fbpx

გაქრება თუ არა ტრადიციული ბანკები


გააზიარე სტატია

 

წარმოგიდგენიათ, ილია ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი საადგილმამულო ბანკი და დღევანდელი ბანკების უმეტესობა პრინციპულად ბევრით არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ოფისი იმასაც ჰქონდა და ამათაც აქვთ, ფულს იმ დროსაც უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემდნენ და ახლაც ასე ხდება, კრედიტის გაცემისას მაშინაც  რამდენიმე დღე განიხილავდნენ საკითხს და თანამედროვე ბანკებიც ზუსტად იგივეს აკეთებენ.

მაგრამ, არც მთლად ასეა საქმე, საბანკო ინდუსტრია ვითარდება და ამ ბოლო დროს კარგი ტემპიც აკრიფა. ამის ერთ-ერთი მაგალითია “სფეისი” – პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც ერთი წლის წინ გამოჩნდა და დღეს უკვე 100 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

“სფეისი” არც ილონ მასკის კომპანიაა და არც დედამიწის ორბიტისაკენ მიფრინავს მისი რომელიმე რაკეტა. არა, “სფეისი” ქართული ნეობანკია, რომელიც ნამდვილად კოსმოსური სიჩქარით  იზრდება და ცვლის ჩვენს საბანკო გარემოს.

ერთი წლის წინ “სფეისი” ცოტა არ იყოს პროვოკაციული ვიდეოთი გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ დაზოზინებდნენ თბილისში  სხვადასხვა ფერის დინოზავრები მძიმედ და მოუქნელად; თავიანთი გამოჩენით დილის გაწელილ და სასიამოვნო საუზმეებს აფრთხობდნენ. მერე უცებ მეტეორი ვარდება და აქრობს ფერად დინოზავრებს.

“დაემშვიდობე ბანკებს”-  ასე მთავრდებოდა ვიდეო დემის რუსოს სასიამოვნო ქოვერის ფონზე და ამ ალეგორიულ ამბავში ერთი სასიამოვნო სიახლე იკითხებოდა: დინოზავრების გადაშენებით აპოკალიფსი არ დამდგარა, პირიქით – რაღაც  ახალი ერა იწყება და ეს ახალი ერა, ნეობანკების და მათი მომხმარებლებისაა, რომელთაც სიჩქარე, სიმარტივე და გამჭვირვალობა მოსწონთ.

დახედეთ თქვენს სმარტფონს, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, მისი მეხსიერება მინიმუმ 16 გიგაბაიტია. სულ რაღაც 50 წლის წინ 16 გიგაბაიტი ინფორმაციის დასატევად 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაგჭირდებოდათ, ახლა კი ის თქვენს ხელის გულზე ეტევა, როგორც დედისთვის შემწვარი კვერცხი.

 

რა შეიცვალა ბანკებში ბოლო 50 წლის განმავლობაში?

შეიცვალა ადამიანი, მომხმარებელი, რომელსაც უკვე აღარ აკმაყოფილებს არსებული მოუქნელი მომსახურება. ის დრო, როდესაც ხალხი ერგებოდა ბანკის პირობებს და სტანდარტებს, წარსულს ჩაბარდა, დადგა ახალი ერა, როდესაც მომხმარებელი განსაზღვრავს თამაშის წესებს.

ადამიანი ირჩევს ისეთ სერვისებს, რომლებიც მასზე თითქმის ინდივიდუალურად არის მორგებული და მისგან დროის და ენერგიის ხარჯვას არ მოითხოვს. მას უკვე პანიკაში აგდებს ისეთი შეთავაზებები, რომელსაც სმარტფონის ეკრანზე სამ-ოთხ დაწკაპუნებაზე მეტი სჭირდება, სადმე მისვლაზე და საათობით ლოდინზე საუბარი უკვე ზედმეტია. სმარტფონი არის ის ნოეს კიდობანი, რომელშიც აუცილებლად უნდა ჩაეტიოს ყველა ის სერვისი, რომელსაც მომავალში გადარჩენა უნდა  ქართულ რეალობაში.

სწორედ ამ მიზეზებით ჩნდება მსოფლიოში “სფეისის” მსგავსი ციფრული ბანკები, რომლებიც ბევრის მოსაზრებით ტრადიციულ ბანკებს ჩაანაცვლებს.

 

რა განსხვავებაა მობაილ ბანკსა და ციფრულ ბანკს შორის?

ციფრულ ბანკსა და მობაილ ბანკს,   როგორც ამ დარგის სპეციალისტები განმარტავენ,  “შუა უზის დიდი ზღვარი”: ინტერნეტ და მობაილ ბანკები საბანკო ინდუსტრიის ევოლუციის უკვე განვლილი  ეტაპია, როცა ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს ციფრული არხებით, რომლებიც შექმნილია ფილიალებში გასაყიდად და ამის გამო ეს პროდუქტები ნაკლებად ადაპტირებულია დისტანციური მომსახურებისთვის.

 

მაინც რა უპირატესობა აქვთ ამ მომავლის ბანკებს?

  • ისინი ასწორებენ და ებრძვიან ყველა პრობლემას, რომელიც ტრადიციულ ბანკებთან ურთიერთობაში გვაქვს, ებრძვიან ბიუროკრატიას.
  • საოპერაციო ხარჯები მინიმალურია.
  • პროცესები გამარტივებულია და ჰგავს ინსტაგრამზე ფოტოს ატვირთვას.
  • მყისიერი პროცესებია, არ სჭირდება ლოდინი.
  • მომხმარებლის ინფორმაცია დაცულია და ამუშავებს სისტემა და არა ადამიანი.
  • ბევრად მოქნილია და ორიენტირებული განვითარებაზე, მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებით.
  • არ არსებობს არასამუშაო დრო, ყველა სერვისი 24/7-ზეა.
  • როდესაც ყველა მომსახურება თავიდანვე ციფრული არხისთვის არის შექმნილი, ბევრად უკეთეს გამოცდილებას გთავაზობს, ვიდრე თუნდაც ტრადიციული ბანკების სერვისის ციფრული ვერსიები.

 

“სფეისი” საქართველოში უკვე ერთი წელია,  რაც არსებობს. მსოფლიოში ბანკების გაციფრულების ტენდენცია ცოტა უფრო ადრე დაიწყო, დაახლოებით 2010 წელს.

 

გაგაცნობთ მსოფლიოში რამდენიმე ცნობილ მაგალითს.

  • მონზო – www.monzo.com შეიქმნა ყველაზე ბიუროკრატიულ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში 2015 წელს, შექმნიდან ერთ წელში ბანკს უკვე 200 000 მომხმარებელი ჰყავდა, რომლებმაც ერთ წელში 250 მილიონი ფუნტი დახარჯეს.
  • კიდევ უფრო მაგარი: რევოლუტ – www.revolout.com,  რომელიც 2015 წელს ლონდონში ორმა რუსმა გენიოსმა დააარსა. რევოლუტი გთავაზობთ 130 ვალუტაში თანხის განაღდებას, 30 ვალუტაში გადარიცხვა-მიღებას, 5 მთავარ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვას და კიდევ უამრავ რამეს ძალიან იაფად.
  • N26 – www.n26.com გერმანული ციფრული ბანკია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფეიფალის პეტერ თიელია. N26-მა 2016 წლიდან 2018 წლამდე 850 000 მომხმარებელი მოიზიდა. ისინი გეგმავენ, რომ 2020 წელს მომხმარებლების რიცხვი 5 მილიონამდე  გაზარდონ.  
    N26-ის მთავარი ღირსება სხვა გერმანულ ბანკებთან შედარებით მოქნილობა და სისხარტეა. ისევე როგორც ინგლისში, გერმანიაში ბანკებთან ურთიერთობა ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
  • Tinkoff – www.Tinkoff.ru – 2016 წლიდან ეს ბანკი მოწინავე ადგილს იკავებს რუსეთში. თავისი მოქნილობით, მომხმარებელზე ორიენტირებითა და სიმარტივით. ტინკოფი პირველი იყო რუსეთის ფედერაციაში, რომელმაც ფილიალებზე სრულიად თქვა უარი. ტინკოფის სუფთა მოგება წელიწადში ნახევარი მილიარდი დოლარია, აქტივების მხრივ კი ის 28-ე ადგილზეა რუსეთში და 18 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

ზემოთ მოხსენიებული თითოეული ბანკის გამოჩენას თავიანთ ქვეყნებში საზოგადოების რეტროგრადული ნაწილის ეჭვიანობა მოჰყვა, თუმცა, როგორც რიცხვები ამბობენ, მათ თავს ყველაფერი კარგადაა და ისინიც უამრავ ადამიანს უმარტივებენ ცხოვრებას.

 

როგორი იქნება “სფეისისა” და ჩვენი თანაცხოვრება მომავალში? ვფიქრობ, “სფეისი” იდეალურად შეეწყობა საქართველოს, რადგან ჩვენ ვართ კულტურული ერი  და კარგ რამეებს ადვილად ვეჩვევით, რა თქმა უნდა, მცირედი გაჯიუტებისა და ეჭვიანობის სცენების შემდეგ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.