fbpx

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები


გააზიარე სტატია

სტრესი დაძაბულობის შეგრძნებაა, რომელიც გამოწვეულია გარემოს მოთხოვნილებების და ინდივიდის მიერ მასთან განმკლავებისთვის საჭირო რესურსების შეუსაბამობის აღქმით. სპეციალისტები სტრესის ორ სახეს გამოყოფენ: ქრონიკულს და ყოველდღიურს. ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად აწუხებს დაძაბულობის განცდა, რაც დროთა განმავლობაში საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას და ასუსტებს ორგანიზმის უნარს, გაუწიოს წინააღმდეგობა შფოთვებს და შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებები, ინსომნია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა გართულებები.

 

ყოველდღიური სტრესის შემთხვევაში კი მისი დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ქცევებით – როგორც ფიზიკური აქტივობებით, ასევე გონების სავარჯიშოებით და აკვიატებული ფიქრებისგან განთავისუფლების ხერხებით.

სტრესი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ სტრესის მართვის ცოდნა აუცილებელია ჯანმრთელი და სრულფასოვანი სიცოცხლისთვის. მნიშვნელოვანია ადამიანის მზაობაც, წინააღმდეგობა გაუწიოს სტრესს, მის თანმდევ ნეგატიურ მოვლენებს და შეეცადოს მის შემცირებას ან დამარცხებას.

სპეციალისტების დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა სტრესის შემცირებისა და მართვის სხვადასხვა საშუალებები. დაძაბულობის მოსახსნელად სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ:

  • სეირნობა დღეში სულ მცირე ნახევარსაათიანი სეირნობა ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით, ორგანიზმისთვის უამრავი დადებითი შედეგის მომტანია. 30-წუთიანი ყოველდღიური სიარული ამცირებს გულის დაავადებების რისკს; სიარული ენერგიის ზრდის ერთ-ერთ ბუნებრივ მასტიმულირებელ საშუალებად ითვლება. რეგულარული სეირნობის შემდეგ უმჯობესდება მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია. სიარული სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და უჯრედებისთვის მთელ სხეულში, მათ შორის თავის ტვინში, ჟანგბადის მიწოდებას აძლიერებს. სპეციალისტების აზრით, სეირნობა განსაკუთრებით ეფექტურია მზიან დღეებსა და ადგილებში, რათა ორგანიზმმა D ვიტამინი ბუნებრივი გზით მიიღოს.

  • ადამიანებზე დაკვირვება – ესტუმრეთ კაფეებს, პარკებს ან სხვა თავშეყრის ადგილებს მარტო, კონკრეტული მიზნის გარეშე და დააკვირდით ადამიანებს. მოიგონეთ ისტორიები მათ შესახებ, დახატეთ პერსონაჟები, გამოიგონეთ მათთვის სხვადასხვა სიტუაციები, სადაც იმეგობრებდნენ, იჩხუბებდნენ, იმუშავებდნენ, მოიფიქრეთ მოკლე ან გრძელი ამბები, დაყავით შემხვედრები ტიპების მიხედვით, გამოიგონეთ მათი ძირითადი მახასიათებლები და გაავლეთ პარალელები საკუთარ თავთან ან ნაცნობებთან.

  • სამაგიდო თამაშები – თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანების უმეტესობა დიდ დროს ატარებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობებთან და ეკრანებთან, სამაგიდო თამაშები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ინტუიციის გავარჯიშება, სტრატეგიული გადაწყვეტილებები, წესებისთვის ალღოს აღება – გონებრივი სავარჯიშოებია, რომელიც ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს. კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც სამაგიდო თამაშებს აქვთ, სოციალიზაციაა. ნებისმიერ თამაშს 2 ან მეტი ადამიანი სჭირდება, შესაბამისად, ნაცნობების ახალ ამპლუაში ნახვის, ან უცნობების გაცნობის საინტერესო და სასიამოვნო გზაა.

  • ცურვა – აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, უფრო ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.

  • ცხენოსნობა – სასარგებლოა როგორც კუნთებისა და ძვლოვანი სისტემისთვის, ასევე ამაღლებს ტონუსს, ზრდის თვითშეფასებას, იწვევს დადებით ემოციებს მხედარში და ხსნის დაძაბულობას.

  • მასაჟი – მასაჟს, როგორც მკურნალობის ეფექტურ საშუალებას, უძველესი დროიდან იყენებდა კაცობრიობა. თუ ადრე ეს პრივილეგირებული ფენებისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო, დღეს სხვადასხვა ტიპის მასაჟი ჩართულია როგორც თერაპიებში, ასევე ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად ისარგებლოს ამ სერვისით. მასაჟი აცოცხლებს კუნთებს, ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, ხსნის დაძაბულობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე.
  • მედიტაცია – ასევე ერთ-ერთი უძველესი მეთოდია, რომელსაც ადამიანები განტვირთვისთვის, კონცენტრაციისა და სხვადასხვა მიზნებისთვის მიმართავენ. კვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიმართავენ მედიტაციას, ნაკლებად მგრძნობიარენი არიან სტრესის გამომწვევი ფაქტორების მიმართ და ამავდროულად, მეტად აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი, კრეატიული აზროვნება და მეხსიერება.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.