fbpx

თბილისის მე-20 კინოფესტივალი პირველ დეკემბერს დაიწყება


გააზიარე სტატია


თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში ჩატარდება.

ფესტივალს ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი “შანტაჟი” გახსნის, რომელსაც მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენებას დაესწრება  მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდიც.

ლეგენდარული ალფრედ ჰიჩკოკის “შანტაჟი” ნაწილია პროგრამისა “ბრიტანული სეზონი”, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება. 

“ბრიტანული სეზონი” მაყურებელს მისცემს საშუალებას, ნახოს როგორც კლასიკური, ისე უახლესი ბრიტანული ფილმები.

 

გარდა ამისა, ბრისტოლის კინოფესტივალთან და უოთერშედ ბრისტოლთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს დეფიქთ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

წელს თბილისის კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს. ჯილდოები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. 

კონკურსს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰიზერ სტიუარტი.

წლევანდელ ფესტივალზე ასამდე ფილმი იქნება წარმოდგენილი სექციებში: ევროპული კინოფორუმი, ამერიკები, „ორიზონტები, რეჟისორი ფოკუსში, ქვეყანა ფოკუსში, ქართული პანორამა, აპოლო: კინომეხსიერება და განსაკუთრებული კინოჩვენებები.

კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრომეთე გადაეცემათ კარლოს რეიგადასს, სტივენ ფრირზს და ირაკლი კვირიკაძეს.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.