თბილისის საცურაო აუზები და მათი სერვისები
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
თუ გსურთ თავისუფალ დროს მაქსიმალურად განიტვირთოთ და ამავდროულად ჯანმრთელობაზეც იზრუნოთ, ამისათვის საცურაო აუზზე სიარული საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მით უმეტეს, თბილისში უკვე მრავლად არის სპორტული კომპლექსები, რომლებიც ღია თუ დახურულ აუზთან ერთად, სხვადასხვა გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო სივრცეებს აერთიანებს.
თუ ზაფხულის ცხელ სეზონზე თავისუფალი დროის სრულად ან ნაწილობრივ თბილისში გატარება გიწევთ და შესაფერის საცურაო აუზს ეძებთ, ჩვენ შევეცდებით სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ.
დიღმის ოლიმპიური აუზი
აუზი, რომელიც დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, 2015 წელს თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. შესაბამისად, ის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და აქვს რესურსი ერთდროულად უმასპინძლოს 400-ზე მეტ ვიზიტორს.
საცურაო კომპლექსი აერთიანებს ორ – 50 და 45-მეტრიან ღია აუზს და ასევე ერთ დახურულ მცირე ზომის, 12-მეტრიან აუზს, რომელიც კონკრეტულად ბავშვებისათვის არის განკუთვნილი. აუზებში წყლის ტემპერატურა სტაბილურად 28 გრადუსია. სწორედ იმის გამო, რომ სივრცეში ღია აუზებია, დიღმის ოლიმპიური აუზი სრულად მომსახურებისათვის ყოველ ახალ სეზონს წელიწადის გარკვეულ დროს იწყებს, ღია აუზები 2019 წლის 25 მაისს გაიხსნა.
დაწესებულების სამუშაო საათები 07:00-დან 23:00-მდეა განსაზღვრული. დიღმის ოლიმპიური აუზი 10 ტიპის სხვადასხვა აბონემენტს გთავაზობთ. ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 260 ლარია, ფიქსირებული დღეებისა და საათების შემთხვევაში კი გადასახადი 75-დან 210 ლარამდე მერყეობს. აუზზე საათობრივად შეუზღუდავი ერთჯერადი ვიზიტის საფასური 30 ლარი, იგივე მომსახურება 12 წლამდე ვიზიტორებისთვის კი 15 ლარია.
დიღმის ოლიმპიური აუზი მომხმარებელს კაფეს და ღია ბარის მომსახურებასაც სთავაზობს.
ვაკის საცურაო აუზი
სპორტკომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის 49 ბ-ში მდებარეობს. ვაკის საცურაო აუზი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს გართობისა და დასვენების სრულყოფილ სერვისს სთავაზობს.
აუზის სამუშაო საათები 07:00-დან 23:00-მდეა. ამ დროში ერთ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სამი სატრენაჟორო დარბაზით, მშრალი და ორთქლის საუნით, ჯაკუზით, მასაჟის კაბინეტით, გასარუჯი ვერანდით, აერობიკისა და კრივის გაკვეთილებით და, რაც მთავარია, უმაღლესი სტანდარტის 50-მეტრიანი დახურული საცურაო აუზით.
რაც შეეხება წევრობის საფასურს, ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 440 ლარია. ფიქსირებული დღეებისა და საათების მიხედვით, აბონემენტების ფასები 300 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიზნეს პაკეტით, რომელიც ულიმიტო სტანდარტულ მომსახურებასთან ერთად, მასაჟის უფასო სეანსებს გთავაზობთ. ამ შემთხვევაში კლუბის ერთთვიანი წევრობის ღირებულება 600 ლარია. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის აღების დროს, კლუბის ერთწლიანი წევრობის პაკეტის შეძენისას, დაწესებულება დამატებით ფასდაკლებას გთავაზობთ.
ვაკის საცურაო აუზზე ბავშვებისათვის განკუთვნილი მცირე ზომის ეგრეთწოდებული საჭყუმპალაო აუზიც არის. სტანდარტული აბონემენტი თორმეტ 45-წუთიან ჯგუფურ მეცადინეობას მოიცავს. მომსახურების საფასური 120 და 180 ლარია. გადასახადი მეცადინეობების დაწყების დროის მიხედვით განსხვავდება.
Neptune – Sport Complex
სპორტკომპლექსი ასევე ჭავჭავაძის გამზირზე, 49 ა ნომერში მდებარეობს. სივრცე ღიაა ყოველდღე, 07:00-დან 23:00-მდე. დაწესებულება აერთიანებს 2 საცურაო აუზს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზს, მშრალ და ორთქლის საუნას და გასარუჯ ვერანდას.
შეგიძლიათ ისარგებლოთ აკვა ფიტნესით და ასევე სტუდიური ვარჯიშებითაც. სპორტკომპლექსის დიდი აუზი 25 მეტრია, მოძრავი გადახურვის მეშვეობით ის სეზონურად გარკვეული პერიოდი დახურულია, ხოლო თბილი ამინდების დადგომასთან ერთად ღია აუზად ტრანსფორმირდება.
რაც შეეხება პატარა აუზს, მისი სიგრძე 12 მეტრია. “ნეპტუნში” 2 ტიპის აბონემენტი მოქმედებს: ულიმიტო, რომლის ღირებულება 350 ლარია და ფიქსირებული, რომლის ღირებულება 300 ლარია. კორპორაციულ კლიენტებს დაწესებულებაში 15-პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობენ.
Arena sports complex
“არენა” – უნივერსიტეტის ქუჩაზე, 2 ნომერში მდებარე განახლებული სპორტული კომპლექსია. მომსახურებაში შედის საცურაო აუზი, საუნები, გასარუჯი ვერანდა, ჯაკუზი, სატრენაჟორო და სპორტული დარბაზები, ბოქსის სექცია და მასაჟის კაბინეტი.
“არენას” ულიმიტო წევრობის საფასური 210 ლარია, ფიქსირებული დღეებისა და საათების მიხედვით სხვადასხვა ტიპის აბონემენტების ღირებულება 100-დან 165 ლარამდე მერყეობს.
ლეილა მესხის განახლებული სპორტული კომპლექსი
სპორტული დაწესებულება, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე, 29 გ ნომერში მდებარეობს, ჩოგბურთის კორტების გარდა დახურულ აუზს, სატრენაჟორო დარბაზს და სპა მომსახურებასაც აერთიანებს.
სპორტულ კომპლექსში 2 ძირითადი აბონემენტი მოქმედებს – საცურაო უაზით, ფიტნესით და საუნებით სარგებლობა ულიმიტოდ თვეში 240 ლარად შეგიძლიათ. შაბათ-კვირის გარდა იმავე მომსახურების საფასური კი თვეში 200 ლარია.
სივრცე მუშაობს ყოველდღე, დილის 8-დან, ღამის 11 საათამდე.
Club 71
„კლუბი 71“ თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრია, რომელიც ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის განკუთვნილ დახურულ საცურაო აუზებს, სპას, ტრენაჟორების დარბაზს, სპორტულ სტუდიას და საცოც კედელს აერთიანებს. დაწესებულება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 71 ნომერში მდებარეობს. სპორტული კომპლექსის სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 07:00-დან 23:00-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან 21:00-მდე განისაზღვრება.
რაც შეეხება კლუბის წევრობას, ულიმიტო პაკეტის შეძენისას თქვენ 335 ლარის გადახდა მოგიწევთ, სივრცით და სერვისით სარგებლობას კი ყოველდღე, სრული სამუშაო დღის განმავლობაში შეძლებთ.
ლიმიტირებული აბონემენტის ღრებულება კი 255 ლარია. ამ შემთხვევაში მომსახურებით სარგებლობას ყოველდღე, 09:00-დან 17:00-მდე შეძლებთ. „კლუბი 71“ ეგრეთწოდებულ სოლო პაკეტსაც გთავაზობთ.
სტანდარტულ ულიმიტო სერვისთან ერთად თქვენ პირადი ტრენერის მომსახურებასაც მიიღებთ. შეძლებთ პერსონალური გასახდელითა და კარადით, ასევე საპარკინგე ადგილით სარგებლობას. სოლო პაკეტის ღირებულება თვეში 1300 ლარია.