fbpx

ზურა მაყაშვილი – შემთხვევით აღმოჩენილი მხატვარი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი

შემთხვევითობა ცხოვრების წესად იმდენად სასიამოვნოა, რამდენადაც არასტაბილური. ამის გამო იყო, რომ სოფელ ფუშლ ამ ზეეში თავის მოკვლამდე მივედი. სოფელში, სადაც ერთი თვის მანძილზე ავტობუსი ზუსტად 17:48-ზე მოდის, ჩემი ადგილი არ არის. ავდექი და წამოვედი. მშვიდობით ოსტერ რაიხ, პირველად აქ ვნახე შავი ჯვრით დამშვენებული მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალი და მაღაზია, რომელიც დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საათი მუშაობს.

ამის შემდეგ აქ ვარ და არეულობით ვტკბები. 

ამ ზაფხულს ჩემი ნაცნობის, კოტე გუმბარიძის ბინას ვიღებდი ეარბიენბისთვის. ამ სახლსაც უხერხული შიდა კიბე აქვს, როგორც უმეტესობას მაყაშვილზე. კიბის ზედა ბოლოში ქურთი გოგოს პორტრეტი ეკიდა, რომელიც სადღაც იყურებოდა, მარჯვნივ, პიონებისა და ასკილის (ან გადაბერებული თეთრი ვარდის) მშვენიერი თაიგულის ფონზე. ეს გოგო ყვითელი თავსაფრისა და შავგვრემანობის გამო გავაქურთე. შეიძლება არცაა. 

როგორც მოველოდი, სახლიც სავსე აღმოჩნდა ნახატებით. ავტორის გვარიც მაყაშვილია, ისევე როგორც მაროსი და კოტესი, რომლებიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდნენ. ზურა მაყაშვილი – დამალული განძი. 

კოტე გუმბარიძე, ზურა მაყაშვილის ნახატების კოლექციის მფლობელი: 

“ზურა მაყაშვილზე ბევრი რამ,  მართალი რო გითხრა, მეც არ ვიცი.

ვიცი, რო იყო ბიოლოგი, დისერტაცია აქვს დაცული ფუტკრის სამკურნალო თვისებებზე (ერთი ნახატიც არის ფუტკრებზე). 

იყო ესპერანტოს სპეციალისტი და ნათარგმნი აქვს “ვეფხისტყაოსანი” ესპერანტოზე.

შვილი არ ჰყოლია და ამიტომ ჩვენ დაგვრჩა მისი ნახატები.”

კოტეს ნაივურ ნახატებში ჩანს, რომ თავის ყოველდღიურობას არასტანდარტულად აღიქვამს, ოდნავ დისტანცირებულია და თითქოს წინასწარ ზუსტად იცის, რა ინტენსიურ რომანტიკულ ელფერს შეიძენს მალე ეს ყველაფერი, რასაც ხატავს. ეს განსაკუთრებით კარგად იმ ნახატზე ჩანს, სადაც სოფელ კარსანში მოქმედი მეტეოროლოგიური სადგურია ასახული, ან შეიძლება არცაა მეტეოროლოგიური სადგური და მე მგონია ასე. ვიღაცები ფეხებზე შემდგარ აპარატებთან ფუსფუსებენ, მთაზე ეკლესია ჩანს, აქეთ, ფერდობზე ჩამომავალ გზაზე, ვიღაც ხელს უქნევს დედასა და შვილს, რომელიც ბავშვურად, ბრტყელი პერსპექტივით არიან გამოსახული მარჯვენა დაბალ კუთხეში, წინა პლანზე. იქვე ქლიავები და პომიდვრები ალაგია. ცოტათი სოცრეალიზმული იდილიაა. ნატურმორტებშიც ეს მიდგომა ჩანს: სამლიტრიანით ლუდი, პილზნერის სქელშუშიანი კათხა, ფანჯარაში გაკიდული თევზი და მის მიღმა ზღვა, ზღვაში – გემი. ხშირად ხატავდა ფუტკრებს, სკებს და აყვავებულ ხეებს, რომლებიც ასე უყვართ პატარა ჯიგარ მწერებს. 

გაგვიხარდება, თუ რაიმე ინფორმაციას მოგვაწვდით ამ მხატვარზე. როგორც ხედავთ, ჩვენ და მისი ნახატების მფლობელმა ბევრი არაფერი ვიცით მასზე. 


რეკომენდებული სტატიები
დავით კაკაბაძის გამოგონებები, რომლებიც Google-ის სამეცნიერო პროექტში მოხვდა

დავით კაკაბაძის გამოგონებები, რომლებიც Google-ის სამეცნიერო პროექტში მოხვდა

დავით კაკაბაძის გამოგონებები, რომლებიც Google-ის სამეცნიერო პროექტში მოხვდა
დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც დამთვალიერებელი Google Cultural Institute-ის ახალი პროექტის ფარგლებში იხილავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.