ვეტერინარული კლინიკები, რომლებსაც ცხოველების დამცველები ენდობიან
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
უკვე ექვსი წელია, რაც ფეისბუქჯგუფი “ფისომოყვარულთა კლუბი” ფუნქციონირებს, ხოლო ოთხი წელია, კლუბი გასცდა ვირტუალურ სივრცეს და ჩამოყალიბდა როგორც არაკომერციული ორგანიზაცია და თავშესაფარი.
იმ დროს, როდესაც კლუბი შეიქმნა, უსახლკარო ცხოველების მდგომარეობა იმაზე გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე დღესაა. კლუბის არსებობამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ხელი შეუწყო ინფორმაციის გავრცელებას.
ადამიანები მიეჩვივნენ ცხოველების გამოკვებას, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის აუცილებლობაზე, ხოლო ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების ქუჩიდან და თავშესაფრებიდან აყვანა, ნაცვლად ყიდვისა.
სწორედ ასეთი დიდი სოციალური გავლენის გამო გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით “საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის” თავმჯდომარეს, ნინი რთველიაშვილს და უფრო დეტალურად გაგვეგო ამ კლუბის ფუნქციონირების, პრობლემებისა და გამოცდილების შესახებ.
რა მიმართულებით მუშაობს კლუბი?
ნინი რთველიაშვილი: ფეისბუქჯგუფი “ფისომოყვარულთა კლუბი” 6 წლის წლის წინ კახა ფხაკაძემ შექმნა. სიტყვა “ფისომოყვარულიც” მაშინ დაინერგა, ფაქტობრივად – კახასგან. უსახლკარო ცხოველების გარშემო არაერთი პრობლემა იყო დაგროვილი და ამიტომ ბევრი ადამიანი უკვე დამოუკიდებლად ვიყავით ჩაბმული მათ დახმარებაში, გადარჩენასა და მკურნალობაში.
“ფისომოყვარულთა კლუბში” რამდენიმე ადამიანი შევხვდით ერთმანეთს და განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის კატების თავშესაფრის თემაც. ძაღლებისთვის უკვე არსებობდა რამდენიმე თავშესაფარი, კატებს კი დიდი ყურადღება არ ექცეოდათ, პოპულაცია კი ძალიან დიდი იყო.
2015 წლის ზაფხულში ერთმა ბიზნესმენმა დაგვითმო ფართი ამ წამოწყებისთვის. 6 მუდმივი მოხალისე შევიკრიბეთ და მივიღეთ პირველი დასახმარებელი კატები. რეალურად ნულიდან დავიწყეთ.
სფკ წევრების თანადგომით თავშესაფარი მოვამარაგეთ საჭირო ნივთებით, გავხსენით ანგარიში, სადაც ვიღებდით შემოწირულობებს წამლებისთვის, საკვებისა და ვეტერინარული მომსახურებისთვის.
ვათენებდით ღამეებს, ვმორიგეობდით. ძალიან რთული იყო სისტემის აწყობა, გზადაგზა ვისწავლეთ ყველაფერი. კლუბის წევრების გარდა ძალიან დაგვეხმარნენ ვეტერინარები და კლინიკები – შეღავათებით, რჩევებით, ხშირად უფასო მომსახურებითაც.
რა ხდება დღეს
დღეს ფისომოყვარულთა კლუბის შემოწირულობებით არსებობს ერთი პატარა თავშესაფარი, სადაც ხდება დასახმარებელი ფისოების დროებით განთავსება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, სტერილიზაცია, კასტრაცია, გაჩუქება.
ასევე ვეხმარებით სხვადასხვა ადგილას შეფარებულ ფისოებს საკვებით, წამლებით. ვაფინანსებთ ოპერაციებს. ძალიან გვიჭირს თვიდან თვემდე გატანა, გვაკლია ადამიანური რესურსი, დასახმარებლად კი უამრავი ადამიანი მოგვმართავს ყოველდღიურად.
ორგანიზაცია მხარს უჭერს კანონპროექტს “ადამიანის კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს კომპანიონ ცხოველთა სამართლებლივ სტატუსს, მათი მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობებს.
როგორ ფიქრობ, რატომ არ არის განვითარებული საქართველოში ვეტერინარია?
ნინი რთველიაშვილი: საქართველოში ამ მიმართულებით ყოველწლიურად გვაქვს დიდი პროგრესი, თუმცა პრობლემებიც არის, როგორც ყველა სფეროში.
ჩვენ მადლიერები ვართ იმ ვეტერინარების, რომლებიც უსახლკარო ცხოველებს ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში – შეღავათებით, ფასდაკლებებით, ხშირად უფასოდაც.
სფკ თავშესაფარს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები, ხან ჩვენ ვეხმარებით მათ, ხან ისინი ჩვენს ფისოებს. არაერთხელ უკითხავთ, თუ მოდიან ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები თავშესაფარში დასახმარებლად. ჩვენ გულწრფელად ვპასუხობთ – არა.
ეს ყოველთვის მათ გაკვირვებას იწვევს. ჩვენც გული გვწყდება – ეს ხომ პირდაპირ მათი საქმეა. ყველამ იცის, რომ, როგორც წესი, ახალგაზრდა ვეტერინარები თავშესაფრებში დიდ გამოცდილებას იღებენ. სახელგანთქმული ვეტების ინტერვიუებშიც წამიკითხავს, რომ მათი ვეტერინარობა ვოლიერების გამოწმენდით დაიწყო. სამწუხაროა, თუ ეს არ ესმით ან უარესი, თუ არ უნდათ.
რომელ ვეტერინარულ კლინიკებს ურჩევ ჩვენს მკითხველს თავიანთი შინაური მეგობრებისთვის?
ნინი რთველიაშვილი: ოთხწლიანი დატვირთული გამოცდილებით მე ვენდობი მხოლოდ ოთხ კლინიკას. თან სხვადასხვა პროფილით და მიმართულებით. ესენია: აბ – ვეტ ბუნება, აგრარულის ვეტკლინიკა, ვეტლაიფი და ლაქი ფოუ.
პატარა ზოომაღაზიების “კლინიკები” არის კოშმარი – არც ცოდნა აქვთ, არც გრძნობა.
თერაპიის, დერმატოლოგიის და ქირურგიისთვის ყველაზე მეტად “აბ-ვეტ ბუნება” და აგრარულის ვეტ. კლინიკა მომწონს.
“ვეტლაიფში” სერგო ოსიპოვი კარგი ექოსკოპისტი და რენტგენოლოგია, იდეალურად აკეთებს სტერილიზაციას.
“ლაქი ფოუში” ახალგაზრდები არიან და ცდილობენ მეტი სიახლე შემოიტანონ, თუნდაც რთულ ქირურგიულ მანიპულაციებში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ “აგრარულს” და “ლაქი ფოუს” აქვთ სტაციონარი და დატოვების საშუალება. ეს სერვისი ძირითადად კატებისა და ძაღლებისთვისაა.