fbpx

კაფკას ნახატები მწერლის საარქივო რვეულიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ჩენ მალული

კაფკას მშობლები იმედგაცრუებულები იყვნენ. მეოცნებე ფრანცი არ აპირებდა მამამისის სავაჭრო დაწესებულების გადმობარებას. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მშობლებმა ერთადერთი გამოსავალი მოძებნეს: სურდა ეს თუ არა, ახალგაზრდა კაფკას უნივერსიტეტი უნდა დაემთავრებინა რომელიმე პროფესიის დასაუფლებლად.  

ფრანცის მშობლები უპირატესობას ისეთ პროფესიას ანიჭებდნენ, რომელიც ერთდროულად პრესტიჟულიც იქნებოდა და სარფიანიც. თავისთვის კი კაფკას ისეთი მომავალი წარმოედგინა, რომელიც მის ნოვატორულ ბუნებას რაიმე ღირსშესანიშნავის შექმნის საშუალებას მისცემდა. ოჯახის პატრიარქმა და კაფკას შეფასებით უპირობო ტირანმა – ჰერმანმა დიდი ალბათობით განსაზღვრა ფრანცის სასწავლო გეზი. ბოლოს და ბოლოს, 18 წლის ბიჭი მის ფინანსურ დახმარებაზე იყო დამოკიდებული. 

სამი კვირა საკმარისი აღმოჩნდა ახალგაზრდა კაცისთვის, რათა მიმხვდარიყო, რომ ქიმიის კათედრა არ იყო მისი ინტერესების შესაბამისი ადგილი. ამის შემდეგ მან პრაღის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. იურისტის ხარისხი მას დასაქმების კარგ პერსპექტივებს უქადდა და ამასთან ერთად აძლევდა  შანსს პროფესიული მომავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ერთი-ორი წლით კიდევ გადაედო.

როგორც მოსალოდნელი იყო, კაფკა მთელ დროს “რომაული სამართლის” შესწავლას არ უთმობდა. მან აირჩია ხელოვნების, არქიტექტურისა და ფილოსოფიის კურსები. თავდაპირველად ის თავის თავს მწერლობაში არ მოიაზრებდა. მისი ორი დიდი სიყვარულიდან – ხატვიდან და ლიტერატურიდან – თითქოს პირველს ანიჭებდა უპირატესობას. კაფკამ საკუთარ თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და მალე მის რვეულებში პატარა ჩანახატებიც გაჩნდა. 

 

 

კაფკას მონუმენტური ბიოგრაფიის ავტორი რეინერ სტახი ვარაუდობს, რომ  პირველმა ნახატებმა მოახდინა მისი, როგორც მწერლის კრეატიულობის კრისტალიზება. უნივერსიტეტის პირველ წელს კაფკა აღფრთოვანებული იყო ავსტრიელი ებრაელის, ემილ ორლიკის “იაპონური” ნამუშევრებით, რომელიც იქამდე იაპონიაში სწავლობდა.  სავარაუდოდ, კაფკამ მაშინ დაინახა, რომ მარტივი ესთეტური ფორმებით დიდი კრეატიული ენერგიის გადმოცემაა შესაძლებელი.

ფრანც კაფკას ფაილებს შორის იძებნება მისი რვეული, რომელიც ავტორმა ესკიზებით გაავსო. რვეულის ბოლოში გვხვდება ტექსტის ნაწყვეტი სათაურით “მოგზაურობა – რომელიც არ ვიცი”. ფრაგმენტი იწყება სიტყვებით: “მაშ ასე, მას სძინავს და მე  არ ვაღვიძებ.”

 

 

რატომ არ გაჰყვა კაფკა მხატვრობას და  ლიტერატურა ამჯობინა? ამის პასუხი შესაძლოა იმალებოდეს კაფკას საუბარში მის მეგობარ გუსტავ იანოუქთან, რომელიც ნახსენებია წიგნში “საუბრები კაფკასთან”: “ძალიან გამიხარდებოდა, ხატვა რომ შემძლებოდა. სინამდვილეში, სულ ვცდილობ, რომ ვხატო. მაგრამ ამისგან არაფერი გამოდის. ჩემი ნახატები წმინდა წყლის პერსონალური სურათებით წერაა, რის მნიშვნელობასაც გარკვეული დროის შემდეგ მე თვითონვე ვერ ვხვდები.”

 

ორიგინალი: https://blog.nli.org.il/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.