fbpx

უცნობი ბიუსტი ცნობილი ფილმიდან იაკობ ნიკოლაძის შექმნილი ნოე ჟორდანიას ქანდაკება აღმოჩნდა


გააზიარე სტატია

 

2015 წელს იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილმა გურამ ნიკოლაძემ პირველი ქართველი მოქანდაკის სარდაფში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის  – ნოე ჟორდანიას ბიუსტი აღმოაჩინა.

ბიუსტი იაკობ ნიკოლაძემ, სავარაუდოდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ხელისუფლებასთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეინახა, სადაც ის თითქმის 100 წლის მერე აღმოაჩინეს, ისე რომ მისი არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი იაკობ ნიკოლაძემ ცოცხალი მოდელიდან 1919 წელს შეასრულა – 1920 წლის 20 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ მოიწონა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მიერ წარდგენილი ნოე ჟორდანიას ქანდაკების პროექტი. კომისიამ დაადგინა, ნიკოლაძეს მუშაობა დაეწყო ქანდაკებაზე, რომელიც დამფუძნებელი კრების დარბაზში დაიდგმებოდა.

 

 

როგორც ცნობილია, იაკობ ნიკოლაძეს გაკეთებული აქვს ნოე ჟორდანიას მარმარილოს ქანდაკებაც, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.  გასაბჭოების გამო გადამალულ ბიუსტს კი საბჭოთა პერიოდშიც მოუხდა ანონიმური როლის შესრულება: საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის წევრმა ირაკლი ხვადაგიანმა აღნიშნული ბიუსტი მოულოდნელად ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივ გამოფენაში” აღმოაჩინა, რომელიც 1968 წელსაა გადაღებული.

იმის შესახებ, რომ აგული ერისთავის ზურგს უკან, სასაფლაოზე, იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ნოე ჟორდანიას ბიუსტია შემოდგმული, არც შენგელაიამ იცოდა და არც გადამღებმა ჯგუფმა.

 

 

თბილისის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის აზრით, იაკობ ნიკოლაძის შესრულებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მთავრობის მეთაურის ბიუსტი ქვეყნის დედაქალაქის საზოგადოებრივ სივრცეში საპატიო ადგილს იმსახურებს: 

ფოტო: ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი ნოე ჟორდანიას ბიუსტთან

 

“დღეს მუზეუმში სტუმრად გვყავდა ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი, რომელმაც მარჯორი უორდროპის გამოფენის დათვალიერების შემდეგ,  იაკობ ნიკოლაძის მიერ 1920 წელს შექმნილი ნოე ჟორდანიას ბიუსტი ნახა და გაოცდა, რომ 2015 წელს აღმოჩენილი ბიუსტით აქამდე ხელისუფალნი არ დაინტერესებულან და დღემდე არც კი ყოფილა მცდელობა, ეს ერთადერთი ნატურიდან გაკეთებული ჟორდანიას გამოსახულება სადმე დაედგათ. იქნებ შექმნიდან 100 წლის შემდეგ – 2020-ში მაინც – ამ უნიკალურ ბიუსტს რაიმე ადგილი მოვუძებნოთ.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.