16 სექტემბერი დილიდან
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი დღეს გაიხსნება
საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ინსტიტუცია, რომელიც მიზნად ისახავს ფოტოგრაფიის მედიუმის გამოყენებას კულტურული და სოციალური ცვლილებების კატალიზატორად, 16 სექტემბერს გაიხსნება.
მუზეუმის გახსნა სასტუმრო “სტამბაში“ თბილისის ფოტო ფესტივალის კვირეულის მთავარი მოვლენაა.
მუზეუმის შექმნას საფუძვლად დაედო თბილისის ფოტო ფესტივალის აქტივებში არსებული მდიდარი კოლექციები – ანაბეჭდები, ფოტოწიგნები, მულტიმედიური პროექტები. საგამოფენო სივრცის გარდა ინსტიტუცია მოიცავს მედიათეკას, რომლის ნაწილიცაა საქართველოში პირველი ფოტოწიგნების ბიბლიოთეკა და მულტიმედიური არქივი. მედიათეკა შეიქმნა პროექტის – “სამხრეთ კავკასიური ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ფარგლებში და მას აფინანსებს შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში.
თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმს სივრცე “აჭარა ჯგუფმა” გადასცა პრესტიჟული სასტუმრო “სტამბას“ ტერიტორიაზე. მუზეუმი 950 კვ.მ ფართობზე განთავსდება.
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმს გახსნის ფრანგი არტისტების დუეტის – ვენსან მუნის და პრისილა ტელმონის მულტიმედიური პროექტი “Unus Mundus: რიტუალები და ტრანსი“. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული განსხვავებული კონფესიების, ხალხების და ეთნიკური ჯგუფების რიტუალების პოეტური დოკუმენტაციაა, რომელთა ერთობლიობაც გლობალიზაციისგან ჯერ კიდევ შორს მყოფი იმ სამყაროს მომაჯადოებელი ალტერნატიული ატლასია, რომელიც ინარჩუნებს თვითმყოფადობას და ტრადიციებს.
წყარო: https://tpmm.ge/
ანიტა რაჭველიშვილი ჰოლანდიის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმოდ დააჯილდოეს
გერმანულმა გაზეთმა Die Welt ანიტას პირველი დისკის გამო, რომელიც Sony Classical-მა გამოსცა და 2017 წელს კრიტიკოსების რჩეული დისკის წოდება მიანიჭა, საზეიმოდ გადასცა მას ჯილდო ჰოლანდიის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში.
მილანის ლა სკალაში “კარმენში” დებიუტის შემდეგ ის საერთაშორისო საოპერო სამყაროს აბსოლუტურ ვარსკვლავად მოიაზრება. მის გამოსვლებს ერთნაირად ზეიმობენ ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, პარიზში, მიუნხენსა თუ ბერლინში. მისი ფოკუსირებული ხმის ცეცხლოვანი ინტენსიურობა და სტილისტური შეგრძნების შეუცდომლობა გვაგონებს დიდ ტერეზა ბერგანცას და მერილინ ჰორნს, მისი მუქი ტემბრი კი ოლგა ბოროდინას.
დღეს, 19:00 საათზე, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე შოპენის კომპოზიცია შესრულდება
ლეგენდარული კომპოზიტორის ნაწარმოებს პიანინოზე სერგეი ბაბაიანი შეასრულებს. 58 წლის მუსიკოსი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებთან ერთად უკრავდა, მაგალითად, ბრიტანეთის, პოლონეთის და ა.შ.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8 სექტემბერს გაიხსნა და 22 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.
მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55კგ) მსოფლიოს ჩემპიონია.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ერთ წუთში (9-0) დაამარცხა ყაზახი ზაკანშა. ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია.
ფოტო: https://reginfo.ge
ტაიკა ვაიტიტის ფილმი Jojo Rabbit ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული სატირა 10 წლის ბიჭზეა, რომელიც ჰიტლერიუგენდში დაკისრებულ დავალებებს თავს ვერ ართმევს. იმისთვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბიჭი წარმოსახვით მეგობარს იჩენს, რომელიც მისთვის ადოლფ ჰიტლერია. ფილმში მთავარ როლებს სემ როკველი, სკარლეტ იოჰანსონი, რებელ უილსონი და ალფი ალენი ასრულებენ.
წყარო: https://www.bbc.com/
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ფრანგ მსახიობ დენის ლავანის, ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორს პოლ შრედერს ჯილდოები გადაეცათ.
მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ბათუმის კინოთეატრში და ასევე ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კონკურსზე 30-მდე ქვეყნიდან 70-მდე ფილმი იქნება წარმოდგენილი.