fbpx

ღვინის ბარები თბილისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ღვინის წარმოების უძველესი კულტურა ის მახასიათებელია, რომლითაც  საქართველომ მსოფლიოს რუკაზე დაიმკვიდრა ადგილი. დღესდღეობით უამრავი კომპანია, ასევე საოჯახო მარნები თუ მცირე მეწარმეები მომხმარებელს ნატურალური ღვინის ათასობით სახეობას სთავაზობენ. მათი დაგემოვნება ქალაქის სხვადასხვა უბანში  მდებარე ღვინის ბარებში შეგიძლიათ. ამ ბარების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ ტურისტებისათვისაც მიმზიდველია. 

გთავაზობთ თბილისის რამდენიმე ღვინის მაღაზიას, სადაც შეძლებთ ქართული და უცხოური წარმოების მაღალი ხარისხის ღვინის სახეობებთან ერთად,  შესაბამისი გემრიელი კერძებიც დააგემოვნოთ. 

 

Wine Not? • ვაინ ნოთ? 

Wine Not? ღვინის მოყვარულებისთვის თავისუფალი და საინტერესო სივრცეა, რომელიც ღვინის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სივრცე ორმა მეგობარმა დააარსა – იდეა კი ღვინის განსაკუთრებულმა სიყვარულმა გააჩინა. 

Wine Not?   პეტრიაშვილის ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს და ღიაა დღის 5 საათიდან, ღამის 1-ლ საათამდე, შაბათობით კი  ბარი შუადღის 3 საათიდან იღება. მყუდრო ინტერიერი შესვლისთანავე სივრცის კონცეფციის ზუსტ აღქმას გაგიჩენთ. 

Wine Not?  ის ადგილია, სადაც მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გაერთოთ, დააგემოვნოთ თქვენთვის საყვარელი ღვინო ან აღმოაჩინოთ მისი ახალი სახეობა,  კვირის გარკვეულ დღეებში კი ცოცხალი მუსიკის საღამოებსაც დაესწროთ.

 

8000 მოსავალი / 8000 Vintages

ღვინის მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილია ღვინოები, რომლებიც დამოუკიდებელმა  სადეგუსტაციო კომისიამ სიჯანსაღის, ფერის, არომატისა და გემოს მახასიათებლების მიხედვით შეარჩია.
ამ ეტაპზე “8000 მოსავალის” თაროებზე 900-ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. ბარში ყოველგვარი მომსახურების ფასნამატის გარეშე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სასურველი ღვინო შესაბამის საკვებთან ერთად.

აქ  ხშირად ტარდება  ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები. ღვინის  ბარი ირაკლი აბაშიძის 60 ნომერში მდებარეობს და დღის 1-ლი საათიდან საღამოს 11 საათამდე გიმასპინძლებთ.                                       

 

La La Lamb Cafe • ლა ლა ლემბ კაფე 

ადგილი, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებით შექმნილ ღვინოებს და სადაც ყავის დამზადების წესს ისეთივე ყურადღებას აქცევენ, როგორც მის ხარისხს. 

ღვინის და ყავის ბარი „ლა ლა ლემბ კაფე“ ვაკეში, აბაშიძის 31 ნომერში მდებარეობს. გარდა ყავისა და ღვინის მრავალფეროვანი არჩევანისა, აქ ვეგეტარიანული და ვეგანური კერძებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ. La La Lamb Cafe ღიაა ყოველდღე,  დილის 9 საათიდან, საღამოს 10 საათამდე. სივრცე ხშირად ეთმობა სხვადასხვა შინაარსის გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებსაც.

 

Tsangala’s Wine Shop & Bar 

თბილისის ძველ ნაწილში, იოანე შავთელის ქუჩის 12 ნომერში მდებარე Tsangala’s Wine Shop & Bar ტურისტების ერთ-ერთი რჩეული ადგილია. სივრცე ღვინის მაღაზიას და ბარს აერთიანებს. 

აქ წარმოდგენილია ქართული ღვინოების დიდი არჩევანი, რომლებიც  შეგიძლიათ შეიძინოთ ბოთლით, ან შეუკვეთოთ ჭიქით. თქვენთვის სასურველ ღვინოსთან ერთად, ბარის მენიუ ყველის და ქართული ტკბილეულის დაფასაც გთავაზობთ. Tsangala’s Wine Shop & Bar-ს შეგიძლიათ  11:00-დან 01:00-მდე ესტუმროთ.                    

 

Sulico Wine Bar • სულიკო ღვინის ბარი

ზანდუკელის ქუჩის 27 ნომერში, მე-19 საუკუნის აგურის შენობაში, თბილისის კიდევ ერთი ღვინის ბარი Sulico Wine Bar  მდებარეობს. ბარში მყუდრო, ლამაზი ინტერიერი და გარე სივრცე დაგხვდებათ. ბარში ქართული ღვინის არაერთ სახეობასთან ერთად, ქართულ კერძებსაც დააგემოვნებთ. 

მენიუ მოიცავს: წასახემსებლებს, ყველის დაფის რამდენიმე ვარიაციას, შეჭამანდებს, ქართული ინგრედიენტებით მომზადებულ ცომეულს და ძირითად კერძებს, რომლებიც ასევე ქართული მრავალფეროვანი სამზარეულოთია შთაგონებული. „სულიკოს ღვინის ბარი” ღიაა ყოველდღე, 12:00-დან 02:00-მდე. 

 

სიტიო • Sitio

თუ ღვინის მოყვარული ხართ და თქვენთვის მყუდრო  გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაშინ გირჩევთ  “სიტიო • Sitio”-ს ესტუმროთ. აქ ღვინის უამრავი სახეობაა, რომლის შერჩევაშიც მომსახურე პერსონალი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ. 

ქართული ღვინის სახეობები ყველის და ძეხვის დაფასთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.  ღვინის ბარი “სიტიო • Sitio” ზანდუკელის ქუჩაზე, 11 ნომერში მდებარეობს. სივრცე ღიაა ყოველდღე, დღის 3 საათიდან ღამის 1-ლ საათამდე.                                                                            

 

Wine and Dine Tbilisi

ცინცაძის  58 ნომერში მდებარე ღვინის კაფეში აღმოაჩენთ რჩეულ ქართულ და ევროპულ ღვინოებს, ასევე  სხვადასხვა სახეობის სპირტიან სასმელებს. 

აქ პერიოდულად იმართება მასტერკლასები და დეგუსტაციები.  Wine and Dine-ში წარმოდგენილი სასმელები თითოეული მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული.  სივრცე მუშაობს ყოველდღე, დღის 12 საათიდან, ღამის 1-ლ საათამდე. 

 

Wine Bazaar & Bar Wine Shop

”ღვინის ბაზარი” 1896 წელს  აშენებულ სივრცეში, პეტრიაშვილია #1-ში მდებარეობს. ამ შენობაში  დღეს მულტიფუნქციური სივრცე “Ghvinis Karkhana • ღვინის ქარხანა” ფუნქციონირებს. სწორედ ამ სივრცის ნაწილია ღვინის ეს ბარი და მაღაზია. 

Wine Bazaar-ში 1300-მდე დასახელების ღვინოა წარმოდგენილი  საქართველოს ყველა კუთხიდან. აქ დაგხვდებათ სხვა ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვანი  არჩევანიც. ”ღვინის ბაზარი” ღიაა ყოველდღე, 11:00-დან 22:30-მდე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.