fbpx

ეს არ არის კომპიუტერული გრაფიკა: თეირანთან აშენებული უდაბური ქალაქი-მოჩვენება


გააზიარე სტატია


 

ეს კვარტლები ანტიუტოპიური სამყაროდან ამოზრდილი წარმონაქმნივით გამოიყურება. აქ ვერ ნახავთ ვერც ხეებს, ვერც მანქანებს, ვერც ავტობუსის გაჩერებებს, ვერც პარკებს და სათამაშო მოედნებს, ვერც ადამიანებს. აქ მხოლოდ მრავალსართულიანი სახლებია. 

თეირანიდან 50 კილომეტრის მოშორებით, ტრიალ მინდორში, Mehra Mer-ის პროექტი Pardis უკვე მრავალი წელია “მშენებლობის პროცესშია” და ყველანაირი საზომით შეიძლება ითქვას, რომ აქ საქმეები ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. მშენებლები თითქოს ცდილობენ, შუაგულ უდაბნოში გააცოცხლონ გიჟური მოდერნისტული უტოპია და  ალბათ ლე კორბუზიეც საფლავში ბრუნავს.

ჯერ კიდევ 2014 წელს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, პარდისში შენდებოდა ქალაქი მოჩვენება, რომელიც ერთ დროს მაჰმუდ აჰმედინეჯადის პრეზიდენტობის დამაგვირგვინებელი პროექტი უნდა გამხდარიყო, და რომელიც ირანის ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული პრობლემების სიმბოლოდ იქცა. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის შემდეგ აქ ბევრი არაფერი შეცვლილა – აქ ისევ არც მანქანებია, არც ხალხი და არც სიცოცხლის ნასახი. 

პროექტის მიხედვით აქ, ტრიალ მინდორში, უნდა აშენებულიყო სრულფასოვანი, მზა დასახლება, სადაც იქნებოდა საჯარო ტრანსპორტი, საავადმყოფოები, სკოლები და პარკებიც კი. თუმცა, ნაკლები იყო ნაფიქრი ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც 200 000-მდე ბინას ვერ მიეწოდება წყალი, გათბობა და არ აქვს კანალიზაცია. ამ ყველაფერს დაემატა კრიზისული ეკონომიკის დრაკონული ინფლაცია, რის შედეგადაც დეველოპერებმა პროექტი შუა გზაში შეაჩერეს.

“გასულ წლებში მთელი ირანის მასშტაბით ათობით საცხოვრებელი დასახლება გაშენდა”, –  გვიყვება ფოტოგრაფი მანოლო ესპალიუ. ყოფილი პრეზიდენტი აჰმედინეჯადი Maskan-e Mehr-ის პროექტს “ადამის შემდგომ ყველაზე ნატიფ წამოწყებას” უწოდებდა და ესპალიუ სწორედ ამ მშენებლობის დოკუმენტაციას ქმნის. “17 ახალი ქალაქისა და 1.5 მილიონი საცხოვრებელი ბინის ასაშენებლად ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდები დაიხარჯა. Masken-e Mehr-ის დასახლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა მიგრაციის შეჩერება დიდი ქალაქებისკენ, სადაც ცხოვრების დონე სულ უფრო ეცემა მომატებული ტრანსპორტის, დაბინძურებისა და საცხოვრებლებზე მაღალი ფასების გამო.”

მიწისძვრებისგან დაცული მრავალსართულიანი სახლები თავდაპირველად გათვლილი იყო სოციალურად დაუცველთათვის, მაგრამ, მანოლოს სიტყვებით, ეს მიზანიც მიუღწეველი დარჩა, რადგან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ახალი საცხოვრებლების შეძენას მხოლოდ საშუალო ფენა თუ შეძლებდა.

“Maskan-e Mehr-ის სისტემა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების ასაშენებლად დეველოპერებს უფასო სახელმწიფო მიწას სთავაზობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეებზე რთულად გაიცემოდა მცირე სესხები, Mehr-ის დასახლებაში სახლის შეძენის მსურველებისთვის სახელმწიფო გარანტირებულ 99-წლიან სესხებს გასცემდა. ბანკები სახელმწიფოსა და დეველოპერებს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ და ცენტრალური ბანკი კი ამ სქემის უზრუნველსაყოფად მეტ ფულს ბეჭდავდა. შედეგად, Maskan-e Mehr-ის პროექტი  ირანის ეკონომიკის გაჯანსაღების გზაზე ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა.” 

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დისტოპიური ქალაქი რაღაცას გაგონებთ, ეს ალბათ ლე კორბუზიეს განუხორციელებელი უტოპიური ზმანება Radient City-ა.

რა თქმა უნდა, ირანი არაა ერთადერთი სახელმწიფო, სადაც წარუმატებელი სამშენებლო პროექტების ნახვა შეიძლება. ჩინეთის ქალაქი-მოჩვენებები, ეგვიპტის დაუსრულებელი უდაბნოს სასტუმროს ნანგრევები და თურქეთის ყალბი ფრანგული შატოების ქალაქი რამდენიმე მაგალითია, რომლებიც უცბად შეიძლება თავში მოგივიდეთ.

https://www.messynessychic.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.