fbpx

May B – ფესტივალ “საჩუქარისგან” (GIFT)


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ია ლოდია


წარმოდგენა, რომელიც იმთავითვე დასრულებისკენაა მიმართული, ათ არქეტიპურ ფიგურას შორის გათამაშებულ უძლურებაზე მოგვითხრობს. გულწრფელობას მოკლებული იქნება, დრო მასზე, როგორც სტანდარტულ სპექტაკლზე, საუბარს დაეთმოს, ხოლო ენერგია – სიუჟეტის ანალიზს, რომელიც რაღაც მომენტიდან იწყება და კონკრეტულ წერტილში თავს უყრის სათქმელს. 

„May B” არათუ სანახაობაა, რომელიც მაყურებელს დროისა და სივრცის გარკვეულ მონაკვეთში მიეცემა, ხოლო დასრულებისას არსებობას წყვეტს და მერე მეხსიერებაში მიინავლება, არამედ ეს არის პასიურად არსებული მუდმივა, რომელიც სულს ღაფავს საკუთარი თავის გააქტიურების მოლოდინში. 

რაწამს აქტიურია, ის აღარასოდეს ხდება დავიწყებული და ხელახალი, მუდმივი განმეორების პირობას იძლევა. თავისთავად ემოციურ და გულისამაჩუყებელ სათქმელს გაცილებით ამაღელვებელს ხდის უსიტყვობა, ენობრივი მინიმუმი, რომელიც მხოლოდ ერთ ფრაზადაა შეკუმშული: დასრულდა. ამოიწურა. თითქმის დამთავრდა. უნდა დასრულებულიყო

მაგი მარენის ეს გადაწყვეტა ჯეროვან ეფექტს დაბადების დღის ეპიზოდში აღწევს, როდესაც ათივე მონაწილე სცენის ცენტრში იყრის თავს და სინქრონულად, მხოლოდ გაშარჟებული არტიკულაციით „მღერის“.

ეს არის, ალბათ, ყველაზე მძაფრი, გროტესკული და, იმავდროულად, გულსატკენი სცენა, რომელიც ადამიანის უსუსურობას მთელი მისი სიმძიმით გადმოსცემს; თითქოს უხმო ეკრანზე საბრალო პერსონაჟებს უყურებდე, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას თამაშობენ, და გული გწყდებოდეს მათ დროებით აღტყინებაზე, მომღიმარ სახეებზე. 

შუბერტის ფონზე მოცეკვავე ფიგურები თითქოს დაშორებულია სრული სიჩუმიდან მომზირალს თავისი უსიტყვობით.

ერთი შეხედვით, დარბაზი და სცენა სხვადასხვა სივრცედ იყოფა, თუმცა, რამდენადაც უთქმელობა მიჯნაა მათ შორის, ის კარს უხსნის ლეთარგიული თვლემიდან გამოღვიძებულ მაყურებელს და ძლიერად იკრავს გულში, თუკი მას თავადაც გააჩნია მზაობა, შინაგანი სიმყიფე, უპირობოდ მიიღოს ის უიმედობა, რომელსაც მის წინაშე არსებული აბსურდის თეატრი სთავაზობს. 

გევინ ბრაიერსის კომპოზიციის ფონზე ხდება სპექტაკლის ემოციური გარდატეხა, განწყობა, რომელიც მთავარ სათქმელს ლაიტმოტივად გასდევდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, აღარაა სარკასტულ ჟესტებს ამოფარებული, ახლა ის აღარ მალავს თავს, მთელი თავისი გულწრფელობით მაყურებლის წინაშე დგება. ლონდონელი უსახლკარო კაცის მანტრასავით გამეორებული მელოდია “Jesus’ blood never failed me yet” სპექტაკლის ენით ნათქვამი სიტყვის გაცხადებაა, რომლის აბსურდულობა სწორედ მის უსასრულოდ განმეორებაში მდგომარეობს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.