“პაშა ბანკი” ზაარბრუკენის მოედანზე ახალ ფილიალს ხსნის
ტექსტი და ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი
ქალაქი ყოველთვის თავის კანონზომიერებებს ემორჩილება. შესაძლოა, რაღაც პერიოდით ქაოსურმა განაშენიანებამ და სხვადასხვა ახალი უბნის წარმოშობამ ეს კანონზომიერება მცირე ხნით უგულებელყოს. თუმცა კანონზომიერება გულისხმობს იმას, რომ ის მუდმივია და რაღაც პერიოდის შემდეგ ქალაქი თავის პირველ წესს აუცილებლად მიუბრუნდება.
კანონზომიერებაა ისიც, რომ ვორონცოვი, პლეხანოვი და საერთოდ, ჩუღურეთის რაიონი საკუთარ ადრინდელ მნიშვნელობას იბრუნებს. ამ უბანში რამდენიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თუ კომერციული ობიექტის გაჩენამ ხალხის ინტერესი აქეთ მომართა, რამაც პირდაპირპროპორციულად გაზარდა ფასი უძრავ ქონებაზე.
ერთ-ერთი ასეთი ობიექტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მნიშვნელობის გაზრდაში, სასტუმრო „მოქსის“ კომპლექსია, სადაც ცოტა ხნის წინ “პაშა ბანკის” ახალმა ფილიალმაც დაიდო ბინა.
ინტერიერი ბანკისთვის ცოტა უჩვეულოა: მუქი ფერის ავეჯი, ბეტონი, მრავალმინიანი ინდუსტრიული ჭერი. მეტალი და მინა ნეიტრალდება მაღალი ფანჯრებიდან შემომავალი შუქით, რაც ოფისს დღის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირ ფერს სძენს. ერთ ხაზზე განლაგებული რბილი სავარძლები კი ინტერიერს მშვიდ წესრიგს მატებს.
დერეფანში შუქ-ჩრდილების მონაცვლეობა სახალისო კონტრასტს ქმნის, რომელიც ცოცხალი კედლით ბოლოვდება. ფილიალს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ლევან ლაღიძის ნახატები. ალბათ ხვდებით, რომ ახალი ფილიალი და სტილი ბანკში მნიშვნელოვან ცვლილებებს უკავშირდება.
ვაჟა მენაბდე – “პაშა ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი MSME მიმართულებით:
“მიმდინარე წელს “პაშა ბანკის” სტრატეგია შეიცვალა და გადავწყვიტეთ, საშუალო ბიზნესის ბაზარზეც შევსულიყავით. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ მსხვილ ბიზნესთან ვთანამშრომლობდით. ვინაიდან ქსელის გაფართოების საჭიროება დადგა, გავაანალიზეთ ჩვენი მომხმარებლის სეგმენტი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო, მიმზიდველი ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, შევიმუშავეთ ურთიერთობისა და გაყიდვების მოდელი, რომელზეც ავაგეთ დიზაინის კონცეფცია. შემდეგ ის თინათინ ძირკვაძემ ინტერიერში გარდასახა.“
თინათინ ძირკვაძე – დიზაინერი:
“ბანკის ინტერიერზე ფიქრისას წარმოგვიდგენია სტერილური, კომერციული სივრცე – “პაშა ბანკის” პროექტის შემთხვევაში ამ სტერეოტიპისგან განსხვავებული სივრცის შექმნა გადავწყვიტეთ. პირველივე კონცეფციის განხილვისას ავირჩიეთ თბილი, დემოკრატიული და ურბანული მიმართულებით განვითარება.
ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი, რაზეც ავაწყვეთ მთელი კონცეფცია, ღია ინდუსტრიული ჭერია საერთო სივრცეში. მაღალი ჭერის შენარჩუნებით ინტერიერში სივრცის და პომპეზურობის შეგრძნება გაჩნდა, რომელიც თბილი ტონალობის სტრუქტურული განათებებით გავანეიტრალეთ.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბეტონის კოლონები და იატაკი, რომელიც თბილი მუხის ტექსტურასთან კონტრასტს ქმნის. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დეტალია მწვანე კედელი, მცენარეები და გამწვანება სივრცეს ცოცხალ და მშვიდ ხასიათს მატებს. პროექტზე მუშაობის პროცესში მუდმივად ვცდილობდით ბალანსის დაცვას უხეშ და თბილ მასალებს შორის.”
ვაჟა მენაბდე:
“შესაძლოა ბანკისთვის ცოტა უჩვეულო ლოკაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დააკვირდებით, აქ არასდროს არაა საცობი, თანაბრად მარტივად შეგიძლიათ მოაღწიოთ როგორც დიდუბიდან ან ვაკიდან, ისევე ქალაქის სამხრეთი ნაწილიდან. აქ ყოველთვისაა თავისუფალი ადგილი პარკინგზე და გარემოც ძალიან კულტურული და მშვიდია.”
“პაშა ბანკი” ზაარბრუკენის მოედანზე, სასტუმრო „მოქსის“ კომპლექსში 10:00-დან 18:00 საათამდე გელოდებათ. როგორც აღვნიშნეთ, აქაური თბილი გარემო და თანამშრომლების პროფესიონალიზმი თქვენს ბიზნესზე სასიკეთო გავლენას იქონიებს.