fbpx

“ახალი ხილი” თბილისში – “დაჩქარებული პაემნები”, ანუ Speed Dating


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ გაცნობისათვის დღეს ადამიანები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და სხვადასხვა აპლიკაციას, ვირტუალური კომუნიკაცია ხშირად არასწორ შთაბეჭდილებას ტოვებს. შეხვედრაზე მისული, შესაძლოა თქვენთვის უინტერესო, ან უარეს შემთხვევაში, უსიამოვნო გარემოში აღმოჩნდეთ.  

სწრაფი გაცნობისა და კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდი ეგრეთ წოდებული Speed Dating-ია, რომელიც რეალურ დროსა და გარემოში  საშუალებას გაძლევთ შეხვდეთ ადამიანებს,  გაიცნოთ ისინი და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობა გააგრძელოთ. 

როგორც აღმოჩნდა, Speed Dating, როგორც ივენთი, პერიოდულად თბილისშიც ტარდება, მას ერთგვარი დახურული ღონისძიების  სახე აქვს, სადაც მოხვედრა წინასწარი რეგისტრაციით არის შესაძლებელი. 

ერთ-ერთ ბმულზე გადასვლისას  აღმოვაჩინე, რომ Speed Dating-ის სარეგისტრაციო ფორმა გავხსენი. საღამოს ადგილმდებარეობად თბილისის ერთ-ერთი ბარი –  Woland’s Speakeasy იყო მითითებული. კეთილგანწყობილი ტექსტით, ორგანიზატორები საღამოს მხიარულ გარემოში გატარებას და ახალი ადამიანების გაცნობის მარტივ საშუალებას გვთავაზობდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ Speed Dating-ის რეალურ დანიშნულებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაინც დავინტერესდი და წასვლა გადავწყვიტე.

განსაკუთრებით დამაინტერესა, თუ როგორი გარემო იქნებოდა საღამოზე იმ ქალაქში, სადაც ახალი ადამიანების გაცნობის კულტურა არც ისე განვითარებულია და ეს ყველაფერი, როგორც წესი, საერთო სამეგობრო წრის გავლით ხდება. 

Speed Dating-ზე, წესის მიხედვით, დამსწრეთა  რიცხვი წინასწარ არის განსაზღვრული. იმ დღეს 15 ადამიანი  ესწრებოდა. რეგისტრაციისას უთითებ მონაცემებს – ასაკს, სქესს, ასევე იმ სქესს, რომლითაც დაინტერესებული ხარ, მოკლედ ყვები შენზე და აგზავნი სოციალური ქსელის პროფილის ბმულს. მას  შემდეგ, რაც ყველა ველი შევავსე, ელექტრონული ფოსტით მივიღე შეტყობინება, რომ საღამოს ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. 

შეხვედრა  საღამოს 7 საათზე იყო დანიშნული, თუმცა, ქალაქის საცობებისა და ჩემი არაპუნქტუალობის შედეგად  ნახევარი საათი დავაგვიანე, რის გამოც დიდი ხვეწნა დამჭირდა, რომ შევეშვი.

ამ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა სტატიის დაწერა, რედაქტორთანაც შეთანხმებული ვიყავი, ამიტომ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით მივედი, რომ თბილისურ Speed Dating-ზე მოვხვედრილიყავი. 

საღამოს  ორი ორგანიზატორი ჰყავდა, რომლებმაც თავაზიანად გადამახდევინეს მონაწილეობის თანხა – 20 ლარი და უფასო სასმლის მონეტა მომცეს, ამის შემდეგ ერთ-ერთი გამიძღვა ბართან და ჩემი ნომრის აღმნიშვნელი სტიკერი მომაკრა, ისე როგორც ტალანტ შოუების კასტინგებზე  ნომრავენ ადამიანებს. 

აქედან იწყება Speed Dating-ის მთავარი ნაწილი, ყოველ 4 წუთში ერთხელ მოდის მოსაუბრე და იწყებთ დიალოგს, რომელიც ჩემთვის არც ისე საინტერესო კითხვა-პასუხისაგან შედგებოდა. დასაჯდომი ადგილების განლაგებიდან გამომდინარე, გამიჭირდა გოგოების და ბიჭების ზუსტი  რიცხვის დადგენა, თუმცა, როგორც ბარმენისგან გავიგე, ბიჭებზე ერთით მეტი გოგოები იყვნენ. 

 

ის, რაც ამ საღამოზე სტატისტიკურად გამოიკვეთა: 

  • მონაწილე ბიჭების 80 პროცენტი უცხოელი იყო.
  • მათგან თითქმის უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ქართველ გოგოებთან კომუნიკაცია რთულია, ხანდახან არაადეკვატურად უხეშები არიან და სწორედ ამიტომ მოვიდნენ 

Speed Dating-ზე.

  • ჩემი მოსაუბრისგან დასმული კითხვები შეეხებოდა ჩემს ასაკს, ჰობის და მიზეზს, თუ რატომ მოვედი Speed Dating-ზე. 

 

რაც შეეხება ჩემთან მოსაუბრე წყვილებს, სულ რამდენიმე ადამიანი დამამახსოვრდა: 

ყველაზე მეტად ერაყიდან ჩამოსულ სტუდენტთან  საუბარი მომეწონა, ერთადერთი მოსაუბრე იყო, რომელიც არ დაელოდა ჩემს კითხვებს და დიალოგის წარმართვა თავის თავზე აიღო.

მითხრა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, თავისუფალ დროს Stand-Up კომედიანტი იყო და სამომავლოდ კოსმოსური მედიცინის მიმართულებით აპირებდა მუშაობას, მეც გულწრფელად გამოვხატე აღფრთოვანება მისი მომავალი პროფესიის მიმართ. 

ამის შემდეგ ერაყში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბრეთ,  მოსაუბრემ აღნიშნა, რომ არც საქართველოა თეორიულად სრულიად უსაფრთხო ქვეყანა და რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება შემახსენა. საუბრის ბოლოს მკითხა, სად ვისურვებდი მოგზაურობას მხოლოდ ერთი რჩევანი რომ მქონდეს, მე ბრიუგე დავუსახელე, ჩემმა მოსაუბრემ კი თავაზიანად მიწოდა უფანტაზიო  და ბართან დაკავებული ადგილი დატოვა. 

იყო ქართველი ბარმენიც, რომლის საინტერესო აზიურმა გარეგნობამ ჩემი ბავშვობის საყვარელი ვიდეოთამაში Mortal Kombat გამახსენა.

თუმცა, სრული 4 წუთი თავის თავზე ლაპარაკობდა, ამიტომ მე ძირითადად მსმენელის პოზიციაში ვიყავი. მისი ოცნება ბარმენების და ბართან მოქცევის შესახებ გადაცემის წაყვანა იყო, მე ვლოგერობა ვურჩიე და ასე ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო. 

ვესაუბრე 22 წლის სტუდენტს, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სასწავლებლად ინდოეთიდან ჩამოვიდა.

ჩვენი საუბარი ძირითადად სერიალებს და ინდურ ფოლკ მუსიკას შეეხებოდა. განვიხილეთ “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟები და თანამედროვე მუსიკაში ტრადიციული ინდური მუსიკის ელემენტების ბოლოდროინდელი ტენდენციები. 

მას შემდეგ, რაც ყველა შესაძლო წყვილი ერთმანეთს შეხვდა, ივენთის ორგანიზატორმა წინასწარ დარიგებული ფურცლები გამოგვართვა, სადაც მოსაუბრის ნომრის მიხედვით, მის მიმართ ჩვენს  დამოკიდებულებას მოკლედ აღვნიშნავდით. ამ შედეგების მიხედვით კი ყველა მონაწილეს შესაძლო წყვილის საკონტაქტო ინფორმაცია ეგზავნება. 

ივენთის შემდეგ ოთხ  გოგოსთანაც მოვახერხე გასაუბრება, რომლებიც სავარაუდოდ მეგობრები იყვნენ და ერთად მოვიდნენ ბარში.

ერთ-ერთმა  მათგანმა თქვა, რომ პირველად იყო, თუმცა, საკმაოდ სერიოზულად აღიქვამდა მსგავსი ტიპის შეხვედრებს და სამომავლოდ დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა მონაწილე ბიჭებიდან ორს. დანარჩენებმა მითხრეს, რომ Speed Dating-ზე 4 წუთი არ არის საკმარისი ადამიანი დააინტერესო, ან პირიქით – დაგაინტერესოს. 

გასაუბრების რიტუალის შემდეგ, ტრადიციისამებრ, კარაოკე იწყება და სწორედ ამ  გარემოში აგრძელებენ მონაწილეები ერთმანეთთან კომუნიკაციას. 

ეს საღამოს, ალბათ, ყველაზე ენერგიული ნაწილი იყო, სადაც ბარში მყოფი თითქმის ყველა ადამიანი ჩაერთო.

რაც შეეხება რეპერტუარს – როგორც თითქმის ყველა კარაოკეს დროს ხდება, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის პროპორციულად, სულ უფრო იზრდებოდა 2000-იანი წლების მეტ-ნაკლებად გემოვნებიანი ჰიტების რაოდენობაც. პარალელურად ბართან 2 წყვილი შევნიშნე, რომლებიც სავარაუდოდ საკონტაქტო ინფორმაციას ცვლიდნენ. 

Speed Dating-ის საღამო, ყველა თავისი კომპონენტის ჩათვლით, დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.

მე სამსახურში ვბრუნდებოდი, ამიტომ საყოველთაო მხიარულება კარაოკეს მიმდინარეობის დროს დავტოვე. წამოსვლისას ერთ-ერთმა მონაწილემ – ინდოელმა სტუდენტმა –  სოციალურ ქსელში ჩემი მონაცემები მკითხა, საკმაოდ ოპერატიულად დამამატა და მომწერა. თუმცა, უცხოელების კარგი თვისება ისაა, რომ ხვდებიან არ ხარ დაინტერესებული, ამას სრულიად ჩვეულებრივად იღებენ  და ზრდილობიანად გისურვებენ წარმატებებს.  

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ საღამომ კეთილგანწყობილი და თავაზიანი მონაწილეების წყალობით სასიამოვნოდ ჩაიარა.

თუმცა Speed Dating, როგორც გაცნობის ფორმა,  ჩემთვის უინტერესო აღმოჩნდა. ის ჩარჩოებში აქცევს ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაციას.  წინასწარ განსაზღვრული დრო და წესები კი, სპონტანურობას, მოულოდნელობის ეფექტს და რაც მთავარია ფლირტის შესაძლებლობას გამორიცხავს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.