პროექტი “ფოტოგრამა” – ფოტოგრაფია კამერის გარეშე
1842 | 2018 ფოტოხელოვნების ისტორიის პროლოგსა და ეპილოგს წარმოგვიდგენს – ფოტოგრამებს, ციანოტიპებიდან (სერ ჯონ ჰეშლის მიერ 1842 წელს აღმოჩენილი ტექნოლოგია) სკანოგრამებამდე (თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია, 2018).
გიორგი ინდუაშვილის ციანოტიპ-ფოტოგრამების (იგივე ციანოგრამები) სერია „პლასტმასის თევზი“ ერთგვარი რეაქციაა გარემოს დაბინძურებაზე და მასალად სწორედ ამ დაბინძურების თვალსაჩინო სიმბოლოს – ცელოფანს იყენებს.
საბა შენგელია ციფრული ფოტოგრამების (იგივე სკანოგრამები) სერიაში „განდეგილის ბაღი“ სკანერისა და ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს.
საბა შენგელია:
“ფოტოგრაფიის არსი, ყველაზე კარგად მისსავე ეტიმოლოგიაში იკითხება – “სინათლით ხატვა” და მისი განვითარების ყოველი ეტაპიც სწორედ ამ სინათლის მოთვინიერებასთან იყო კავშირში დაკავშირებული.
“განდეგილის ბაღი” [საბა შენგელია]
ციფრულ ეპოქაში სინათლე, “ხატვასა” და გამამჟღავნებელ საშუალებასთან ერთად, ინფორმაციის ერთეულად გადაიქცა. მისი მოხელთების მეთოდების ფართო სპექტრი კი მნიშვნელოვანს ხდის არა იმდენად ტექნოლოგიურ მხარეს, რამდენადაც ჩვენი გამოცდილებისა და განცდილის გაზიარების შესაძლებლობას.
ჩემთვის სინათლე, როგორც ინფორმაციის ერთეული, სკანერის A4 ზომაზე უფრო კონტროლირებადი და ხელშესახები აღმოჩნდა, ვიდრე კამერის ობიექტივით აღქმული რეალობა.
შედეგად მიღებული გამოსახულებები წარმოადგენს არა მხოლოდ ფოტოგრამების ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას – იგივე სკანოგრამებს – არამედ უჩვეულო სამყაროების დანახვის მცდელობას ჩვეული, სკანერივით ტრივიალური ლანდშაფტების მიღმა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბაღში.“
გიორგი ინდუაშვილი:
„ყოველდღიური, რუტინული, პირადული, თუნდაც სოციალურ-პოლიტ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე – რთულია ზოგადსაკაცობრიო კატეგორიის ჩამატება.
“პლასტმასის თევზი” [გიორგი ინდუაშვილი]
სიცოცხლის ყველა ფორმა გადარჩენისთვის იბრძვის ამ სამყაროში, ყოველ წამს და ძნელია მომავალზე დააფიქრო ნებისმიერი სახის ინტელექტი, მით უმეტეს, როცა ამისთვის არავის სცალია.
სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხე, ხშირ შემთხვევაში საარსებო ფინანსებთან არის ასოცირებული, ხოლო, როდესაც გლობალური მასშტაბით თხოვ ვინმეს უბრალოდ დაფიქრებას – პირადი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ფსიქიკა არავის პატიობს!
როგორ უნდა გვეხებოდეს თითოეულს პლანეტარული მასშტაბის დაბინძურება? მაშინ როდესაც გაჩენის დღიდან ყოველი ჩვენგანი ამას სრულიად გაუაზრებლად, ყოველდღიურად, ბუნებრივად ვაგრძელებთ… შეუძლებელია ამ ყველაფერზე ჩვენი ყურადღების გამახვილება და როგორ კარგადაც უნდა გვესმოდეს, მაინც გვექნება სხვისი, ან ზეციური ძალების იმედი, ოღონდ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იგივეს, რადგან ჩვევად გვაქვს ქცეული…
აი, ნახევარ მილიონზე მეტი კვადრატული კილომეტრის შედეგი კი მშვიდად დაცურავს იქ, სადაც ზოგადად სიცოცხლე ჩაისახა ამ პლანეტაზე. მაშ ასე! თქვენს წინაშეა “პლასტმასის თევზი” – იმის მაგალითი, თუ, რა საინტერესო შეიძლება იყოს კაცობრიობის მორიგი თვითმკვლელობის მცდელობა, ჩვენი მომავალი ეკო-სისტემა, ან, უბრალოდ, ჯერ კიდევ სანახავი სიზმრები.“