fbpx

10 გზა საჯაროდ გამოსვლის შიშის დასაძლევად


გააზიარე სტატია

საჯარო გამოსვლის შიში ერთ-ერთი გავრცელებული ფობიაა მსოფლიოში. ამის მიუხედავად, არსებობს ოქროს წესები, რომლებიც შიშის დაძლევაში თუ არა, მის მკვეთრად შემცირებაში მაინც დაგეხმარებათ. განვიხილოთ 10 გზა, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ  გახდეთ ბევრად უკეთესი საჯარო გამომსვლელი, ვიდრე ხართ: 

 

 

#1. ნერვიულობა ნორმალურია,  აუცილებელია მხოლოდ სათანადოდ მომზადება

ყველა ადამიანი გრძნობს ფიზიოლოგიურ რეაქციებს – გულისცემას და ხელების კანკალს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის გამო ვერ გამოავლენთ თქვენს შესაძლებლობებს. ადრენალინი, რომელიც საჯარო გამოსვლამდე გაწვებათ, პირიქით, უფრო გაფხიზლებთ,  ამიტომ ზოგიერთი ფიზიკური რეაქცია თქვენთვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს.

მთავარი იდეა არის ის, რომ სათანადოდ მოემზადოთ. განსაზღვრეთ და დაუთმეთ გარკვეული დრო მეცადინეობას, ხოლო მას შემდეგ, რაც ტექსტური მასალის ათვისება თქვენთვის პრობლემა აღარ იქნება, ჩაწერეთ ვიდეო და დააკვირდით საკუთარ თავს – ამით უფრო ნათლად დაინახავთ თქვენს შეცდომებს. ასევე შეგიძლიათ,  მეგობარს სთხოვოთ, რომ შენიშვნები მოგცეთ.  

 

#2. შეისწავლეთ  აუდიტორია – საჯაროდ  მათთვის გამოდიხართ და არა საკუთარი თავისთვის

სანამ  ტექსტური მასალის მომზადებას დაიწყებთ, მანამდე განსაზღვრეთ სამიზნე  აუდიტორია. შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი თქვენი მსმენელის შესახებ. ეს დაგეხმარებათ, რომ შეარჩიოთ სწორი სიტყვები და მიდგომები. 

 

#3. შეადგინეთ  მასალის სტრუქტურა,  რათა საბოლოო მიზანს მიაღწიოთ 

შეადგინეთ  სიტყვით გამოსვლის სტრუქტურა. ჩამოწერეთ შემდეგი პუნქტები: თემის სათაური, მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ საუბრის  შემდეგ, ცენტრალური იდეა და ძირითადი პუნქტები, რომლებზეც უნდა ისაუბროთ. დაიმახსოვრეთ, რომ საუკეთესო ვარიანტში, აუდიტორიის ყურადღება პირველივე 30 წამში უნდა მიიქციოთ და სტაბილურად შეინარჩუნოთ, ამიტომ  დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

#4. დააკვირდით მსმენელთა რეაქციებს  და გამოიყენეთ იმპროვიზაციისთვის 

ყურადღება გაამახვილეთ აუდიტორიაზე. შეაფასეთ მათი რეაქციები, “მოარგეთ” თქვენი მესიჯები მათ და იყავით მოქნილი. გახსოვდეთ, რომ დაზეპირებული სიტყვით გამოსვლის შემთხვევაში, აუდიტორიის ყურადღებას დაკარგავთ, ზოგჯერ იმპროვიზაციაც საჭიროა.

 

#5. გამოხატეთ თქვენი პიროვნება

საკმაოდ მარტივი წესია: უბრალოდ, იყავით საკუთარი თავი და არა მოლაპარაკე პიროვნება, რომელიც არავის უსმენს. აუდიტორიაში ნდობას აღძრავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს პიროვნულობას გამოავლენთ. ამის შემდეგ  ისინი აუცილებლად დაიჯერებენ თქვენს სიტყვებს, რადგან აღგიქვამენ როგორც რეალურ ადამიანს და არა რობოტს.

 

 #6. გამოიყენეთ იუმორი, უამბეთ  რეალური ამბები ეფექტურად  

თუ პრეზენტაციას ჯანსაღი იუმორით წარმართავთ,   რა თქმა უნდა, აუდიტორიის ყურადღებასაც დაიმსახურებთ. ადამიანებს უყვართ ამბების მოსმენა. 

 

#7. არ წაიკითხოთ ტექსტი,  სანამ თემის გახსენება არ დაგჭირდებათ 

საჯარო გამოსვლისას  ტექსტის ან სლაიდების კითხვა ანგრევს ინტერპერსონალურ კავშირს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ “ბულეტებად” ჩამოწერილი თემები, რომელსაც ჩახედავთ და სალაპარაკო თემას გაიხსენებთ ხოლმე, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ საერთოდ არ წაიკითხოთ და მსმენელებს  ზეპირად ესაუბროთ, თან აუდიტორიას უყუროთ.  

 

#8. დააკვირდით არავერბალურ მეტყველებას 

აკონტროლეთ  ხმის ტემბრი და რაც მთავარია  სხეულის ენა, რომელიც თქვენს ნერვიულობაზეც შეიძლება მეტყველებდეს. 

 

#9. მიიპყარით  აუდიტორიის ყურადღება დასაწყისიდანვე და შეინარჩუნეთ ბოლომდე 

თქვენ მოგეწონებოდათ ასეთი დასაწყისის მოსმენა? – “დღეს მე ვისაუბრებ  X თემაზე” – ადამიანების უმეტესობას ეს არ მოსწონს. ამის ნაცვლად, დასაწყისშივე გამოიყენეთ სტატისტიკა, ანეკდოტი ან მოკლე ციტატა. დაასრულეთ თქვენი გამოსვლა შემაჯამებელი და ძლიერი განცხადებით, რომელიც  აუდიტორიას დაამახსოვრდება. 

 

#10. არასდროს დანებდეთ

აუდიტორიასთან ურთიერთობა არასდროსაა სრულყოფილი და ამას არც არავინ მოელის თქვენგან.  გახსოვდეთ, რომ თუ მომზადებას მეტ დროს დაუთმობთ, აუცილებლად გააუმჯობესებთ თქვენივე უნარებს. შესაძლოა  ნერვიულობა ბოლომდე ვერ დასძლიოთ, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებთ. 

ორიგინალი: https://www.extension.harvard.edu

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.