fbpx

იაპონური 60-იანების ანდერგრაუნდი ნიუ-იორკში – Tokyo Pop Underground


გააზიარე სტატია


ნიუ-იორკში ჯეფრი დითჩის (არტ-დილერი, ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი) კურატორობით გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით – Tokyo Pop Underground. 

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს იმ იაპონელი არტისტების ნამუშევრები, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ტოკიოს ანდეგრაუნდ სივრცეში მოღვაწეობენ და ნაკლებად მიეკუთვნებიან მეინსტრიმული მხატვრების რიცხვს.

იაპონელი გალერისტის, სინძი ნანძუკას თქმით, მეორე მსოფლიოს ომის ბოლოს იაპონია და მისი ხალხი დემორალიზებული და მიწასთან იყო გასწორებული, გამოფენაზე წარმოდგენილმა თაობამ კი ფიზიკური და სულიერი გადარჩენა მოახერხა. „მათ ხელოვნების ენით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და მომავლისკენ წინსვლა დაისახეს მიზნად. ამ გზაზე კი  ისეთ სფეროებზეც მოახდინეს გავლენა, როგორებიცაა: მანგა, მოდა, ანიმაცია და ანდეგრაუნდის მუსიკა“. 

წარმოგიდგენთ გამოფენა Tokyo Pop Underground-ის რამდენიმე მონაწილეს:

ჰარუმი იამაგუჩის ილუსტრაციები მოდის თემატიკას ეხმიანებოდა. მისი ხელწერა ძალიან რეალისტური იყო, უდიდეს ყურადღებას ანიჭებდა დეტალებს და ქმნიდა თავდაჯერებული, ძლიერი ქალების სახეებს, სახასიათო ტანსაცმლით.

  • „ქალი სიგარეტით“, 1977 წელი. ავტორი: ჰარუმი იამაგუჩი

  • „ქალი კაბაში“, 1984 წელი. ავტორი: ჰარუმი იამაგუჩი

  • „ბრძოლის ხასიათი“, 1976 წელი. ავტორი: ჰარუმი იამაგუჩი

  • „ყინულზე“, 1979 წელი. ავტორი: ჰარუმი იამაგუჩი

  • „ბანანის მოყვარული“, ავტორი: ჰარუმი იამაგუჩი

კეიჩი ტანაამი თავის ნამუშევრებში ფერად, მკვეთრი ფერების ფსიქოდელიურ სამყაროს ქმნის, რომლის გმირებიც კომიქსების პერსონაჟები და ქალები არიან.  მთავარი თემები ძალადობა, სექსი და სიკვდილია. გალერისტის, სინძი ნანძუკას თქმით, 81 წლის კეიჩი ტანაამის ნახატებს საფუძვლად მის ბავშვობის მოგონებები უდევს, როცა იაპონია ამერიკელების მიერ იბომბებოდა. „მკვდარი ოქროს თევზები, ცეცხლში გახვეული ქალაქები, აფეთქებები, შეშინებული ხალხი – 9 წლის ბიჭის შიშების შედეგია“, – ამბობს გალერისტი.

  • კეიჩი ტანაამი

  • „Momento Mori“, 2019 წელი. ავტორი: კეიჩი ტანაამი

  • სიკვდილის ხიდი. ავტორი: კეიჩი ტანაამი

  • „საფრთხის ოთახი“. ავტორი: კეიჩი ტანაამი

45_ck_03s.jpg

  • „სარკეების სამყარო“. ავტორი: კეიჩი ტანაამი

  • „ამერიკული გარეუბანი“. ავტორი: კეიჩი ტანაამი

მაკოტო აძუმა იკებენას ხელოვნების მიმართულებით მუშაობს. თუმცა, მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკის, დაგროვილი ცოდნისა და ტრადიციების მიუხედავად,  არტისტმა იკებანას კულტურაში ყვავილების სრულყოფილებით ტკბობისა და ინტერიერის მოწყობის ინოვაციური მეთოდები შემოიტანა.

Tokyo Pop Underground-ის გამოფენაზე მან შუშის ყუთებში მოთავსებული ყვავილები წარადგინა. ყუთის წინა კედელზე სპეციალური ლუპაა, რომელიც დამთვალიერებელს ექსპონატის დეტალების ნახვისა და ყვავილების ფერისცვალების პროცესზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.

ჰაჯიმე სორაიამამ Tokyo Pop Underground-ის გამოფენაზე ქალი-რობოტების  სურათები და ფაიფურის ფიგურები წარმოადგინა. მან იდეალური ფორმების მქონე მანქანა-ქალები სხვადასხვა მასალით, მათ შორის მინაბოჭკოთი შექმნა. არტისტმა ზოგიერთი ნამუშევარი სპეციალურ ყუთებში მოათავსა და შექმნა ეფექტი, თითქოს რობოტები უწონადობაში არიან. სორაიამამ ექსპოზიციას Sexy Robot -Floating დაარქვა. უსახო და უწონადობაში მყოფი მანქანა-ქალების სექსუალობა დამთვალიერებელში მოწონების პარალელურად, საფრთხის განცდასაც იწვევს.

აროში თვითნასწავლი და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხელწერის იაპონელი არტისტია. მისი ძირითადი სამუშაო მასალა სკეიტბორდებია, რომლებსაც ერთმანეთს ფენა-ფენა აკრავს, შემდეგ კი ჭრის და სასურველ ფორმებს აძლევს. 

Tokyo Pop Underground-ის გამოფენის მთავარ ფიგურად მაინც ტოშიო საეკი ითვლება – იაპონური არამეინსტრიმული კულტურისა და ანდერგრაუნდის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. იაპონური ეროტიკის ნათლიამ გამოფენაზე ისეთი ნამუშევრები წარმოადგინა, როგორებიცაა: „დარუმა“, „იარაი“ და რამდენიმე ნახატი სერიიდან „იაპონური მოჩვენებების ისოტირები“. 

  • „დარუმა“

  • „იარაი“

ტოშიო საეკის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  At.ge-ს ვებგვერდზე.

1,302 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.