fbpx

როგორი სუნი აქვს ოქროს პალმის ლაურეატ ფილმს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინია კაკაბაძე

კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს პალმის ლაურეატი, კორეელი კინორეჟისორი ბონგ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ ორი ოჯახის შესახებ გვიამბობს: ერთი, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულია, მიწისქვეშ, სარდაფში ცხოვრობს და საარსებო მინიმუმისთვის იბრძვის და მეორე, რომელიც უკიდურესაც შეძლებულია, ფეშენებელური სახლით, მანქანებით და ა.შ.

 

 

ისე მოხდება, რომ მიწისქვეშა ოჯახი – დედა, მამა, ბიჭი და გოგო, შვილები, ავანტიურისტული ხრიკებით ფეშენებელურ სახლში დაიწყებენ მუშაობას. მდიდრების ოჯახშიც ოთხი წევრია – ახალგაზრდა, ლამაზი, კეთილი, დავარცხნილი წყვილი, პატარა ბიჭით და მოზარდი გოგონათი.

 

 

კორეელი კინორეჟისორი ბონგ ჯუნ ჰო სწორედ იმიტომ არის გენიალური, რომ ამ ორი სოციალური ფენის ურთიერთობას, სადაც ერთი დამქირავებელია, მეორე კი დაქირავებული არ გვაჩვენებს შავთეთრად და სწორხაზოვნად. დამსაქმებელი ოჯახი ძალიან კეთილია, კეთილგანწყობილია თავისი მომსახურე პერსონალის მიმართ, ისინი მეგობრობასაც კი ცდილობენ მათთან. თუმცა, სამწუხაროდ, ოჯახებს შორის არსებული კულტურული ზღვარი მხოლოდ ამ ზრდილობიანი ეტიკეტით არ იშლება.

იუმორითა და ტრაგიზმით არის სავსე ამბავი, რომელსაც რეჟისორი  გვიყვება. აქ არ არის სტანდარტული სქემა, სადაც დამქირავებელი შეუწყნარებელია დაქირავებულის მიმართ. ბონგ ჯუნ ჰოს ფილმში სახლის ყოფილი და ამჟამინდელი მომსახურე პერსონალი ჩაგრავს და კლავს ერთმანეთს ამ სარფიანი სამსახურის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად. როგორც უკვე აღვნიშნე, დამსაქმებლები დახვეწილი, ზრდილობიანი და თბილი ურთიერთობით გამოირჩევიან მათ მიმართ. არის მხოლოდ რამდენიმე დეტალი, რომელიც ყველაზე მძაფრად წარმოაჩენს მათ რეალურ დამოკიდებულებას.  

 

 

პირველად მდიდარი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, პატარა ბიჭუნა იგრძნობს და იტყვის, რომ მათ მძღოლსა და დიასახლისს ერთნაირი სუნი აქვთ. შემდეგ ჩუმად ლაპარაკობენ უფროსები, რომ პრინციპში ამ ახალი მოსამსახურეებით ძალიან კმაყოფილნი არიან, რომ არა სუნი, იდეალური იქნებოდა. თითქოს არაფერია ამ სიტყვებში დაუნდობელი და ქედმაღლური, მაგრამ რეჟისორი ამ სცენებს იმდენად ოსტატურად ათამაშებს, რომ პრაქტიკულად ეკრანიდან მოდის ამ დაწკრიალებული, ბრჭყვიალა და ფეშენებელური სახლის სიმყრალე. მიუხედავად ამისა, კორეელი კინორეჟისორი არ გვეუბნება, რომ შეძლებული კლასია მყრალი, ის ამ განსხვავებულ კლასებს შორის არსებულ ზღვარზე მიგვითითებს. შეიძლება იმწამს არავის არაფრის სუნი არ ჰქონდეს, მაგრამ კულტურული კოდი გვაქვს, რომელიც ამბობს – შეძლებულს პარფიუმერიის არომატი აქვს, გაჭირვებულს კი ჭუჭყის. არა ბატონო, ეს ჭუჭყი არ არის, ეს ნესტის სუნია, იმ ნესტის, რომელიც დაბალი სოციალური ფენის ადამიანთა საცხოვრებელ სარდაფებში დგას.

რეჟისორმა, რომელიც მისი ფილმების მიხედვით ადვილი გამოსაცნობია, რომ მემარცხენე იდეოლოგიისა, ამ სხვაობის საჩვენებლად კიდევ ერთი დრამატურგიული ხაზი შექმნა.

 

 

წინა დიასახლისი ქალი, რომელსაც საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდა, მის ქმარს ამ ფეშენებელური სახლის სარდაფში აცხოვრებდა, ჩუმად ჩაჰქონდა საჭმელი და ასე ინახავდა რამდენიმე წელი, იქამდე, ვიდრე „სხვა სარდაფის მცხოვრებლები“ არ მოვიდნენ. „ყველა მდიდარ ოჯახს აქვს სახლში სარდაფი, ბომბსაცავი, რაიმე საფრთხის დროს რომ თავი შეაფარონ“, უხსნის ძველი მსახური ქალი ახალს. „ისე უცებ გამიშვეს სამსახურიდან, რომ ვერ მოვასწარი მისთვის საჭმლის შეტანა. აქ ჩემი ქმარი მყავს დამალული“. ამის შემდეგ იწყება კიდევ ერთი ბრძოლა ამ სახლისა და სარდაფისთვის. ვფიქრობ, ეს სარდაფი კიდევ ერთი სიმბოლოა უსახლკარო, დაუცველ ადამიანებზე დაშენებული სიმდიდრისა და ბედნიერების საჩვენებლად.

 

 

არ მინდა ეს შესანიშნავი ფილმი, რომელიც შორს არის სწორხაზოვნებისგან,  სავსეა იუმორითა და ტრაგიზმით, მონაყოლით გავაპრიმიტიულო. ფილმში არ არიან კეთილები და ბოროტები, ეს მდიდარი ოჯახიც კეთილშობილია, იმ ოჯახზე გაცილებით უფრო კეთილშობილი, რომელიც გაჭირვებამ გაავერაგა და მკვლელად აქცია. ეს ნესტის სუნიც და სარდაფებიც პირობითია, მთავარი სოციალურ კლასებს შორის არა მხოლოდ მატერიალური, არამედ კულტურული სხვაობაა.

აბა კარგად გაიხსენეთ, გიგრძნიათ თუ არა თქვენს ან თქვენი ახლობლის ოჯახში რომელიმე დამხმარე ქალის (როგორც ამის თქმა ვისწავლეთ) განსხვავებული სუნი? აღგინიშნავთ ეს თქვენი ოჯახის წევრთან თუ ახლობელთან? კი? მაშინ თქვენც ბონგ ჯუნ ჰოს ფილმის ის გმირები ხართ, რომელნიც მსახურს ოჯახის წევრად წარმოუდგენენ სტუმარს, მაგრამ ზურგს უკან მასზე ილაპარაკებენ, რადგან ის დაქირავებული „ოჯახის წევრი“ ყოველთვის უცხო (სუნიანი) იქნება, ვიდრე სხვა სოციალურ კლასს ეკუთვნის.


რეკომენდებული სტატიები
პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია

პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია

პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია
დაბნეული, გახარებული და ასევე ცრემლიანი თვალებით ალმოდოვარი დადიოდა, ეხუტებოდა და კოცნიდა ყველას მის გარშემო. ეს სცენა ისეთივე გულის შემძვრელი იყო, როგორც თავად ფილმი
კენ ლოუჩის კეთილი გმირები
Play Video

კენ ლოუჩის კეთილი გმირები

კენ ლოუჩის კეთილი გმირები
კანის ფესტივალზე 83 წლის ბრიტანელი კინორეჟისორის - კენ ლოუჩის ახალი ფილმი Sorry we missed you უჩვენეს. ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, სადაც მამაც და დედაც მთელი დღის განმავლობაში თითქმის შესვენების გარეშე საარსებო მინიმუმისთვის შრომობენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.