fbpx

აურზაური სალხინეთში: ვინ, სად, როდის და როგორ – ქართულ ტელევიზიებში


გააზიარე სტატია


იყო ასეთი გადაცემა სახელწოდებით “რა ხდება?”. სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გადიოდა. იმ დროს ტელევიზორები უკვე ფერადი იყო, შევარდნაძის ხელისუფლება უკვე დასუსტებული, რუსთავი ორი კი სატელევიზიო ბაზრის ლიდერი. 

ამ ამბიდან თითქმის 20 წელი გავიდა, მაგრამ დღეს – კიდევ უფრო, ვიდრე მაშინ – გაცილებით აქტუალურია კითხვა – რა ხდება (ქართულ სატელევიზო ბაზარზე), და ვინ, სად და რატომ მუშაობს.

 

როგორ დაიწყო:

ბოლო ტექტონიკური ცვლილებები სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის შედეგად “რუსთავი 2-ში” ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიკავა. ეს 18 ივლისს მოხდა, დაახლოებით ერთ თვეში კი “რუსთავი 2-ის” ახალმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მთავარი წამყვანები და პროდიუსერები სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც “კურიერის” “ნიუსრუმის” დაშლა მოჰყვა. “რუსთავი 2” 250-მდე ადამიანმა დატოვა. მათ შორის იყვნენ არხის ძირითადი სახეები.

 

“მთავარი არხი”

“რუსთავი 2-დან” წამოსვლის შემდეგ,  ზუსტად 19 დღეში – “კურიერის” ჟურნალისტების ნაწილმა, “რუსთავი 2-ის” სხვა სახეებთან ერთად და ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით –  ეთერში გაუშვა “მთავარი არხი”, რომელიც მაუწყებლობის დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში სატელევიზიო რეიტინგებში ორნიშნა “შეარზე” გავიდა. უფრო გასაგებად – ძალიან ყურებადი გახდა. 

ნოდარ მელაძე ახლა უკვე “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია, გიორგი გაბუნიას გადაცემას “პოსტ-ფაქტუმი” დაერქვა, ეკა კვესიტაძეს და ნიკა გვარამიას “მთავარი აქცენტები” უკვე ყოველდღიურად მიჰყავთ, “ვანოს შოუ” და “სხვა ნანუკა” იგივე დროს, უკვე “მთავარი არხის “ეთერში გადის. ტელეკომპანია დილის გადაცემისა და “სხვა შუაღამის” ანალოგიური პროექტის ეთერში ჩაშვებაზე მუშაობს. ამბობენ, რომ “შაბათის შუადღეც” დაბრუნდება ეთერში, თუმცა  დათო ტურაშვილის გარეშე. დათო რამდენიმე თვით სამოგზაუროდ მიდის.

  • ვის ველოდოთ:

ანი სუბელიანი, ზუკა ბერძენიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ლელა წურწუმია, სანდრო კაკულია, სალომე დადუნაშვილი, ნინო დარასელი, ლევან ბუთხუზი, მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი.

  • რას ამბობენ:

გავრცელებული ინფორმაციით, “მთავარზე” მისვლას ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვერსიად განიხილავს ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა.

 

“ფორმულა”

უკვე ცნობილია, რომ დავით კეზერაშვილისა და “ფორმულა კრეატივის” მიერ დაანონსებული არხი 1 ოქტომბერს გავა ეთერში. “ჩემი ცოლის დაქალების”  ახალი სეზონს მაყურებელი სწორედ ამ არხზე უნდა დაელოდოს. “ფორმულას”

“რუსთავი 2-ის” ყოფილ თანამშრომელთა ნაწილი უკვე შეუერთდა, მათ შორის, “დილა მშვიდობისა, საქართველოს” გუნდის ძირითადი შემადგენლობა. “დილა მშვიდობისას” “ფორმულაზე” ყოველ სამუშაო დღეს ეკა სამხარაძე გვეტყვის.  

საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელი გიორგი ლაფერაშვილი იქნება. ძველი რუსთავიორელებიდან ფორმულაზე გადავიდნენ ნანა ინწკირველი, მაკა ფანქველაშვილი, დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ნადიბაიძე და თამარ ჭავჭავაძე. 

საინფორმაციო გამოშვების მთავარი წამყვანი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი იქნება, ცნობილია, რომ არხზე ვნახავთ  “მაესტროს”, პირველი არხის და ტვ პირველის, ასევე “ნეტგაზეთის”, “რადიო თავისუფლების” და “ლიბერალის” ჟურნალისტების ნაწილს.

  • ვის ველოდოთ

 მომღერალ გიორგი ცხადაძეს, ბლოგერ ვაკო ქვაჭახიას. 

  • რას ველოდოთ

ახალ ქართულ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალების” შემქნელებისგან.

  • რას ამბობენ

 ერთ-ერთი ვერსიით, “ფორმულაზე” “რუსთავი 2-დან”  ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე და ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, ასევე “პოსტ-სკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი შეიძლება ვიხილოთ.

 

“რუსთავი 2”

25 სექტემბერს, “რუსთავი 2-მა” მაუწყებლობა სრული დატვირთვით განაახლა და ეთერში ნაცნობი გადაცემების განახლებული შემადგენლობით დაბრუნდა. შეიცვალა არხის თითქმის ყველა ძირითადი სახე, თუმცა ძველი “რუსთავი 2-დან” არხზე დარჩნენ: გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, ანი გიუნტერი. ტელეკომპანიაში სამუშაოდ მიბრუნდნენ არხიდან წინა წლებში წასული  ჟურნალისტები: მათ შორის დავით კაკულია, თეონა ცხომელიძე, ნათია მღებრიშვილი.
საინფორმაციო მიმართულებას ნინო შუბლაძე ხელმძღვანელობს. 9-საათიანი კურიერი ნათია ლაზაშვილს მიჰყავს. ნიუსრუმი სხვადასხვა არხების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა – გურამ როგავა, სოფო ოხანაშვილი, თამარ ურუშაძე უკვე “კურიერის” თანამშრომლები გახდნენ. 

  • ვის ველოდოთ

ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წამყვანი სოფო ნარჩემაშვილი “სხვა შუადღის” წამყვანის ამპლუაში; ნიკა არაბიძე ვანო ჯავახიშვილის ნაცვლად.

  • რას ველოდოთ

 როგორც ამბობენ, უკვე იგეგმება გასართობი გადაცემები: მუსიკალური შოუ კარაოკეს ელემენტებით.

1,912 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.