გურამ წიბახაშვილის წიგნი და გამოფენა, რომელიც ეპოქას ასახავს
ავტორი: ნინო იმნაიშვილი
„ზამთარი გადატანილია“ – ასე ქვია გურამ წიბახაშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ამავე სახელწოდების გამოფენაზე შედგა. წიგნი 250-მდე ფოტოს აერთიანებს, რომლებიც 90-იანი წლების ეპოქას ასახავს. მათ თან ახლავს ესეებიც, რომელთა ავტორი ანა კორაია-სამადაშვილია. გამოფენა „ბარნოვის ხელოვნების სახლში“ 31 მაისს იხურება. პროექტის შესახებ გურამ წიბახაშვილი გვესაუბრა.
ახალი დროება
პირველი გვერდიდან დავიწყოთ. ეს ნამუშევარი 80-იანების ბოლოს გავაკეთე. მაშინ უკვე წაკითხული მქონდა ჯოისის „ულისე“ და იქ არის ერთი ასეთი ფრაზა – „ახალი დროება მოდის, მერი, აი, ნახავ.“ 80-იანი წლების ბოლო იყო, ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დაშლილი და მომეჩვენა, რომ ეს ფრაზა ზუსტად ასახავდა იმას, რაც მოდიოდა. რეალურად 80-იანი წლების ბოლოს უკვე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ამიტომ ეს ფრაზა გამოვიყენე ნამუშევარში, რითიც მინდოდა მეთქვა, რომ მალე ახალი დრო მოვა. რეალურად ყველა ადამიანისთვის რაღაცა პერიოდის მერე ახალი დრო მოდის, როცა ის თვითონ ხდება საკუთარი დროების შემქმნელი. და ეს წიგნი არის ამ დროებაზე.
გარდამავალი პერიოდი
რაღაცა დაიშალა და დაიშალა ისე, რომ ახალი ჯერ არც არავის ნაფიქრი არ ჰქონდა. შეიძლება ყველას უნდოდა, როგორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო, არავის ჰქონდა ნაფიქრი. და ამან გამოიწვია ალბათ ის 10 წელი, რომელიც იყო. გარდამავალი პერიოდი დავარქვით. გარდამავალი პერიოიდი კი ყველგან რთულია. ამ დროს ადამიანებს სჭირდებოდათ გადარჩენა. ადამიანს ყოველთვის სჭირდება გადარჩენა, უბრალოდ სხვადასხვა პერიოდში გადარჩენას სხვადასხვა რაღაცას ვეძახით. ამ პერიოდში გადარჩენის შანსი იყო ქმედება, რაღაცის კეთება. და ამ წიგნში ჩანს, რომ ადამიანები, რომლებსაც რეალურად არაფერი გააჩნიათ, გარდა ერთმანეთისა, ცდილობენ, რომ გადარჩნენ. ცდილობენ, რომ რაღაცები აკეთონ იმიტომ, რომ სხვა არაფერი ნიშანი არაა იმისა, რომ ცოცხალი ხარ. ხომ არ გგონიათ, ახლა, რომ ასე ვლაპარაკობ, მაშინაც ასე იაზრებდი და მუშაობდი. ეს იმპულსური იყო, ქვეცნობიერად აკეთებდი ამას. მაშინ მეც ერთ-ერთ იმათგანი ვიყავი, ვინც ასე ქვეცნობიერად მუშაობდა, მოქმედებდა, რომ მკვდარი არ ვყოფილიყავი, ცოცხალი რომ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, თან როცა გამჟღავნების ტექნოლოგია ხანდახან თბილ წყალს მოითხოვს და მაშინ თბილი წყალი ძალიან იშვიათი იყო და ეს არ იყო მარტივი. მაგრამ მეც ანალოგიურად ვმუშაობდი და არა იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი წიგნად გამომეცა. უბრალოდ ასე მოხდა, რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მოქმედებდნენ მაშინ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 90-იანებში. ამ ადამიანების გაკეთებული მაშინდელი, ახლა დაფასდა. ახლა ვამბობთ, რომ რაც მათ მაშინ გააკეთეს, ესაა ღირებული ხელოვნებაში.
ხელოვნება
მე მგონია, რომ ასეთი რამე მოხდა – საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო და ეს არ არის კლიშე ნათქვამი. ეს იყო ქვეყანა, სადაც ბევრ რამეზე იყო ტაბუ დადებული, ბევრი რამე იყო აკრძალული. ეს აკრძალვა აიძულებდა არტისტებს, მხატვრებს, ადამიანებს, რომ სხვანაირად ეცხოვრათ, იგავურად ეცხოვრათ. ცენზურა არსებობდა და ადამიანები იძულებული იყვნენ, ამ ცენზურით ეცხოვრათ. მე მგონია, რომ 90-იანელების ხელოვნება ამისგან გათავისუფლდა. მეტს გეყტყვით, მარტო კი არ გათავისუფლდა, ისეთი რთული პერიოდი იყო, რომ ინტერესიც კი გაქრა მისადმი. გადარჩენაზე იყო ლაპარაკი და ვის ეცალა იმისთვის, რომ ვიღაც მხატვარი რაღაცას აკეთებდა. ამან მოიტანა ის, რომ ძალიან გათავიუფლდა არტისტი. დღევანდელი მხატვარი ფიქრობს, რომ მე რომ ახლა ამას დავხატავ, მე უნდა ვიფიქრო, რომ ვიღაცას უნდა მოეწონოს, რომ ამაში ფული გადაიხადოს და მერე მე ამ ფულით კიდევ რამე დავხატო. მაშინ ეს არ იყო იმიტომ, რომ ხვდებოდი, რომ შენ ახლა ამას აკეთებ და არავინ შემხედავიც კი არაა. შენთვიის აკეთებ. და რასაც კი შენთის აკეთებ, იქ ხარ თავისუფალი. იმიტომ, რომ არავისთვის არ გაქვს მოსაწონებელი თავი. და ამიტომ 90-იანების ხელოვნება იყო თავისუფალი და თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ხელოვნებაში – ყველაფერში.
ჩვენ, იმის გამო, რომ საზღვრები დაკეტილი იყო, ძალიან ბევრ რაღაცას ჩამოვრჩით. როცა ევროპაში, ეს კარგია, თუ ცუდია, სხვა საკითხია, მაგრამ 30-იანი წლებიდან ახალ ფორმებზე გადავიდნენ. აქ ეს ყველაფერი ჩაკეტილი იყო და ისევ ტრადიციულ ხელოვნებაში რჩებოდი, გინდა თუ არა. და ამ განთავისუფლებამ ეს მოიტანა, რომ ბოლოს და ბოლოს თქვი, რომ შენც შეგიძლია ადგე და ყირაზე დადგე, თუ ყირაზე დადგომით შეგიძლია რამე თქვა. და ეს მოვიდა 90-იან წლებში.
წიგნში არის ის პირველი პერფორმანსიც, როცა მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ დამსწრეების თვალწინ შეასრულა არტისტული პერფორმანსი და ეს ადვილი არ იყო. როცა საზოგადოება შეჩვეული იყო, გამოფენაზე რომ მიდის, კედელზე დაკიდებული სურათი უნდა იხილოს მარტო, მისთვის რთული მისაღებია, რომ არტისტი, რომელიც ამბობს, რომ მე არტისტი ვარ და ყური დამიდგეთ, აკეთებს ისეთ რამეს, რაც შეიძლება ფანჯრიდან ჩანდეს, როგორც სიგიჟე. და ამას აკეთებს ისეთი აკადემიური არტისტი, როგორიც მამუკა ცეცხლაძეა. მან თვალახვეულმა დააპურა ქათამი. მაშინ ეს შოკისმომგვრელი უფრო იყო, ვიდრე მერე ანალიზის საგანი. „აუ ეს რა გააკეთა!“ ის კი არა, რომ რატომ გააკეთა. ეს მართლა მნიშვნელოვანი იყო. იქ ძირითადად ხელოვნებით დაკავებული ადამიანები დადიოდნენ და მათთვისაც შოკისმომგვრელი იყო. და იყო ნიშანი იმისა, რომ შენც შეგიძლია. მისი გაბედულება იყო შენი გაბედულების ტოლფასი.
დღეს უკვე ეს ფორმა იმდენად მიღებულია, ზედმეტად მიღებულიც კი, რომ ვისაც კი ეჩვენება ხოლმე, რომ რაღაც თანმედროვე უნდა გააკეთოს, ცდილობენ უჩვეულო ფორმით გააკეთონ ეს და სულ არ ფიქრობენ, შიგნით რა შინაარსი ჩადონ. და ხანდახან ეს უფრო სასაცილო ხდება.
აფიშების მხატვარი
საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ბევრი კინოთეატრი იყო. არსებობდა დიდი საკავშირო პროგრამა და საბჭოთა ფილმებს ატრიალებდნენ კინოთეატრებში. 90-იანებში ეს ფილმები გაქრა და საიდანღაც ამოქექეს, არ ვიცი, საწყობებში არსებობდა თუ ადრე იყო ნაყიდი, ზოგჯერ საინტერესო, ზოგჯერ დაბალი ხარისხის ეროტიკული ფილმები. და ალბათ მაშინ ეს ეროტიკა იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ვინმე შეგეთრია კინოში. და იყო ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი – არსენ ბერიაშვილი, რომელიც იყო კინოაფიშების მხატვარი. ამ კაცს ავალებდნენ ამ ეროტიკული ფილმების აფიშების დახატვას. ამბობდა ხოლმე, ფილმი მაინც მაჩვენეთ, რა დავხატოო. რა მნიშვნელობა აქვს, ქალი უნდა დახატო შიშველიო, ეუბნებოდნენ. და ხატავდა ეს კაცი ამ უზარმაზარ აფიშებს. ძალიან საინტერესოა ახლა, დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ქმნიდა იმ ფილმების აფიშებს, რომლებსაც არ იცნობდა. თვითონ შეიძლება სულ არ მოსწონდა ამ შიშველი ქალების ხატვა და ალბათ არც მოსწონდა, მაგრამ ეს იყო მისი საქმე და იდგა და ხატავდა. ხშირად გავუვლიდი ხოლმე. მერე ბევრი ადამიანი გავაცანი, მათ შორის თომას დვორჟაკი. თომასმა თავისი ფოტო მიუტანა და სთხოვა მე დამხატე აფიშაზეო. მერე რიგი დაუდგა. ყველას მიჰქონდა ფოტო და თავის თავს ახატინებდა აფიშებზე. აი, ეგეთი კაცი იყო ბატონი არსენი.
სახლი, რომელიც ეპოქას ასახავს
ეს სახლი ახლაც დგას ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში. მე კუკიაზე ვცხოვრობდი და რეალურად ყოველდღე მიწევდა მის წინ ჩავლა. ამ სახლს ვხედავდი და სულ იცვლებოდა მასზე წარწერები. ამ ფოტოზე ზევით წერია დიდება სამშობლოს, ქვევით – პერესტროიკა. ეს იყო ადგილი, რომელიც ამ კლიშე წინადადებებს იტევდა სულ. სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ფოტოებს არ ვიღებდი, მაგრამ რეალურად მარტო ამის წინ რომ კამერა დაგედგა და ყოველ 3 თვეში გადაგეღო, მიხვდებოდი, როგორი პროცესები მიმდინარეობს. ეს დანგრეული „დიდება სამშობლოს“ სულ ეკიდა და ქვევით იცვლებოდა ხან ის, ხან ეს. მოვიდოდა ვიღაც და იტყოდა, რომ სიფხილზე არის მნიშნელოვანი – დააწერდნენ ამას. მერე მოვიდოდა სხვა, იტყოდა ახლა პერესტროიკაა – დააწერდნენ და ასე შემდეგ. ახლაც იგივე ხდება. ახლაც ამ სახლზე სულ რაღაც პლაკატი, წარწერა – საარჩევნო, არასაარჩევნო… სულ იცვლება. ამიტომ ძალიან საინტერესოა.
მე ვხედავ ვარსკვლავებს
დასაწყისში ნათქვამი ფრაზა, რომ ახალი დროება მოდის – ეს თითქოს ჩემი მიმართვაა. ვიფიქრე, რომ ამისი პასუხი შეიძლებოდა იმავე ნაწარმოებში მომეძებნა და ეს ყოფილიყო „მე ვხედავ ვარსკვლავებს.“ და თითქოს დიალოგი შედგა. ის გრძნობს, რომ სადღაც არსებობს შუქი, არსებობს ვარსკვლავი, რომლისკენაც უნდა იარო. ასე მთავრდება წიგნი.