Google-იდან გაჟონილი ინფორმაციით, კომპანია უკვე ფლობს კვანტურ კომპიუტერს, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისია
“გუგლმა” მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა კვანტური კომპიუტერული გამოთვლების მხრივ. შემთხვევით გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კომპანიამ ააწყო მანქანა, რომელიც ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის შეუძლებელ გამოთვლებს აკეთებს.
კვლევა სახელწოდებით “კვანტური უპირატესობა პროგრამირებადი სუპერგამტარი პროცესორის გამოყენებით” მცირე ხნით გამოჩნდა “ნასას” ვებსაიტზე, თუმცა ის მალევე წაშალეს.
კვლევა აღწერდა კვანტურ პროცესორს, რომელსაც შეუძლია 200 წამში ისეთი გამოთვლა აწარმოოს, რომელსაც “ჩვეულებრივი” თანამედროვე სუპერკომპიუტერი 10000 წელიწადს მოანდომებდა.
“დღემდე ცნობილ ყველა კლასიკურ ალგორითმთან შედარებით სისწრაფის მსგავსი დრამატული ზრდა საშუალებას გვაძლევს ექსპერიმენტულად გამოვცადოთ კვანტური უპირატესობა კომპიუტერულ გამოთვლებში და ასევე გვამცნობს დიდი ხნის სასურველი ახალი კომპიუტერული პარადიგმის დადგომას”, – ნათქვამია კვლევაში.
“ჩვენი ინფორმაციით, ესაა პირველი გამოთვლითი ექსპერიმენტი, რომელიც მხოლოდ კვანტურ პროცესორზე შეიძლება განხორციელდეს.”
კვანტური კომპიუტერები თანამედროვე, ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერებზე ბევრად დიდი შესაძლებლობისაა, თუმცა მათი წარმოება ძალიან დიდ ხარჯებსა და დროს უკავშირდება.
მთავარი ტექნოლოგიური კომპანიები – IBM, Intel და Microsoft დიდძალ რესურსებს ხარჯავენ კვანტური კომპიუტერების დარგში მოწინავე ადგილის მოსაპოვებლად, რადგან ამ ტექნოლოგიას აქვს ძალა რადიკალურად შეცვალოს უსაფრთხოების, კომუნიკაციის, ჯანდაცვისა და გამოთვლების სფეროები.
ამით, პირველ რიგში, ბიტების – მონაცემების შესანახად გამოყენებული “ნულების” და “ერთიანების” შეცვლას კვანტური ბიტებით – ე.წ. ქუბიტებით ცდილობენ, რომლებიც კვანტურად მოქმედებენ კვანტური სუპერპროსიცირების პრინციპით, ანუ ორ მდგომარეობაში ერთდროულად არსებობენ.
ერთდროულად “ნულად” და “ერთიანად” ყოფნის შესაძლებლობით კვანტურ კომპიუტერულ სისტემებს თეორიულად შეუძლიათ კლასიკურ კომპიუტერებზე ბევრად მეტი გამომთვლელი სისწრაფის შეძენა თითოეული ქუბიტის დამატებით. გამომთვლელი სიმძლავრის ასეთი მაღალი დონე 2019 წლის დასაწყისში “გუგლის” კვანტური გამოთვლების ლაბორატორიის მკვლევრების ინტერესს წარმოადგენდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი კომპიუტერული სისტემები “ორმაგი ექსპონენციალური” სისწრაფით მძლავრდებოდა.
“გუგლის” კვანტური ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის დირექტორის, ჰარმუტ ნევენის თქმით, მათი ყველაზე დახვეწილი კვანტური პროცესორი უმჯობესდებოდა იმაზე ბევრად უფრო მაღალი კოეფიციენტით, ვიდრე ეს თეორიულად იყო შესაძლებელი.
ნევენმა განაცხადა, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რადგან ბუნებრივ მოცემულობაში მსოფლიოში არაფერი იზრდება ასე სწრაფად, იმისთვის რომ შედარება შეიძლებოდეს.
“ისეა, თითქოს არაფერი ხდება, საერთოდ არაფერი და უცებ – უუპს, და თქვენ უკვე სხვა სამყაროში ხართ”, – განაცხადა მან.
ორიგინალი: https://www.independent.co.uk/