამარა „ლივერპულის“ წლევანდელი გეგმები, რადგან წინა რეცენზიაში ჩვენ მიერ მოყვანილი პროგნოზისა არ იყოს, მერსისაიდული კლუბი წლეულსაც შეიძლება ყოველგვარი ტიტულის გარეშე დარჩეს…

მავანნი და მავანნი, მესის ოპონენტი სპორტული ექსპერტები თუ მისი ნაკლოვანებების მაძიებელი გულშემატკივრები აწი თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ მესის „გაუმართლა“, მან ხომ „ლივერპულთან“ მთელი დანარჩენი მატჩის განმავლობაში, ბევრი ვერაფერი გააკეთაო.

უბრალოდ ზოგიერთი მათგანი, ვისაც სხვათა წინაშე იხტიბარის გატეხვის სურვილი არ ექნება, საკუთარ თავს ჩუმად მაინც ეტყვის – მესიმ რაღა მაინცდამაინც „ლივერპულთან“ და არა „ვალიადოლიდთან“ ან „რაიო ვალეკანოსთან“ გაიტანა თავის კარიერაში მე-600 გოლი და საერთოდ, რა გვეშველება, თამაშს თავს რომ დაანებებს, ვაი თუ ფეხბურთის ყურება მოსაწყენი გახდეს და აზრი დაეკარგოსო…

სინამდვილეში, როდესაც მოედანზე მესი იმყოფება, მეტოქემ არასდროს არ იცის, თუ მისგან რა სახის ხიფათს უნდა ელოდოს. როდესაც მატჩის დებიუტში „ლივერპულმა“ ბურთი ხელთ იგდო, მესი საკუთარი კარის სიახლოვესაც კი ეუფლებოდა ხოლმე ბურთს, გადაჰქონდა „ლივერპულის“ ნახევარზე და იქ მესამე ან მეოთხე მოწინააღმდეგესთან კარგავდა ხოლმე მას.

რამდენი ენერგია ეხარჯებოდათ ხოლმე ამ დროს „ლივერპულის“ მოთამაშეებს, რომლებიც ფიქრობდნენ, სად და რა ეპიზოდში დახვედროდნენ მესის გარღვევას. ამ დროს „ლივერპულის“ სათამაშო სქემა ხომ ერთ წამში იმსხვრეოდა და მხოლოდ იმაზე ერთვებოდა, არგენტინელმა რაიმე საშინელება არ დაგვმართოსო.

დიახ, მესიმ თვით „ლივერპულიც“ კი, რომელმაც მძლავრი ნახევარდაცვის მეშვეობით „კამპ ნოუზე“ სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდო „ბარსელონასთან“ მატჩში, უეცრად სრულ არარაობად აქცია მეტოქე, როდესაც შეხვედრის 75-ე წუთზე აღმოჩნდა საგოლე პოზიციაში იქ, სადაც მას არც ვან დეიკი, არც მატიპი, არც ფაბიანო და არც მათი პარტნიორები ელოდნენ.

არცაა გასაკვირი. თუკი ბურთი არ მივა მესისთან, თვით მესი მივა ბურთთან და მეტოქეს ისეთ დღეში ჩააგდებს, როგორსაც ნამდვილად არ ისურვებდა მატჩის 82-ე წუთზე „ლივერპულის“ გამოცდილი გოლკიპერი – ალისონ ბეკერი.

„ლივერპულის“ მეკარეს შარშანდელ ფინალშიც მკვეთრად თვალისმომჭრელი  ვარდისფერი ფორმა ამშვენებდა, რაც კლუბის მესვეურთა ერთობ მიზანმიმართულ სტრატეგიაზე მიუთითებს, რადგან მათი აზრით, ეტყობა მოწინააღმდეგეს ხელს უშლის „ლივერპულის“ კარის მიზანში ამოღებისას მეკარის ფორმის ამგვარი შეფერილობა.

მაგრამ თუკი შარშანდელ გოლკიპერ კარიუსს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში „რეალთან“ მარცხში, ალისონს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ „ბარსელონასთან“ გაშვებულ სამ გოლში, რომელსაც  როგორც ძლიერს, ეტყობა უმართლებდა კიდეც.

რაზე შეიძლება იფიქროს „ლივერპულმა“ განმეორებითი მატჩის წინ? ალბათ „ბარსელონას“ შარშანდელ სენსაციურ მარცხზე „რომასთან“ და კიდევ იღბალზე, რის გარეშე წლეულს „ლივერპულიც“ არაა, თუკი თუნდაც პრემიერლიგის გათამაშებაში მის მიერ „ევერტონთან“ 96-ე წუთზე გატანილ გოლს და მოგებულ მატჩს გავიხსენებთ.

და კიდევ, თუკი არა „ლივერპულის“ დღევანდელი ფეხბურთელები, ამ კლუბის სტაჟიანი გულშემატკივრები მაინც ხომ გაიხსენებენ, რომ 40 წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს ასეთივე ანგარიშით 3:0 მათი სათაყვანებელი გუნდი თბილისის „დინამომ“ დაამარცხა და გამოთიშა ჩემპიონთა თასის მაშინდელ ასპარეზობას…

ისე კი კლოპს ნამდვილად აქვს საფიქრალი მისი გუნდის მიერ გადამწყვეტ მატჩებში გოლის ვერ გატანის პრობლემასთან დაკავშირებით, რადგან უმძლავრესი შემტევი ხაზის მიუხედავად, „ლივერპულმა“ წლეულს არაერთ მნიშვნელოვან მატჩში მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო და კიდევ საკითხავია, მოახერხებდა ამას თუ არა ჩვენ მიერ არაერთგზის ნახსენებ განმეორებით მერვედფინალურ მატჩში „ბაიერნთან“, რომ არა გერმანელ გოლკიპერ ნოიერის მიერ დაშვებული შეცდომა.

„ბარსელონა“ კი ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ გაგდების შემდეგ, პრემიერლიგის სრულ შერცხვენასთან, რადგან ფინალში „ტოტენჰემს“ რომც ვერ შეხვდეს, მას უკვე ჰყავს ლონდონური კლუბი დაბეჩავებული ჯგუფურ ეტაპზე.

აი „ტოტენჰემს“ კი ძალიან უნდა გაუჭირდეს ფინალში გასვლა, რადგან „აიაქსი“ სწორედ ის გუნდია, რომელსაც „ტოტენჰემი“ სავარაუდოდ ვერც საპასუხო მატჩში აჯობებს სისწრაფით, რაც ინგლისელთა მთავარი იარაღია.  

მაშ რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ინგლისელებს ამ შეხვედრაში?

ერთი მხრივ „აიაქსმა“ აქამდე „ტოტენჰემზე“ უფრო სახელოვანი და მძლავრი მეტოქეები დაამარცხა. მეორე მხრივ კი „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ტურნირიდან თვით „მანჩესტერ სიტის“ გამოგდება შეძლო.

ნუთუ არ არსებობს რესურსი, რომლის საშუალებითაც ინგლისის ნაკრების საბაზო გუნდი შეძლებს ლეგენდარული ჰოლანდიური კლუბის დამარცხებას?

რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ პირველი შეხვედრის მიხედვით ეს რესურსი იმდენად მცირეა, რამდენადაც „ტოტენჰემის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის ტურნირში გამარჯვება.

მეტიც, სავარაუდოდ „აიაქსი“ „იოჰან კრუიფ არენაზე“ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ერთი მატჩის მოგებას მაინც, განსაკუთრებით ეცდება.

წავლენ ვითომ მასპინძლები შეტევაში? – სავარაუდოდ კი, მხოლოდ პირველი გოლის გატანის შემდეგ, თუკი „ტოტენჰემი“ მათ ამის გაკეთების საშუალებას მისცემს. მაგრამ საკუთარ კარში პირველი გოლის გაშვების საშიშროების წინაშე სტუმრები ყოველ წუთს იქნებიან, რადგან უპირველეს ყოვლისა, გოლი მათ აქვთ გასატანი და ამიტომ თავიდანვე შეტევაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველ მატჩებში მარცხი მძიმედ აისახა როგორც  „ტოტენჰემის“, ისე „ლივერპულის“ თამაშის ხარისხზე პრემიერლიგის განვლილ ტურში. პოჩეტინოს გუნდმა საერთოდ წააგო შეხვედრა „ბორნმუთთან“, ხოლო „ლივერპულმა“ კი უძლიერესი შემადგენლობით მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა გამარჯვების გოლი „ნიუკასლთან“, რითაც შეინარჩუნა პრემიერლიგის მოგების თეორიული შანსი.

როგორც ვხედავთ, ნისლიანი ალბიონი ევროთასებზე მისთვის საკმაოდ არასასურველ  მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან პრემიერლიგის პრესტიჟის დაცვა ინგლისურ კლუბებს დიდი ალბათობით აწი მხოლოდ ევროპის ლიგაზე მოუწევთ.

ლონდონის „არსენალმა“ „ვალენსიასთან“ პირველ მატჩში პირველი გოლის გაშვების მიუხედავად, მალევე მოახერხა წონასწორობის აღდგენა და საბოლოოდ სრულიად სამართლიანად ორბურთიანი სხვაობით – 3:1 გაიმარჯვა.

„არსენალის“ მწვრთნელი უნაი ემერი ევრო ტურნირებზე დარჩენილი კლუბების მწვრთნელთაგან ერთადერთია, ვისაც უგემია აქაური გამარჯვების გემო. ამიტომაც ეს კლუბი შეიძლება მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც მივიჩნიოთ.

ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. „არსენალმა“ პრემიერლიგის გზით ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მონაწილეობის შანსი „ბრაიტონთან“ შინ ნათამაშევი ფრის შემდეგ მოისპო. აი ევროპის ლიგის მოგება კი ამ საგზურს ავტომატურად იძლევა.

პირველი მატჩის მიხედვით, „ვალენსია“ არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც „არსენალთან“ საპასუხო შეხვედრას 2:0-ს მოიგებს, თუმცა იგი ლა ლიგიდან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო წლის გათამაშებაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში კიდევ ერთი ლონდონური კლუბი „ჩელსი“, გასვლაზე ფრედ 1:1 ეთამაშა „აინტრახტს“. ასეთი შედეგი კი ევროპის ლიგის ისტორიაში პირველად, ინგლისური ფინალის წინაპირობად შეიძლება იქცეს.

პედრო და ჟირუ „აინტრახტის“ კარში გატანილ გოლს აღნიშნავენ

თუმცა, მოდით ნუ ავჩქარდებით და დაველოდოთ განმეორებით მატჩს. თანაც გავითვალისწინოთ, რომ ამჟამად „აინტრახტი“ ევროპული მასშტაბით მთელი გერმანიის საფეხბურთო პრესტიჟს განასახიერებს. ეს კი ნამდვილად ანგარიშგასაწევია.

თავის მხრივ „აინტრახტიც“ ურთულეს მდგომარეობაშია, რადგან ბუნდესლიგის ცხრილში დღესდღეობით მეოთხე პოზიციის მიუხედავად, უკანასკნელ ტურში „ბაიერნთან“ გასვლაზე მარცხის შემთხვევაში, ისიც „არსენალის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება…  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.