მოდის სამყაროს მისი უკანასკნელი რომანტიკოსი იუბერ ჟივანში სამუდამოდ გამოემშვიდობა
მოდის სამყაროს მისი უკანასკნელი რომანტიკოსი იუბერ ჟივანში სამუდამოდ გამოემშვიდობა. დიზაინერი, რომელმაც მოდას „პატარა შავი კაბა“ აჩუქა, პარიზთან ახლოს, საკუთარ შატოში გარდაიცვალა.
ქვეყნიერების უმშვენიერესი ქალის, ოდრი ჰებბერნის მეგობარი და განუმეორებელი ელეგანტურობის სიმბოლო 91 წლის იყო.
მოდის სამყაროს გიგანტი, ასე უწოდებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დიდ დიზაინერს (იუბერ ჟივანშის სიმაღლე მუდამ ხუმრობისა და კალამბურების საბაბი ხდებოდა). ჟივანში კრისტობალ ბალენსიაგას, მოდის კიდევ ერთი კლასიკოსის მოწაფე იყო და მისგან ელეგანტურობის განუმეორებელი შეგრძნება შეითვისა.
ოდრი მისი მუზა და იდეალური მოდელი იყო, ამიტომაც ჟივანშის მიერ მისთვის შექმნილი ტანსაცმელი ფილმებში „საუზმე ტიფანისთან“, „ სასაცილო სახე“, „საბრინა“ და “სიყვარული შუადღისას”, განუმეორებელი სილამაზისა და გემოვნების სიმბოლოდ იქცა.
ლიზ ტეილორი, მონაკოს პრინცესა გრეის კელი და ჟაკლინ კენედი, ყველა ეს მოკაშკაშე ქალი მისი 1952 წელს დაარსებული მოდის სახლის თაყვანისმცემელი იყო.
„საკუთარი სამოსივით დახვეწილი მანერების მქონე და თავმდაბალი ადამიანი”,- ასე აღწერენ მას მეგობრები, რომლებიც იუბერ ჟივანშის პარიზში გამოეთხოვებიან.