fbpx

ქართული მწერლობისა და ხელოვნების ნიმუშები, რომლებმაც საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია


გააზიარე სტატია


ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ალბათ მაინც უფრო სამწუხაროდ), 21-ე საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ნაკლებად ვხვდებით ისეთ  ნაწარმოებებს, რომლებიც საზოგადოებაში ვნებათაღელვას იწვევს. 

ხშირ შემთხვევაში გამოფენა, ამა თუ იმ წიგნის პრეზენტაცია, ფილმისა თუ სპექტაკლის პრემიერა მშვიდად ჩაივლის ხოლმე. ძირითადად “მოსწონთ”, ან “არ მოსწონთ” და აქ სრულდება განხილვები. 

მაგრამ, ქართულ თანამედროვეობაში მაინც არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქართველი ხელოვანების ნამუშევრებმა აზრთა სხვადასხვაობის, სატელევიზიო გარჩევების, საზოგადოების მხრიდან მუქარებისა და აქციების ფონზეც კი ჩაიარა.

ახლაც, როდესაც 8 ნოემბერს ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში იგეგმება, კიდევ უფრო აქტუალური გახდა სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მიერ ხელოვნების ნაწარმოებების აკრძალვის მოთხოვნა და დარბევის მცდელობა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგახსენოთ რამდენიმე ამბავი, რომელსაც 2000-იანი წლებიდან დღემდე მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ლევან აკინი, “და ჩვენ ვიცეკვეთ”

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია, რომელიც შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია. ფილმი მთლიანად თბილისშია გადაღებული და მსახიობებიც ქართველები არიან. 

ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც უცხოურ კინოფესტივალებზე უამრავი პრიზი მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში. 

აღსანიშნავია, რომ ფილმი ოსკარზე წარადგინეს შვედეთის სახელით. 

ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოყვა – სხვადასხვა ძალები ჩვენების ჩაშლით, აქციებით და პრემიერაზე შეჭრით იმუქრებიან. 

ამასთან, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც კატეგორიულად მიუღებლად აცხადებს გეი თემატიკის ფილმის ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში: სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­უ­რი­გე­ბე­ლი რო­გორც სა­ერ­თოდ ცოდ­ვის, ისე, მი­თუ­მე­ტეს, სო­დო­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და და­კა­ნო­ნე­ბი­სად­მი. ამი­ტო­მაც ყოვ­ლად მი­უ­ღებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ასე­თი ფილ­მის კინო-თე­ატ­რებ­ში ჩვე­ნე­ბა”ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში. 

თბილისში სამივე დღის სეანსის ბილეთები სრულად გაყიდულია. 

ერეკლე დეისაძე, “საიდუმლო სირობა”

ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობა” 2010 წელს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფე “ლიგამუსში” წიგნის პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, აქცია გამართეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, სტუდენტებმა და პოლიტიკოსებმა. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას და წიგნის გაყიდვიდან ამოღებას.

 

ლაშა ბუღაძე, “პირველი რუსი”

ლაშა ბუღაძის “პირველი რუსი” 2001 წელს დაიბეჭდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა” და გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვე არც არავის გახსენებია, მანამ, სანამ სრულიად მოულოდნელად ჯერ პრესის ფურცლებიდან არ დაიწყო თავდასხმები მწერალზე, ხოლო შემდეგ, ეს ყველაფერი გადაიზარდა სკანდალურ თოქ შოუებში, საპატრიარქოში დაბარებებსა და ლაშა ბუღაძის ეკლესიიდან მოკვეთის მოთხოვნებში. ამას ემატებოდა განხილვა საქართველოს პარლამენტში და მრევლი, რომელიც ბუღაძის ფიზიკური დასჯით იმუქრებოდა.

 

ლია უკლება “მარიამი სათამაშო პისტოლეტით”

ლია უკლებას “მარიამი სათამაშო პისტოლეტით”  2012 წელს შეიქმნა და სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო რამდენიმე გალერეაში, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების და, ამავდროულად, აგრესიის ქვეშ აღმოჩნდა 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს. 

“მარიამი სათამაშო პისტოლეტით”, ანუ “ქალწულის თვითმკვლელობა” 215 წლის 24 ოქტომბერს გამოიფინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამ გამოფენის შემდეგ მიიქცია ნახატმა საზოგადოებისა და საპატრიარქოს ყურადღება. ნამუშევარი ჩაითვალა “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად” და სხვადასხვა სახის მუქარა გაჟღერდა მხატვრის მისამართით. 

 

პერფორმანსი “სველი წრე”

2008 წელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ბაკალავრიატის დიპლომი პერფორმანსით “სველი წრე” მოიპოვეს. 

თავდაპირველად პერფორმანსი “ცისფერ გალერეაში” იყო დაგეგმილი, თუმცა სტუდენტები იქ არ შეუშვეს და ამიტომ ოთხი დღის შემდეგ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

10 წუთის განმავლობაში წრეში მსხდომი სტუდენტები ერთმანეთს საათის ისრის მიმართულებით, რიგ-რიგობით აფურთხებდნენ. ამ პერფორმანსმა საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.

ამ სტუდენტების დიდმა ნაწილმა ძალიან მალევე დატოვა საქართველო და საზღვარგარეთ განაგრძო მუშაობა და სწავლა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ვენეციის  57-ე ბიენალეზე ერთ-ერთი მათგანის, ვაჟიკო ჩაჩხიანის პერფორმანსი “ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში” იყო წარდგენილი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.