fbpx

Zola Jesus – SOUNDWAVE-ის დაპირებული საჩუქარი


გააზიარე სტატია

ფოტო: თორნიკე შენგელია

ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში ბოლო წლებში  მრავალი საინტერესო რამ მოხდა – ჩატარდა როგორც მასშტაბური ფესტივალები, ასევე პატარა, ასე ვთქვათ, “ანდეგრაუნდ-ლაივები”. ქვეყნის მუსიკალურმა პლატფორმამ თითქმის ყველა გემოვნების მსმენელი დააკმაყოფილა – სცენა დაუთმო როგორც  დიდ როკ-ვარსკვლავებს, რომლებიც ბოლო წლებია სტაბილურად გვსტუმრობენ და იმ მუსიკოსებსაც, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მათი სპეციფიკური მუსიკის გამო ნაკლებად თუ იცნობს.

ასეთი მუსიკოსების რიგს მიეკუთვნება ამერიკელი შემსრულებელი Zola Jesus , რომლის შესანიშნავი და ყოველმხრივ მომნუსხველი პერფორმანსის მომსწრეები გავხდით რუსთაველის მცირე დარბაზში შეკრებილი საზოგადოება. “პერფორმანსის” ნაცვლად,  წესით, სიტყვა “ლაივი” უნდა დაგვეწერა, თუმცა, რასაც სცენაზე თეთრებში გამოწყობილი “იესო” სჩადიოდა, უფრო მეტი გახლდათ, ვიდრე ლაივი, თუმცა ამ ყველაფერზე ცოტა ქვემოთ.

“მიხარია, რომ საქართველოში ვარ, რამდენიმე დღეა ჩამოვედი და ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ვიცი, რომ საქართველოში განსაკუთრებული მსმენელია, შევეცდები მათ  თავი დავამახსოვრო. დღევანდელი კონცერტით წინ დაუვიწყარი საღამო გველოდება”, – განაცხადა  Zola Jesus-მა თავისი ლაივის წინ.   

 

 

Soundwave-ის მუსიკალური სესიები თბილისელებისთვის ახალი ხილი ნამდვილად არ არის – მუსიკალური ექსპერიმენტებით გაჯერებული “სცენა” არაერთხელ ყოფილა ისეთი მუსიკოსების მასპინძელი, როგორებიც არიან – Jay-Jay Johanson, KID Jesus, MokuMoku, Cutkill & Deka, Eko & Vinda Folio, Nika Kocharov, Sophie Villy. 

ახლაც მინერალურმა წყალმა “ლიკანმა” და Velvet Session-თან ერთად  ერთგულ მსმენელს დაპირებული (ივნისის მოვლენების გამო გადადებული) დაუვიწყარი საღამო მოუწყო და Zola Jesus ჩამოიყვანა. ამერიკელი მუსიკოსის პერფორმანსის დაწყებამდე კი სათანადო ატმოსფერო ძალიან ნიჭიერმა ქართველმა მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ შექმნა. 

 

„ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე:

“ვფიქრობ, უკვე შემიძლია აღნიშვნა, რომ “ლიკანის” მუსიკალური პროექტი – Soundwave შედგა. სასიამოვნოა იმის გაგება, რომ გასული სეზონის განმავლობაში  ნამდვილ მელომანთა გუნდი შემოვიკრიბეთ, რომლებიც მთელი წელი მოგზაურობდნენ ცოცხალი მუსიკის სამყაროში, თითოეული მსმენელი Soundwave-ის განუყოფელი ნაწილია. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ივნისში დაგეგმილი კონცერტის გაუქმება მოგვიწია,  ჩავთვალეთ, კონცერტის გამართვა უადგილო იქნებოდა, თუმცა, Zola Jesus მაინც ჩამოვიდა და Soundwave-ის შემოდგომის სეზონიც გახსნა. დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარ კონცერტს გამართავს”.

 

ანუშკა ჩხეიძემ თავისი რიტმებით დიდი ხანია, რაც ქართველი მსმენელის გული მოიგო, თუმცა მისი ლაივში ყურება და ის ემოცია, რომელიც მისგან მოდის, ორმაგად სასიამოვნოა და ნაკლებად თუ ვინმეს დატოვებს უკმაყოფილოს. 

 

ელენე გვეტაძე, Soundwave-ის ორგანიზატორი:

“როდესაც დასკვნითი კონცერტის მზადება დავიწყეთ, რომელიც შემდეგ სეზონის გახსნად გადაიქცა – ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია. Zola Jesus ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. რთულია  Zola Jesusიუნიკალურმა ხმამ და ვიზუალმა მომენტალურად არ მოგხიბლოს. 

დარწმუნებულები ვიყავით, რომ ზუსტად იგივეს განიცდიდა ქართველი მსმენელიც. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ანუშკა ჩხეიძის შესრულება. დაწყების წამიდან  ჯადოსნური აურა შექმნა დარბაზში თავისი მუსიკით და ღიმილით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სესია.”

 

რაც შეეხება ზოლას… ჰო, სანამ ზოლაზე მოგითხრობთ, მინდა აღვნიშნო ის გარემო, რომელიც რუსთაველის მცირე დარბაზშია, უფრო სწორად, ის გათვლა, რომელიც ორგანიზატორებს ჰქონდათ  არჩეულ სცენასთან დაკავშირებით. 

 

 

Zola Jesus-ის ხშირ შემთხვევაში გოთური ჟღერადობა და არსებული დიდი სივრცე, ამასთან ერთად მუსიკოსის ეფექტური პერფორმანსი და მუქ ფერებში გადაწყვეტილი განათება, ზუსტად იმ შეგრძნებას ქმნიდა, რომელიც საჭიროა საერთო ფონის აღსაქმელად და რომელიც ზუსტად ერწყმოდა იმ ემოციებს, რის გამოც ზოლას ასე  აფასებს მისი ერთგული მსმენელი. 

ხოლო მათთვის,   ვინც მუსიკოსის არსებობის შესახებ პირველად გაიგო  – ასეთებიც ბევრი იყო – ყველაფერი განცდილი, როგორც მინიმუმ, უცხო და მოულოდნელი იქნებოდა.

 “ეს იყო დაუვიწყარი ემოციური შთაბეჭდილება  როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ასევე არტისტული გადაწყვეტით. თეთრ კაბაში გამოწყობილმა ქალბატონმა “იესომ”, მელანქოლიური ლირიკისა და მუსიკის სინთეზირებითა და Dark Wave-ის ტრადიციებით,  სცენაზე ერთგვარი შოუ დადგა. თითოეულ შესრულებას თან ახლდა სევდისა და მუსიკალური სიგიჟის, პერვერსიის, ურთიერთშერწყმა, რაც დარბაზს თანაგანცდის შესაძლებლობას და სიმღერების ემოციური დამკვირვებლის როლში მოსმენას აიძულებდა”.  – ასე დაახასიათა  Zola Jesus-ის პერფორმანსი ემოციებით დატვირთულმა ერთ-ერთმა მსმენელმა გიორგი ჟღენტმა. რთულია მას არ დაეთანხმო, რადგანაც განცდილი ემოცია მე პირადად ძალიან დიდხანს გამყვა და ამ ტექსტის წერის დროსაც არ მტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარი მუსიკის მოსასმენად მსმენელი უკვე მზად მიდის, ანუ ზუსტად იცის, რა ელოდება და წინასწარ იმ მუხტზეა, რომელიც საჭიროა კონკრეტული კომპოზიციების აღსაქმელად. ზოლასთან საქმე სულ სხვაგვარად არის, ის მოუმზადებელ მსმენელსაც თავის სამყაროში იტაცებს და იქ სხვადასხვა არსებულ როლს უნაწილებს და თავის მუქ, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ნათელ სამყაროში გადაჰყავს. 

მისი სიმუქე მხოლოდ დრამატურგიული ხერხია, რომლის შემდეგაც ერთგვარი სიმშვიდე იბადება და თან დაგყვება მანამდე, სანამ სახლში მისულს კიდევ ერთხელ არ მოგინდება, ეს ყველაფერი აწი უკვე პირად სივრცეში, ყურსასმენში განიცადო.

 

 

Soundwave-ის ახალი სეზონი კი გახსნილია და ყოველ მომავალ  თვეს მისი გუნდი ახალი ლაივებით თუ პერფორმანსებით გაგვახარებს, რაზეც კმაყოფილებას ვერც იქ მისული მსმენელი მალავდა  

“ისეთი მუსიკოსის ჩამოყვანა საქართველოში, როგორიც არის Zola Jesus, მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რადგან ჩვენი სახელოვნებო სივრცეები ხშირად დაცლილია ალტერნატიული ტალღისგან და  სცენები უფრო მეტად ცნობილი, დაბალი მუსიკალური ღირებულების მქონე ბენდების ლაივ-კონცერტებით ივსება. 

ამ ყველაფრის  პასუხად, Zola-ს ჩამოყვანა ორმაგად დასაფასებელია, რომელიც შესაძლოა არ მიეკუთვნება ცნობილ მუსიკოსთა ელიტურ წრეს, თუმცა თვითმყოფად და ჟანრობრივად დაბალანსებულ თანამედროვე მუსიკას ქმნის, რის გამოც ორგანიზატორები შექებას და გამხნევებას იმსახურებენ, რათა ეს ტალღა გაგრძელდეს და უფრო მეტად მრავალფეროვანი და მასშტაბური გახდეს.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.